ნუგზარ ჟვანია ხაბუმეს “თუთარჩელას” იხსენებს

ხაბუმე ყოველთვის იყო რაიონული გუნდის საბაზისო სოფელი. აქ ფეხბურთი ძალიან

უყვართ და არა ერთი კარგი ფეხბურთელი აღზრდილა.

თითოეული ხაბუმელის ოცნება იყო საქართველოს პირველობაზე მონაწილეობა და ამის შესაძლებლობა მოგვეცა იმ საუკუნის ბოლოს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და შეიცვალა პოლიტიკური მდგომარეობა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირს პირველად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეყო და დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარება იწყო.

 ეს საკითხი 1990 წლის თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე გადაწყდა, რომლის დელეგატიც გახლდით.

ხაბუმელობა 2019

1991 წელს ახალი წესდების თანახმად ნებისმიერ სოფელს, შრომით კოლექტივს შეეძლო მონაწილეობა მიეღო საქართველოს პირველობის მე-2 ჯგუფში. ეს ის დროა, როცა ხელისუფლებაში მოსულია ეროვნული ძალები ზვიად გამსახურდიას მეთაურობით და ყოველ ახალ წამოწყებას მხარს უჭერენ. მაშინ ხაბუმის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა ფეხბურთზე ძლიერ შეყვარებული ნუგზარ (ცოცი) შენგელია. იგი მოვიდა ჩემთან, როგორც სპორტულ ჟურნალისტთან და გამანდო თავისი ჩანაფიქრი—სურდა ჩამოეყალიბებინა ფეხბურთის გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა საქართველოს ჩემპიონატში.

 მე ავუხსენი ყველა სირთულე, რომელიც ახლდა ასეთი გადაწყვეტილების შესრულებას, მაგრამ იგი ყველაფრისათვის მზად იყო. ხარჯებს კოლმეურნეობის სახსრებით უზრუნველყოფდა, ხოლო თანადგომას ჩემგან ითხოვდა.

მე უნდა ვყოფილვიყავი გუნდის პრეზიდენტი და ოფიციალური და არაოფიციალური მხარეები უნდა მომეგვარებინა. მშობლიური სოფლის სიყვარულმა გადამაწყვეტინა დავთანხმებოდი შემოთავაზებულ წინადადებას.

ჩვენ ასევე დახმარება ვთხოვეთ ამირან ჯალაღონიას, რომელიც მაშინ რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. მას ოფიციალურად არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო გუნდის მართვაში, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა, ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, გვეკეთებინა კარგი საქმე.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს გუნდები. აი ისინიც: ტყვარჩელის ,,ლაშკანდარი”, დიდიჭყონის ,,მამული”, დარჩელის ,,ჩელა”, ფოთის ,,კოლხეთი 2″, ზუგდიდის ,,უქიმერიონი”, გულირიფშის ,,კოლხი”, სოხუმის ,სუბტროპიკი”, ხობის ,,კოლხეთი 2″, აბაშის ,,ზანა”, სამტრედიის ,,სამტრედია”, ჭიათურის ,,საპოვნელა”, წალენჯიხის ,,ზღვაია”, ბანძის ,,ოჯალეში”, გალის ,,ჭუბურხინჯი”, მარტვილის ,,ჭყონდიდი”, ზუგდიდის ,,აისი”. ჩემპიონატი

22 მარტს დაიწყო და ორ ტურად ჩატარდა. საბოლოო შედეგით მე-6 ადგილი

დავიკავეთ. შინ ყოველ მატჩს 1000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. ვათამაშებდით ლატარიას, დაწესებული გვქონდა საუკეთესო ფეხბურთელებისათვის პრიზები და სხვ.

პირველ რიგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გუნდი რეგისტრაციაში იყო გასატარებელი, სადაც მე და ამირანი წავედით და ყველა ფორმალური მხარე მოვაგვარეთ, რაზეც დიდი თანადგომა გაგვიწია ცნობილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ. საჭირო გახდა გუნდის სახელწოდების შერჩევა. სახელი „თუთარჩელა” მე მოვიფიქრე, რაც ყველას მოეწონა.

ჩემპიონატის დაწყებამდე წესრიგში მოვიყვანეთ სტადიონი, მოვაწყვეთ გასახდელი ცხელი და ცივი წყლით, მავთულბადით გამოვაცალკავეთ ტრიბუნები სათამაშო მინდვრიდან, გავაკეთეთ რადიოფიცირება, გამოვეცით და გულშემატკივრებს უფასოდ დავურიგეთ ცნობარი, სადაც ყველა ფეხბურთელის სურათი იყო დაბეჭდილი, მოკლე ტექსტი გუნდის შესახებ და ჩემპიონატის კალენდარი. მსგავსი სახის ცნობარს უმაღლესი გუნდის კლუბები თუ აკეთებდნენ.

მართალია, პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე არ არის შესრულებული იმ დროის ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაგრამ დღესაც არ დაუკარგავს

თავისი მნიშვნელობა, რამეთუ ფაქტების უტყუარი დოკუმენტია. ერთი სიტყვით უმოკლეს დროში ყველა პრობლემა მოვაგვარეთ. გუნდში მთავარ მწვრთნელად მოვიწვიეთ ახუთელი აჩიკო ჩიტაია, მწვრთნელად ლერი ჩხარჩხალია, რამდენიმე ფეხბურთელი მეზობელი სოფლებიდან თუ რაიონებიდან.

კერძოდ, სენაკის რაიონიდან მ. ჯიშკარიანი, გ. თათარაშვილი, ზ. სანაია, ზ. ცხვიტავა; დათო ჩარკვიანი- ზუმიდან, მერაბ ხუბუა -ახუთიდან, დათო კვარაცხელია, ლევან თოლორდავა -მუხურიდან, კახა ხარებავა- ლესიჭინიდან, ზაზა შენგელია- ჭოღიდან, ხაბუმელები ზაალ ვახანია, კახა ქარჩავა, ვიტალი ჩალიგავა, სილოვან ჭეჟია. ესენი იყვნენ ,,თუთარჩელას” პირველი შემადგენლობა, რომელიც შემდგომ ბევრჯერ შეიცვალა.

,,თუთარჩელამ” მეორე წელსაც წარმატებულად იასპარეზა. პირველი წლის ბოლოს მე გუნდის პრეზიდენტობას თავი დავანებე, რადგან მაშინ ,,ლელოს” კორესპონდენტად ვმუშაობდი და ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. ამ თანამდებობაზე რობერტ ყალიჩავა აირჩიეს და მან კარგად გააგრძელა ესტაფეტა. შემდგომ დაიწყო საშინელი სამოქალაქო ომი, რომელმაც

შავი დაღი დაამჩნია არამარტო ფეხბურთს, არამედ ქვეყანას, რომლის იარები დღესაც გვახსენებენ თავს. ეს წლები საუკეთესო მოგონებად დარჩებათ ხაბუმელებს, რადგან მათმა გუნდმა სახელოვნად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატში და მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა.

ამ დიდ საქმეში გვერდით გვედგა ყველა ხაბუმელი, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რევაზ ჩალიგავას, კოტე სანაიას, ველოდი ნაჭყებიას და სხვათა მხარდაჭერა. თავი და თავი მაინც ნუგზარ შენგელია იყო, რომელმაც გამოიჩინა საოცარი ენთუზიაზმი და სრული სპონსორობა გაუწია გუნდს. ,,წინააღმდეგობა მქონდა, მაქილიკებდნენ: რა ეფეხბურთება საქმეს მიხედოსო. მე მათ არ მოვუსმინე. ადამიანები წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ სოფელს, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ სპორტის ასაღორძინებლად, ფული კი იხარჯებოდა. გავრისკე და ვფიქრობ ცუდად არ გამომივიდა. რომ არა  ქვეყნის აშლილობა წარმატებით გავაგრძელებდით ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას და არაერთ სპორტსმენს გავუხსნიდით გზას დიდი ფეხბურთისაკენ. ფეხბურთისა და სოფლის სიყვარულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი”

_ თქვა ჩვენთან საუბარში ნუგზარ შენგელიამ. იგი დღესაც რჩება ფეხბურთის ნაღდ, ჭეშმარიტ გულშემატკივრად.

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა