სამსონ დადიანი დადიანების მანუჩარისეულ შტოს განეკუთვნებოდა. მისი მამა პლატონ ალექსანდრეს ძე დადიანი მანუჩარ მეორე დადიანის შვილიშვილი იყო. პლატონი 1905 წლის გლეხთა აჯანყების დროს მოუკლიათ, სამსონი კი სოციალისტ- ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
ის მოიდანახეში ( სხვა ვერსიით მუხურში ) 1886 წლის 23 დეკემბერს (ძველი სტილით) დაიბადა . დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. 1908 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობიდან ჩაერთო რევოლუციურ საქმიანობაში.
სამსონ დადიანი 1908 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრია. პეტერბურგის ოხრანკის სათვალთვალო ჟურნალებში გატარებულია „Нарзан“-ის მეტსახელით.
1909 წელს ტფილისში პოლიტიკური საბაბით იყო დაპატიმრებული .
1910 წელს სტუდენტური ორგანიზაციის რამდენიმე უკრაინელი წევრთან ერთად დააპატიმრეს და „ოხრანკაში“ ერთი კვირის გატარება მოუწია.
ორგანიზაციული საქმიანობის გარდა, აქვეყნებდა სტატიებს ქართულ პერიოდულ გამოცემებში „ს. დადიას“, „ს. და-ნის“, „ს. დ-ნის“, „ს. დ-ის“, „და-ნის“ და „შან-დიანი“-ს ფსევდონიმებით.
1913 წელს ჟურნალ „განათლებაში“ დაიბეჭდა მისი გამოკვლევა „საზოგადოებრივი აზრები XIX საუკუნის სიტყვაკაზმულ მწერლობაში“; ცენზურამ ეს ნომერი ამოიღო, ხოლო რედაქტორი და ავტორი ძლივს გადაურჩნენ დაპატიმრებას.
სოციალისტ-ფედერალისტთა მთავარ ბეჭდვით ორგანოში – „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა მისი ლექცია – „უნიტარული და ფედერაციული რესპუბლიკა“; ბეჭდავდა წერილებს „შინაურ მიმოხილვაში“.
1915 წლიდან ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს;
1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.
1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით; იყო შრომის და საკონსტიტუციო კომისიების წევრი.
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შექმნაში. პარლამენტში ყოფნის დროს ინციდენტი მოუვიდა ბენია ჩხიკვიშვილთან , რომელიც მას იარაღით ემუქრებოდა.
1921 წელის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში.
1921 წლის აპრილში სამხედრო ტაძრის ეზოში თბილისის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცებისა და ოფიცრების 40 დღის აღსანიშნავ სამგლოვიარო დემონსტრაციაზე წარმოთქვა სიტყვა, რის გამოც საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) დააპატიმრა რამდენიმე დღით.
1921 წლის ბოლოდან იყო ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათა შორის მოლაპარაკებების პროცესის აქტიური მონაწილე.
1922 წლის 10 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის წლისთავის აღნიშვნის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად ჩეკამ იზოლაციის მიზნით დაიწყო ანტისაბჭოთა პარტიების ლიდერთა და აქტიური წევრების დაპატიმრება; სამსონ დადიანი დააპატიმრეს 10 თებერვალს, თბილისში, საკუთარ სახლში.
1922 წლის 15 მარტს საქართველოს ჩეკას პრეზიდუმმა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა იზოლაციის წესით. იჯდა მეტეხის #2 „გამასწორებელ სახლში“, საიდანაც გაათავისუფლეს 1922 წლის 22 აგვისტოს.
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის დაარსების შემდეგ იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წარმომადგენელი დამკომში.
მეორედ დააპატიმრეს 1923 წლის თებერვლის დასაწყისში და რამდენიმე კვირა იჯდა ჩეკას შიდა საპატიმროში.
სამსონ დადიანი დამფუძნებელი კრების დეპუტატებთან – ოსიკო ბარათაშვილსა და კირილე ნინიძესთან – ერთად 1924 წლის მარტში იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო პირთა ჯგუფს და კათოლოკოს-პატრიარქ ამბროსის; საბჭოთა რეჟიმი მათ ანტისაბჭოთა პროპაგანდასა და საეკლესიო განძეულობის გადამალვაში სდებდა ბრალს.
დამოუკიდებლობის კომიტეტში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების საკითხის დასმისას სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის სახელით უარი განაცხადა აჯანყებაში მონაწილეობაზე, თუმცა პარტიის წევრებს მიეცათ უფლება, პირადი შეხედულებისამებრ ემოქმედათ.
საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე მიმდინარე ე. წ. „პარიტეტული კომიტეტის პროცესზე“ სამსონ დადიანი სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად გაასამართლა 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით; სასამართლომ ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო იგი პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა.
შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში; იყო დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი.
დიდი საბჭოთა ტერორის დროს სამსონ დადიანი დააპატიმრეს სოციალისტ-ფედერალისტთა კონტრრევოლუციური იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.
საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) სამსონ დადიანს 1937 წლის 10 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა.
დახვრიტეს 11 დეკემბრის ღამეს.
გამოყენებულია ეროვნული ბიბლიოთეკისა და ცენტრალური არქივის ცნობები