პირველი მფრინავი ამიერკავკასიაში: ბესარიონ ქებურია

ბესარიონ ქებურია (დაიბადა. 15 თებერვალი, 1870, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ქვედა ჩხოროწყუ — გარდაიცვალა. ქ. თბილისი, 1957) — პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი.
ბიოგრაფია

დაიბადა 1870 წლის 15 თებერვალს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, დურგალ სავლე ქებურიას ოჯახში. თავის სოფელში ორი წლის სწავლის შემდეგ, დეკანოზ ანტონ ვეკუასთან გააგრძელა. 14 წლის ასაკში ჩხოროწყუდან გაჰყვა მწყემსებს ფოთში. იქ ჩასულმა პირველად დაინახა მატარებელი, რამაც იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვზე, რომ რკინიგზის მშენებლობაზე დარჩენა გადაწყვიტა. ინჟინერ სლივიცკის დახმარებით, რომელიც ელდარ და გიორგი შენგელაიების ბიძა იყო, ახალი პროფესიის დაუფლებას შეუდგა. 1898 წელს პეტერბურგში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და მიიღო რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება. ამ პერიოდში შეირთო ულამაზესი გორელი გოგო – სოფიო შიუკაშვილი, რომელთაც ეყოლათ სამი ვაჟი.

საავიაციო კარიერა

1908 წელს საკუთარი ხელით აგებს პლანერს და აფრენის ცდებს ატარებს საბურთალოს მთებიდან. 1909 წელს, როდესაც მსოფლიო მოიცვა სენსაციამ, რომ ფრანგი ავიატორი ლუი ბლერიო, საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით გადაფრინდა საფრანგეთიდან ინგლისს, ბესარიონმა გაყიდა ყველაფერი, თუ რამე ებადა და შეგროვილი თანხით პარიზს გაემგზავრა. ულამაზესი მეუღლე და სამი ვაჟი მარტო დაუტოვებია. 1909 წელს საავიაციო სკოლა სულ 16-მა კაცმა დაამთავრა და 1910 წლის აგვისტოს, ბესარიონ ქებურია გახდა 209-ე მფრინავი ავიატორი. დამოუკიდებელი ფრენების შესასრულებლად აუცილებელი იყო საფრენოსნო სკოლის დამთავრება. პარიზის ლუი ბლერიოს საფერენოსნო სკოლაში სწავლას დიდი თანხა (2600 ფრანკი) სჭირდებოდა. თანაც ყოველი ავარიის ასანაზღაურებლად მოსწავლეებს აჯარიმებდნენ. გარდა ამისა, მათ აეროპლანის საყიდელი თანხაც უნდა დარჩენოდათ, ავარიები კი ხშირად იყო. ბესარიონმა პრობლემა ასე მოაგვარა: თავიდანვე შეისყიდა ბლერიოს X-ტიპის მონოპლანი (25 ცხენისძალიანი მოტორით. უფრო ძლიერი ძრავისთვის ფული არ ეყო) და სრულიად მოუმზადებელმა შეასრულა პროგრამა — რვაჯერ შემოუფრინა აეროდრომს და ზუსტად ასი მეტრი დიამეტრის წრეში დაფრინდა.

აღფრთოვანებულმა ბლერიომ მას ძრავის სათადარიგო ნაწილები აჩუქა. მეტიც, მან კურსდამთავრებული წარუდგინა საფრანგეთის პრეზიდენტ ფალიერს, რომელმაც ქებურიას გზა დაულოცა.

ბესარიონ ქებურიას ორივე მშობლის ხელობა გამოადგა — პროპელერს თავისი ხელით აგებდა და მრავალ კატასტროფაში მიღებულ ტრავმასაც თვითონ მკურნალობდა.

1913 წლის დამდეგს, ქებურიამ უკანასკნელად მოაწყო საჩვენებელი ფრენა ბათუმში. დიდ სიმაღლეზე ძრავა გაჩერდა და ბესარიონი პლანირებით ზღვაში დაეშვა. როცა მეზღვაურებმა მიუსწრეს, ქებურია უკვე იხრჩობოდა, მაგრამ თვითმფრინავს ხელს არ უშვებდა. მისთვის მთავარი იყო ძრავის გადარჩენა. მას სიცოცხლე ფრენის გარეშე ვერ წარმოედგინა, მაგრამ ომის დაწყებამ მისი გეგმები ჩაშალა. არსებობს ვერსია, რომ ბესარიონ ქებურიამ გამოცდის ჩაბარების დროს პირველმა შემოუფრინა ეიფელის კოშკს… 20-იან წლებში, ქებურია უკავშირდება ეიფელის ფირმას და მათგან რკინის ასაკრეფი ხიდის კონსტრუქციას ყიდულობს. ცემსა და ლიკანში რკინის ხიდები, საფრანგეთიდან გამოგზავნილი კონსტრუქციით, ქებურიას დამსახურებით აიგო. ბესარიონ ქებურიას შემდეგ ლუი ბლერიოს საფრენოსნო სკოლა, კიდევ რამდენიმე ქართველმა დაამთავრა.

1923 წელს ქებურია საჰაერო ფლოტის თავმჯდომარედ აირჩიეს. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. მოგვიანებით თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უწოდეს. ქებურიას ძეგლები დგას ჩხოროწყუში და თბილისის აეროპორტში.

გარდაიცვალა 1957 წელს 88 წლის ასაკში, თბილისში. დაკრძალულია მშობლიურ რაიონში.