ცხენისა და კაცის ურთიერთობაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. საუკუნეების მანძილ ზე იქმნებოდა და ვითარდებოდა ცხენოსნური სპორტის კულტურა, რომელსაც საბრძოლო მომზადება ედო საფუძვლად.
ამაზე ისტორიული დოკუმენტები, არქეოლოგიური მასალები მეტყველებენ. ბერძენი მწერლის როდოსელის „არგონავტიკაში” აღწერილია თუ როგორ ასპარეზობას ატარებდნენ არესის ველზე კოლხი მეომრები. არც ის არის ლეგენდა რომის იმპერატორმა ადრიანემ ქართველი მხედრების ვარჯიშით აღტაცებულმა მარსის ველზე ფარსმან მეფის ქანდაკება რომ დადგა. მე-19, მე-20 საუკუნეებში ქართველები წარმატებით გამოდიოდნენ მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის ქალაქების ცირკ-იპოდრომებზე.
ცხენოსნობა ტრადიციულად ტარდებოდა ჩვენში სახალხო დღესასწაულებზე, „იარმუკობაზე.” განსაკუთრებით დიდი ინტერესი ახლდა ლელო ბურთს, რომელშიც ბორის პაპასკირი სხვა და სხვა სოფლის ახალგაზრდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
არ არის დასამალი, საბჭოთა ხელისუფლებამ სპორტის ამ სახეობას პირველი წლებიდან მიაქცია ყურადღება. ჯერ კიდევ1923 წელს საქართველოში შეიქმნა ცხენ გამოცდის კომიტეტი და აღდგა თბილისისიპოდრომი, სადაც იმავე წელს ჩატარდა დოღი.
შემდგომ წლებში ტრადიციად იქცა მსგავსი შეჯიბრების ჩატარება. მხოლოდ დიდი სამამულო ომის წლებში არ ჩატარებულა ცხენოსნური ასპარეზობები.
ფაშიზმზე გამარჯვების შემდგომ კვლავ აღდგა ტრადიცია. უფრო მეტიც, მთელ ქვეყანაში გაიშალა მასშტაბური ღონისძიებანი
ამ მიმართულებით. გაიხსნა სპორტული სკოლები, სექციები, აშენდა იპოდრომები, ყველა რაიონს, კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს ჰყავდა სპორტული ცხენები, გუნდები. ტარდებოდა როგორც შიდა რაიონული, ისე რესპუბლიკური და საკავშირო შეჯიბრებები. დიდი ყურადღება ექცეოდა ადგილობრივი ჯიშის—მეგრული და თუშური ცხენების გამოყვანას.
ამ მიზნით ცალკე ტარდებოდა სპარტაკიადა ეროვნულ სახეობაში, სადაც სავალდებულო იყო მხოლოდ ეროვნული ჯიშის ცხენებით ასპარეზობა. აქ იმართებოდა შეჯიბრებები ცხენბურთში (გადრი), ისინდში, მარუბორისლაში, ყაბახში, თარჩიაში, მკერდაობაში, მოქნევაში, ჩეხვაში, დაბრკოლებათა გადალახვაში, მიპატიჟებაში, ცხენოსნის ვარჯიშში და სხვ.
საქართველოში თითქმის ყველა რაიონს ჰყავდა ცხენოსანთა გუნდი. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ქუთაისის, აბაშის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ოჩამჩირის, გალის, გუდაუთის, გულირიფშის გუნდები. ეროვნული ნაკრების უცვლელი კაპიტანი იყო ცნობილი მხედარი და სპორტსმენი, ზუგდიდელი საშა დარასელია. წალენჯიხის მეურნეობის დირექტორი ბრძანდებოდა ვალერი ჭანტურია, რომელმაც შექმნა შესანიშნავი გუნდი. მან ძვირად ღირებული ბედაურები შეიძინა, რომლებიც რესპუბლიკაში პირველობდნენ. როცა ვალერი პირველი მდივანი გახდა. სტადიონის მიღმა, ვრცელ ტერიტორიაზე იპოდრომი მოაწყო და არაერთ შეჯიბრებას უმასპინძლა. მან მთელი რაიონის სამეურნეო ხელმძღვანელებს მაგალითი მისცა განევითარებინათ უძველესი, ეროვნული სპორტული სახეობა. ამ დიდმა პიროვნებამ არა ერთი ნარკვევი გააკეთა ადგილობრივ ტელევიზიაში სპორტის სხვადასხვა სახეობისა, მათ შორის ცხენოსნობისადმი, რომელიც მთელი სამეგრელოს საცხენოსნო სპორტის ისტორის ნაწილია.
საცხენოსნო სპორტის სპეციალისტი და მკვლევარი გახლდათ ზუგდიდელი გოგი ჭეჟია, რომელიც ეროვნული კატეგორიის მსაჯი იყო. მან შეიმუშავა სპორტის ამ სახეობის განვითარების კონცეფცია, რომელიც მოიწონა რესპუბლიკის ფედერაციამ და საკითხი მომზადებული იყო მინისტრთა საბჭოში წარსადგენად, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და პროექტი განუხორციელებელი დარჩა. თუ კი ამ სფეროს განვითარება გვინდა, გოგი ჭეჟიას მიერ მომზადებული პროექტი და ვალერი
ჭანტურიას სატელევიზიო ნარკვევი მეტად წაადგება ეროვნული ღირსების ამ სპორტული სახეობის აღორძინებას.
ჩვენი რაიონის გუნდს თავკაცობდა ქვედა ჩხოროწყუელი ბორის პაპასკირი, რომელიც თავისი სოფლის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე იყო. შვილებსაც შეაყვარა სპორტი. ბონდო კარგი ფეხბურთელი იყო, შემდგომში სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს” თავმჯდომარედ მუშაობდა,
ბენო კი რესპუბლიკაში სახელოვანი მხედარი იყო. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა.
1959 წელს მოსკოვშისაკავშირო შეჯიბრებაზე მარულაში, მეორე ადგილი დაიკავა და მარშალმა ბუდიონმა პირადად გადასცა საპატიო სიგელი. (ეს ფაქტი გაშუქდა საკავშირო და რესპუბლიკურ პრესაში, სამწუხაროდ, ფოტო დაიკარგა, ვიღაც ჟურნალისტმა თუ ცხენოსნობის მკვლევარმა ოჯახიდან წაიღო და არ დააბრუნა).
უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ, თუ როგორ ტარდებოდა მარულა ქვედაჩხოროწყუს ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ ჰაეროდრომზე. დილიდან იწყებდნენ სოფლებიდან ცხენოსნები სვლას. ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მხედრები ოქრო-ვერცხლით გაწყობილი ლაგამ-უნაგირებიან, ასპარეზობა მოწყურებულ ცხენებს ძლივს აკავებდენ. ჩორთით, თოხარიკთ მოდიოდნენ, გზაშიც აკეთებდნენ „ტრიუკებს”. ბავშვები ჟივილ-ხივილით ზედ ფეხებში “უძვრებოდნენ” ცხენებს.
შეჯიბრების მთავარი სანახაობა მარულა, დოღი, ისინდი, მკერდაობა იყო. გარდა ამისა მხედრები სხვა ეროვნულ სახეობებთან ერთად საცირკო ნომრებსაც ასრულებდნენ, რაც სპორტსმენების მაღალ ოსტატობაზე მიანიშნებდა.
დეტალურად ამ ასპარეზობის აღწერა მოკლე სტატიაში ძნელია, მაგრამ შევეცადე ზოგადი წარმოდგენა მიმეცა მკითხველისათვის.
უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც, ჩინებულად ფლობდნენ სპორტის ამ სახეობას და რაიონის ღირსებას იცავდნენ სხვა და სხვა ქალაქების იპოდრომებზე. ჩხოროწყუელთა სახელით გამოდიოდნენ ნოე გოგუა, ხუტა ჭკადუა, კვიცა ჩიქოვანი, ჯუკა პაპასკირი, ჩოქონ თოლორდავა, მახუ დარსალია, შოთა ჯიჯელავა, ჭიჭიკო გობეჩია, ვალა გოგუა, ჩაქუ მამფორია, კლიმენტი კვარაცხელია, სამსონ გახარია და სხვ. გუნდის
უცვლელი კაპიტანი იყო ბორის პაპასკირი, რომელიც თეთრ ჩოხა-ახალუხ-ში გამოწყობილი თეთრ ცხენზე იჯდა. (პატიებას ვითხოვ იმ ადამიანთა სულების წინაშე, ვინც უნებლიედ გამომრჩა). ცხენი „კაპიტუსიც” გვახსოვს, რომელიც გამორჩეულად ასპარეზობდა და ყოველთვის გამარჯვებული ტოვებდა არენას.
კოტე ყურაშვილი, რაიონის სპორტ კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე იხსენებს: „ცხენოსნობას რაიონის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევდა. ამ მიმართულებით სერიოზულ მუშაობას ვეწეოდით.
ყველა კოლმეურნეობას, საბჭოთა მეურნეობას უნდა ჰყოლოდა ერთი ან ორი სპორტული ცხენი, რომელზეც მიმაგრებული იყო მომვლელი. სპორტსმენები ასეთ მომვლელებს არ ენდობოდნენ და თავად იმაგრებდნენ. მათ საოცრად უყვარდათ ცხენი. მას სათუთად უვლიდნენ, წვრთნიდნენ, გარდა ვარჯიშისა სხვა სამუშაოს არ შეასრულებინებდნენ. მიუხედავად ამისა, ენთუზიაზმით შორს ვერ წახვიდოდი, ამიტომ საჭირო იყო კვალიფიციური მწვრთნელი, რომელიც გუნდს სათანადო დონეზე მოამზადებდა. ამ მიზნით ფოთიდან მოვიწვიეთ გამოცდილი სპეციალისტი ვალიკო მაქაცარია, რომელმაც ჩვენს გუნდს არაერთხელ მოაპოვებინა გამარჯვება რესპუბლიკურ შეჯიბრებაზე”
სამწუხაროდ, მინელდა სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი და რაიონებში თითქმის არსად ფუნქციონირებს საცხენოსნო კლუბები.
ქალბატონი ნელი პაპასკირი, ჟურნალისტი, ბორის პაპასკირის შვილი იხსენებს: ,,მამაჩემი ცხენოსნობას გადაყოლილი იყო. ჯამაგირიც არ მოჰქონდა შინ. ოჯახი სასტუმროდ ჰქონდა გადაქცეული. ვინ არ გვყოლია,რესპუბლიკის სპორტ კომიტეტის ხელმძღვანელები, სხვადასხვა ქალაქების სპორტის მესვეურები, სპორტსმენები. როცა ბენომ მოსკოვში შეჯიბრება მოიგო მამამ დიდი წვეულება გამართა, რომელსაც საქართველოს ნაკრების თავკაცი კაპიტონ ნაჭყებია ესწრებოდა. აქვე იყვნენ ლეგენდარული მხედრები საშა დარასელია და გვეჯე ივანიძე, მეზობელი რაიონების
სპორტსმენები, პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელი მუშაკები. ამგვარი სუფრები ყოველი ღონისძიების შემდეგ იმართებოდა”.
ჩემს არქივში ინახება ქვედა ჩხოროწყუს მაშინდელი ბიბლიოთეკის გამგის ჯანიკო გოგუას მიერ ბორის პაპასკირის საუბრის ჩანაწერი, რომელსაც პირველად ვაქვეყნებთ:
,, 1959 წელს საქართველოს 35 კაციანი ცხენოსანთა გუნდი უნდა გაეგზავნა მოსკოვში საკავშირო სპარტაკიადაზე. ყველა რესპუბლიკა და ცხენ-ფერმა ესწრებოდა (უნდა მიეღო მონაწილეობა). თბილისის იპოდრომის სასადილოში კაპიტონ ნაჭყებიამ გამგზავრების წინ ვახშამი მოაწყო. აქ იყვნენ შოთა ჭანუყვაძე-სოფლის მეურნეობის მინისტრი, ალიო მირცხულავა, კონსტანტინე გამსახურდია, დემნა შენგელაია, ფარულავა – რესპუბლიკის
სპორტ კომიტეტის თავმჯდომარე, ისააკ კიზირია- სპორტ საზოგადოება ,, კოლმეურნეს” თავმჯდომარე, საშა დარასელია (ზუგდიდი ), შალიკო ალანია (სენაკი), გვეჯე ივანიძე (აბაშა) და სხვ. სუფრაზე კაპიტონ ნაჭყებიას სადღეგრძელო მხატვრულად წარმოთქვეს. მეც ჩემებურად ვცადე, ცალი ხელი ქამარ-ხანჯალზე დავიდე, მეორეთი ღვინის ჭიქა ავწიე და მეგრული ექსპრომტი ვუთხარი:
დუდიში ოსხუნური (კაპიტონ)
გისურენქ ოშ წანას, გირძეს,
ჯგიროიან რინას,
ჭერჭე, ჭერჭე სოფელიში
გურიშ ჩამას,
კუნტა დო დიდი საქვარიში
ჯგიროიან შესრულებას.
ირო ორდა, ჯგირო ორდა,
მტერეფიში ჭირო ორდა,
ლექსი დიდი არაფერი იყო, მაგრამ კარგად გამომივიდა და ტაშმაც იქუხა. ის მეორედაც მათქმევინეს. საკავშირო ოლიმპიადას სიმონ ბუდიონი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ჩვენი გუნდი ძალიან მოეწონა. განსაკუთრებით მოხიბლა ჩაცმულობამ, რაშიც პირველი ადგილი დავიკავეთ.
სხვა სახეობაშიც ავიღეთ პრიზები. მარულასა დოღში მეორე ადგილი დავისაკუთრეთ. ჩემმა შვილმა ბენომ 4 კილომეტრიან პიონერთა სახელობის დოღზე რომ გაიმარჯვა (ცხენი ,,სამუში”) პირადად ბუდიონმა გადასცა
პრიზი, რომელიც ახლა რესპუბლიკის სპორტ კომიტეტში ინახება. მოსკოვში ჩინეთის დელეგაცია ბრძანდებოდა, რომლის ხელმძღვანელს ჩვენი მიწვევა უნდოდა თავის ქვეყანაში. მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული, როცა პოლიტიკური ურთიერთობა გაფუჭდა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის. ცხადია, მიწვევაც ჩაიშალა.
ბორისს თეთრი ,,რაში” ჰყავდა, მერე თვალის ჩინი მოაკლდა. მახსოვს ცხენოსნობა რომ შეწყდა თავისით, ცეკვა-ცეკვით გარს უვლიდა სტადიონს, ამით ამჟღავნებდა თავის ნოსტალგიას. ეტყობა ცხენს დიდი სევდა შეუძლია…”
ჯანიკო გოგუა 26-6-1986 წ.
ჯანიკოს ეს ჩანაწერი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან უკეთესი არავის დაუტოვებია. ცხენოსნობა ძვირად ღირებული სპორტია, მაგრამ მისი ასე ხელაღებით მივიწყება არ შეიძლება. ეროვნული სახეობების აღდგენა არ იქნება დიდ სახსრებთან დაკავშირებული. სოფლებში ჯერაც არიან ადამიანები, რომლებმაც იციან ცხენოსნობის მადლი და ერთ დაძახებაზე გამოვლენ არენაზე, რითაც შევინარჩუნებთ ჩვენს ეროვნულ სპორტულ
კულტურას ცოტა რამ ჯანიკო გოგუას შესახებ: იგი ქვედა ჩხოროწყუს ბიბლიოთეკაში მუშაობდა. იყო ჩუმი, უპრეტენზიო, მაგრამ ნიჭიერი, ერუდირებული, მშობლიურქვეყნაზე უზადოდ შეყვარებული პიროვნება. წერდა ლექსებს, ნოველებს, ჩანახატებს, კორესპონდენციებს
რაიონული გაზეთისათვის. მართალია, მისი შემოქმედება ცალკე წიგნად არ დაბეჭდილა
გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ დღესაც ინტერესით იკითხება. პატრიოტიზმი, სიყვარულისა და სილამაზის გაუხუნარი თემაა მისი შთაგონების წყარო. მას ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო. ვაგლახ, რომ ვერ გაუძლო ცხოვრებისეულ პრობლემებს და ამ უთანასწორო ჭიდილში თავი დამარცხებულად იგრძნო. შემდეგ
რაც გააკეთა გამართლება არა აქვს…