ვაჟა(ვალო) ესართია
ის იყო სულით ხორცამდე სპორტსმენი, რომელსაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა.
მეკარისათვის საჭირო ყველა თვისება ჰქონდა, რომელსაც თამაშზე ამტკიცებდა და მინდვრიდან როგორც გმირი, ისე გამოდიოდა. მაყურებელი აღტაცებული რჩებოდა მისი ოსტატობით და სულაც არ მიკვირს მასზე მოარული ჭორ-მართალი. ამის „მიზეზი” თავად
გოლკიპერი იყო, რომელიც ყველას გვახსოვს თავისი ოსტატობით. მას ჭაბუკობიდან ეწვია
აღიარება. სკოლის მოსწავლე იყო, თითით საჩვენებელი ბიჭი რომ გახდა. მის სპორტულ
მიღწევებზე აღტაცებით ჰყვებოდნენ თავშეყრის ადგილებში, სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ბავშვები კუდში დასდევდნენ, ათას ტყუილ-მართალს ყვებოდნენ მასზე, თუ როგორ მოწყვიტა ცხრიანიდან ბურთი, როგორ გადაარჩინა წაგებას გუნდი. ამბობდნენ ჯერ მოსწავლეა, თორემ დოროხოვს თბილისის „დინამოში” მიჰყავსო, ქუთაისის „ტორპედოს” მწვრთნელს უთქვამს: ,,დღესვე წავიყვან ქუთაისში და სკოლას იქ დავამთავრებინებო” და სხვ. მიმიხვდით ალბათ ვისზე ვყვები _ ვაჟა (ვალო) ესართიაზე, რომელმაც სკოლის ასაკიდან დაიმკვიდრა ადგილი ჩხოროწყუს „კოლმეურნეში” და 15 წელი უცვლელად დარაჯობდა კარს. ვლადიმერ დოროხოვის ხელდასმით დაიწყო მან ფეხბურთში სერიოზულად ვარჯიში და მალე ფეხბურთის გულშემატკივართა კუმირი გახდა. მან დიდი დამსახურების მქონე ხუტა გულუა შეცვალა, რომელსაც ასაკი ემატებოდა და აუცილებელი გახდა შემცვლელი მეკარე. ჭორებს არ ავყვები, არც ის მინდა არგუმენტად რა პერსპექტივა ჰქონდა და რას ფიქრობდნენ მასზე სპეციალისტები. უბრალოდ მინდა ვთქვა: იგი იყო ულამაზესი მეკარე თავისი სპორტული
მონაცემებით. ჯერ მისი ფიზიკური აღნაგობა გავიხსენოთ: მაღალი, წელში მოყვანილი, გაშხვართული მკლავები, გრძელი თითებით, მწევარივით თვალები, სიტუაციაში სწრაფი გარკვევის უნარი, რაც ესოდენ სჭირდება ნამდვილ გოლკიპერს. საოცარი მომხიბვლელი ნახტომი ჰქონდა, ზამბარასავით გაიჭიმებოდა, აკრობატულ ნახტომს ოსტატურად ასრულებდა. ერთი სიტყვით, ყოველ თამაშზე სიურპრიზებს უმზადებდა მაყურებელს.
მისი სპორტული მონაცემები უყურადღებოდ არ დარჩენია ფეხბურთის სპეციალისტებს. რამდენჯერმე მოვიდა გამოძახება თბილისის „დინამოდან”, ქუთაისის „ტორპედოდან”, ჩამოვიდნენ და ადგილზე ნახეს, მაგრამ არ ისურვა სხვაგან თამაში, რასაც ზოგჯერ დედას აბრალებენ, ზოგჯერ რაიკომის პირველ მდივანს _ მიხეილ ცანავას. მთავარია, იგი მთელი თავისი ცხოვრება ემსახურა სპორტს, განსაკუთრებით ფეხბურთს და ასე დარჩა იგი ჩვენს მეხსიერებაში. ფეხბურთის თამაშის პარალელურად დაუსწრებლად დაამთავრა თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი და გუნდიდან წასვლის შემდეგ პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო. მრავალი წელი ქვედა ჩხოროწყუს საშუალო სკოლაში მუშაობდა ფიზკულტურის მასწავლებლად, სპორტ სკოლაში ნორჩ სპორტსმენებს ფეხბურთში ავარჯიშებდა, მშობლიურ „კოლმეურნეს” მწვრთნელად დაუბრუნდა, 1977 წელს სპორტ საზოგადოება „კოლმეურნეს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს,
ორი წლის მერე კი რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ დააწინაურეს.იყო სპორტსკოლის დირექტორი, რაიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი… მისი საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ სპორტთან იყო დაკავშირებული და ამ საქმეს მთელი გულით ასრულებდა. ჰქონდა დიდი ავტორიტეტი სპორტულ საზოგადოებაში, რადგან არასდროს უღალატია
სპორტული ღირსებისათვის, სიცოცხლის ბოლომდე დარჩა სპორტსმენად. ცალკე თემაა მისი საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული. თანატოლებს მისი მეგობრული ურთიერთობა ახსოვთ. მას ხომ ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ყველა თაობის ადამიანებთან, როგორც იტყვიან: დიდთან დიდი იყო პატარასთან პატარა. უხინჯო იუმორი ჰქონდა, უბრალოება და უშუალობა ალამაზებდა მის ფიზიკურ აღნაგობას. განუმეორებელი ქეიფი იცოდა, მოლხენა უყვარდა
და სხვასაც გადასდებდა ხალისიანობას.ვაგლახ, 63 წლის ასაკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, წავიდა ამ ქვეყნიდან მაშინ, როცა ჯერ კიდევ რამდენიმე წელი შეეძლო წარმატებითეღვაწა ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების სასარგებლოდ.
ლერი ჩხარჩხალია
ჩხოროწყუელებს ახსოვთ ლერი ჩხარჩხალია, როგორც კარგი სპორტსმენი, ისე კარგი
მოქალაქე. ვინც მას იცნობდა, ყველას გული წყდება მის ტრაგიკულ ცხოვრებაზე. ეულად
გაატარა სიცოცხლის საუკეთესო წლები, რომელსაც თან გააყოლა ყველაფერი ის, რითაც გამოირჩეოდა.
ლერის ნამდვილად შეეძლო ეთამაშა დიდი ფეხბურთი, მაგრამ ობიექტურმა თუ სუბიექტურმა მიზეზებმა იგი რაიონში ჩაკეტა. იყო დრო, როცა მისი ვარსკვლავის ამობრწყინებას სპეციალისტები წინასწარმეტყველებდნენ,
„ლელო” პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევდა, ქუთაისის „ტორპედოს”
მთავარი მწვრთნელი ნორაკიძე დიდ იმედებს ამყარებდა მასზე. ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა, უხაროდა ორი ბრწყინვალე ახალგაზრდა რომ შემოემატა _ მურთაზ ხურცილავა გეგეჭკორიდან (მარტვილი) და ლერი ჩარჩხალია ჩხოროწყუდან. ყველამ დაინახა, თუ როგორ გაუმართლა იმედები მურთაზმა, ლერი კი ავად გახდა და დროებით დაემშვიდობა გუნდს, რომელიც ყოველთვის ტრამპლინს უმზადებდა ახალგაზრდა სპორტსმენებს.
იგი ქუთაისში თბილისის 35-ე სპორტული სკოლის დამთავრების შემდეგ მივიდა, სადაც მან არა ერთი მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა. მშობლიურ რაიონში, ცხადია, იმ დონის ფეხბურთი არ იყო, როგორიც ქუთაისში. სხვა გზა არ ჰქონდა, გამოჯანმრთელებულმა ადგილობრივ გუნდში სცადა ფორმის აღდგენა, მაგრამ ერთხელ დაკარგული პოზიციის
დაბრუნება ძნელი გამოდგა. ასე შერჩა იგი ჩხოროწყუს და მთელი სპორტული კარიერის დიდი ნაწილი აქ გალია. მხოლოდ ერთი თუ ორი წელი ითამაშა წალენჯიხის „სქურში”, ეს იყო და ეს. შევეცდები მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ ლერიზე. იგი მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ფიზიკურად ძლიერს, მოძრავს, ჰქონდა სიტუაციის სწორად შერჩევის უნარი, სწრაფად ხვდებოდა მეტოქის განზრახვას და არ აძლევდა საშუალებას ემოქმედა თავის ნებაზე, პირიქით, „მომხდურს” თავისი კლანჭების ქვეშ აქცევდა, განზრახვის განხორციელების საშუალებას არ აძლევდა და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. თუ კი დაიგულებდა რომ დაცვაში ყველაფერი რიგზე იყო, თავდამსხმელების დასახმარებლად მეტოქის ნახევარზე გადადიოდა და ბევრჯერ გვიხილავს
მის მიერ გატანილი არა ერთი ლამაზი გოლი. 60-იანი წლების ბოლოს იგი მწვრთნელ-მოთამაშედ გვევლინება
„კოლმეურნეში”. როცა ხაბუმის „თუთარჩელა”გამოვიდა ასპარეზზე იგი კვლავ მიწვეულ იქნა მწვრთნელად და აქტიურად ეხმარებოდა მთავარ მწვრთნელ აჩიკო ჩიტაიას. დიდხანს იმუშავა სპორტსკოლაში და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ზრდიდა. 70-იანი წლების დასასრულს აქტიურსპორტს ჩამოსცილდა, თუმცა უფეხბურთოდ ერთი დღე არ უცხოვრია. ლერი წარმატებით წვრთნიდა ლელოს გუნდს. სპორტის ეს სახეობა მას იმიტომ მოსწონდა, რომ იგი იყო ეროვნული და საფუძველს უქმნიდა რაგბის დამკვიდრებას საქართველოში. იყო სპორტის ოსტატი ლელოში.
პარალელურად ჭიდაობდა, გამოდიოდა ძალოსნობაში. დამთავრებული ჰქონდა თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი და თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. მუშაობდა სან-ეპიდ სადგურშიც.
იყო განათლებული, ერუდირებული პიროვნება, თუმცა თავისებურად ცხოვრობდა. შეეძლო უანგაროდ ეკეთებინა სიკეთე. ეხმარებოდა ყველას, ვისაც სჭირდებოდა, განსაკუთრებით— გაჭირვებულებს. არ თაკილობდა არანაირ სამუშაოს, ხშირად გვინახავს შინაურულ ტანსაცმელში დაბის ქუჩებს რომ ასუფთავებდა, მშენებლებს რომ ეხმარებოდა. „თუ შენი ქვეყანა გიყვარს, შენი ქალაქი, მაშინ არანაირი სამუშაო არ უნდა გეთაკილებოდესო”— იტყოდა. ყოფილა ასეთი შემთხვევა: გზად მიმავალს დაუნახავს
მოხუცი ქალი ვენახს რომ წამლავდა. ლერი ვენახში გადასულა, შესაწამლი აპარატი ქალისთვის ჩამოურთმევია და მთლიანად შეუწამლავსზვარი. ვინაობა არ გაუმხელია, ისე წამოსულა… მეგობარმა სახლის საძირკვლის გათხრაზე მიიწვია, მან მთელი ღამე იმუშავა და დილით სიურპრიზად გათხრილი საძირკველი დაახვედრა. სხვა ბევრი მსგავსი მაგალითის გახსენება შეიძლება. იცხოვრა ისე, როგორც სიამოვნებდა, შეიძლება
ბოჰემურადაც, მაგრამ ბოლოს მაინც მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა.
დაკრძალვის დღეს მისმა ახლო მეგობრებმა გამოსათხოვარი მიტინგი გავმართეთ. დასასრულს, უცნობმა პიროვნებამ სიტყვა ითხოვა. იგი აღმოჩნდა წალენჯიხის საავადმყოფოს ექიმი, რომელიც ახალგაზრდობაში ლერისთან ერთად „სქურში” თამაშობდა. ბატონმა ბუთხუზ კვარაცხელიამ საინტერესო დეტალები გაიხსენა ლერის სპორტული ცხოვრებიდან. შევეცდები ნაწილობრივ აღვადგინო მისი ნათქვამი: „მე მქონდა ბედნიერება მეთამაშა ლერის გვერდით. ის იყო უნიკალური შესაძლებლობის ფეხბურთელი, რომელსაც თანაგუნდელები უაღრესად ვენდობოდით. არ შეიძლებოდა იმ მხარეს, სადაც ლერი გვეგულებოდა, მეტოქის გარღვევა მომხდარიყო. იგი იდგა, როგორც კლდე, შეუვალი, ბურჯი, რომელსაც არაფრის ეშინოდა. მისი ოსტატობით იხიბლებოდა მაყურებელი და ოვაციებს უწყობდნენ, ტაშით აცილებდნენ. ქუჩაში ფანები დასდევდნენ, თითქოს პელე ან გარინჩა ყოფილიყო.
ფეხბურთის შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა, სამწუხაროდ, დიდხანს არ მენახა იგი, აქ ჩხოროწყუში, სამედიცინო კომისიაზე მოვლინების დროს ვიხილე, მეწყინა, ცუდად იყო, ჯანმრთელობა შერყეოდა. თვალს ვერ ვუჯერებდი, ნუთუ ეს ის ლერია, რომელსაც ზღვა ენერგია ჰქონდა, რომელიც მთელ გუნდს გაუწევდა წინააღმდეგობას, ათი კაცის ტვირთის ზიდვა შეეძლო, ულამაზესი გოგოები რომ ეპრანჭებოდნენ. მე მზად ვიყავი ყველანაირი
დახმარება გამეწია მისთვის, მაგრამ იცით რა მითხრა: „ჩემს გამო საქმეს ნუ გაიფუჭებ, მე მარტოხელა ვარ და ბევრი არაფერი მჭირდება, ცოტათიც ფონს გავალო”. მიუხედავად ამისა, მას მაქსიმუმი გავუკეთე,მაგრამ დიდხანს არ დასცალდა პენსიის, სოც დახმარების აღება.
მისმა გარდაცვალებამ გული დამწყვიტა”. (სამწუხაროდ, ამ სტრიქონის წერისას წალენჯიხელმა მეგობრებმა შემატყობინეს ბუთხუზ კვარაცხელიას მოულოდნელი გარდაცვალების შეახებ. განსვენების დღეს გულწრფელად დავიტირე ეს შესანიშნავი პიროვნება. ნათელში ამყოფოს ბრწყინვალე პიროვნების სული)
ვაგლახ, ბევრ მეგობარს და თანაგუნდელს არ გაუგია ლერის გარდაცვალება. იგი უჩინრად წავიდა ამ ქვეყნიდან.
ძმები
ეს სათაური შემთხვევით არ ამირჩევია. ჩვენ არა ერთი ძმა ფეხბურთელები
გვყავდა, რომლებიც მაყურებელთა სიმპათიებს იმსახურებდა. დიდი სიყვარულით იხსენებენ თანაგუნდელები ლესიჭინიდან ლეო, ხრისტოს და მიშა სიტმანიდებს.
ისინი ეროვნებით ბერძნები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში იცავდნენ ჩხოროწყუელთა ღირსებას. მინდორზე ყოველთვის მომზადებულნი გამოდიოდნენ, ბოლომდე იხარჯებოდნენ. ერთხელ თურმე მიშას გადამწყვეტ მომენტში რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოუყენებია, ბურთი ახლო მანძილიდან კარს აუცილებია. თავჩაღუნული გამოსულა მინდვრიდან. ასეთი რამ ხომ ხშირად ხდება ფეხბურთში, ბი ჭებს საყვედური არ დაცდენიათ, მხოლოდ ლეო ვერ იკავებდა თავს და ძმაზე გასალახად მიიწევდა თურმე.
თუმცა სხვა შემთხვევაში არაერთხელ გაუხარებიათ გულშემატკივრები. დღეს მათი შთამომავალნი საქართველოში არ ცხოვრობენ, საბერძნეთში გადასახლდნენ. ძალიან გაუჭირდათ თურმე განშორება ჩხოროწყუელებთან. რას იზამ ასეთია ცხოვრება.
(ძმებ კაჭარავებზე აქ არაფერს გეტყვით, რადგან მათზე ვრცლად ვისაუბრეთ.)
ჩვენს რაიონში ფეხბურთის დამკვიდრებასა და განვითარებაში დიდია ჟორა, ვალიკო, გედე, არონ, ავე ქვარცხავების ამაგი. ისინი ალალი ბიძაშვილები იყვნენ, ფაქტობრივად, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ და ძმებივით ედგნენ ერთმანეთს მხარში. თუმცა ჟორა და გედე მართლაც ალალი ძმები იყვნენ. მათგან არაერთხელ მომისმენია ფეხბურთის გარშემო საინტერესო ეპიზოდები.
წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით მე და გედე. ის სტამბის დირექტორი იყო, მე კი ჯერ სტამბის მუშა, ხოლო შემდეგ რედაქციის თანამშრომელი. იგი ხშირად იხსენებდა მისი თაობის ფეხბურთელებს,
მრავალ საინტერესო ეპიზოდს. ასევე ამ თემაზე მისაუბრია ჟორასთან, ავესთან. ისინი სიტყვაძუნწი რესპოდენტები იყვნენ, მაგრამ შემიძლია მიახლოებითი
სურათი წარვუდგინო მკითხველს.
,,ფეხბურთი ომის შემდეგ სწრაფად გავრცელდა საქართველოში მიყვებოდა გედე, როცა ღამეებს ვათევდით გაზეთზე მუშაობისას, _ ამას ხელი შეუწყო ხელისუფლების დაინტერესებამ სპორტისადმი. მანამდე თვითნებურად ვთამაშობდით, წესებიც ჩვენებური გვქონდა. მსაჯი არ გვყავდა, ჩვენ თვითონ ვწყვეტდით სადავო საკითხებს, ზედიზედ სამი კუთხური პენალტი იყო, მეკარეს არ შეეძლო გოლის გატანა, ბურთის დაჭერა კი ყველგან შეეძლო, პენალტი 12 მეტრი (ნაბიჯი) გამოდიოდა, რადგან გადაზომვისას იტყოდნენ: ,,ერთი ნაბიჯი მეკარეს” და შემდეგ ითვლიდნენ 11
ნაბიჯს და ა.შ. ამიტომ იყო ყველა თამაშზე ჩხუბი და დავიდარება. ასეთი დამოკიდებულება დიდხანს შემოგვრჩა და როცა უკვე ოფიციალური მატჩების ჩატარება დავიწყეთ, იქ იჩინა თავი. იმდენად დიდი იყო გულშემატკივრების თვითნებობა, რომ არა ერთხელ ჩაშლილა მატჩი. ქუთაისში მაყურებლებმა დამიჭირეს, გამათრიეს და მანამ არ გამომიშვეს, სანამ გოლი არ გაიტანეს. მე ხომ მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი. მსაჯს
არც კი ,,შეუმჩნევია” მაყურებლების ასეთი თავხედობა. ვაპროტესტეთ, მაგრამ უშედეგოდ, პირიქით, ყვითელი მიჩვენეს. არც ჩვენთან იყო უკეთესი მდგომარეობა. მთვრალები მოდიოდნენ საყურებლად და შემდეგ დებოშს ტეხავდნენ. ბევრჯერ მოგებული მატჩი წაგებად ჩაუთვლიათ. ამას იმით ვხსნი, რომ მაყურებლის დიდი უმეტესობა წესების უცოდინარი იყო. პირველი გუნდი ვალიკო და ჟორამ შექმნეს, რომლებიც კარგად თამაშობდნენ ბურთს. ჟორა ომიდან ახალ ჩამოსული იყო, ჭრილობები მოშუშებული
არ ჰქონდა რაიკომის პირველმა მდივანმა არისტრახო კაკულიამ რომ დაიბარა და გუნდის შექმნა სთხოვა. მასთან ერთად იყვნენ ვალიკო ქვარცხავა და ავთო კვირკველია. მათ არავინ ჰყავდათ ხელმძღვანელი, თვითონ ასრულებდნენ გუნდის უფროსის, მწვრთნელის მოვალეობას. მთელი რაიონი მოიარეს და მართლაც კარგი გუნდი შექმნეს.
მე უფრო გვიან ჩავირიცხე, მაგრამ კარგად მახსოვს, თუ როგორ იქმნებოდა პირველი გუნდი. ეს იყო 1946 წლის პირველ ნახევარში.
პირველი ამხანაგური მატჩი ზუგდიდელებთან ჩაატარეს და 2:1 წააგეს. მახსოვს, როგორ ნერვიულობდნენ ბიჭები, ძალიან სწყუროდათ მოგება, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან სტუმრები უკეთ იყვნენ მომზადებულნი. იქ ხომ ბევრად ადრე შეიქმნა ფეხბურთელთა გუნდი. შემდეგ ვალიკომ სერიოზულად მოჰკიდა ხელი მწვრთნელობას, პარალელურად თამაშობდა. მან შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო, გახდა ინჟინერი და რაიონში სხვადსხვა სამშენებლო ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. 70-იანი წლების დასაწყისში თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ დარჩა მშობლიური რაიონის
გულშემატკივრად”. არონ ქვარცხავას დიდ ხანს არ უთამაშია გუნდში, იგი რუსთავში გადავიდა სამუშაოდ, სადაც ცნობილი მეტალურგი გახდა და იქ დამკვიდრდა, თუმცა მშობლიურ რაიონთან კონტაქტი არ გაუწყვეტია, მისი შვილი ანზორი
რაიონული გუნდის, ,,ნაკადულის” ღირსებას იცავდა.
ჟორა ქვარცხავა სულ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული, 90 წელს გადაცილებული. პროფესიით მეთუნუქე იყო და უწყინრად ასრულებდა თავის საქმეს. მატჩის დღეს არ იმუშავებდა, ჩავიდოდა სტადიონზე, ადგილი ჰქონდა შერჩეული და იქიდან უყურებდა. ვერ იტანდა უსაქმურ ფეხბურთელს, რომელიც არაფერს აკეთებდა მინდორზე ან შეეძლო და არ ავლენდა შესაძლებლობის მაქსიმუმს. ,,ფეხბურთს არასერიოზულად უყურებდნენ ჩვენს ახალგაზრდობაში, _იტყოდა იგი. ამიტომ
ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი დაიკარგა.
დღეს სხვა მიდგომაა, ფეხბურთელებს ყველა პირობაა აქვთ შექმნილი დაოსტატებისათვის, მაგრამ ბევრი სერიოზულად არ უდგება საკუთარ თავს, არა აქვს მნიშვნელობა სად თამაშობ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, ყოველთვის არ გამოგივა ერთნაირი თამაში, მაგრამ მაყურებელი ხვდება, როგორი გულით გამოდიხარ მინდორზე
და იმით გაფასებს. წაგებას მსაჯებს ვაბრალებთ, მოგებას კი ჩვენს დამსახურებად ვთვლით. ასე არ შეძლება. ნათქვამია-მოგება და წაგება ძმებიაო-მართალია. წაგებისგან უნდა ვისწავლოთ მოგება და არა აგრესიულობა.
ჩვენ ენთუზიაზმით ვთამაშობდით, მაგრამ რაიონის ღირსებას ვიცავდით, რასაც გვიფასებდნენ როგორც გულშემატკივრები, ისე რაიონის ხელმძღვანელობა. მიხარია ჩვენ მიერ დაწყებული საქმე ასე კარგად რომ გაგრძელდა”.
თვალწინ მიდგას ძმები კოტე და მიტუშა ქვარცხავების თამაში. ისინი სწორუპოვარნი იყვნენ მინდორზე, განსაკუთრებით მიტუშა, რომელიც საიმედოდ იდგა მარცხენა მცველად და უცვლელად ატარებდა 4 ნომერ მაისურს. ძნელად თუ შეძლებდა ვინმე მის მხარეს შეტევის განხორციელებას. საოცარი დრიბლინგი ჰქონდა, უტყუარი ალღო, მინდვრის ხედვის და სიტუაციაში სწრაფი გარკვევის უნარი, რაც ყველა ფეხბურთელს არა აქვს. მისებურ ,,მაკრატელას” ვერავინ აკეთებდა და ამ ილეთს ხშირად იყენებდა, რადგან გრძელ ფეხებზე იდგა და ადვილად წვდებოდა ბურთს. მან უფროსი ძმის, კოტეს მაგალითზე დაიწყო თამაში, თუმცა, რა დასამალია, მასზე— უკეთესად. იგი მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და 4 ნომრით გამოდიოდა
ზურგზე მიტუშას სიყვარულით, მას ვბაძავდით ,,მაკრატელას” გაკეთებაში. საოცრად მყარი პოზიცია ეკავა, არ ტოვებდა ფლანგს და თუ დატოვებდა, უმეტეს შემთხვევაში, თავდამსხმელებს დაეხმარებოდა და გოლი გაჰქონდა. ,,გალში ხუტა ,,მუნჯი” დაიმტვრა, კარში მიტუშა ჩადგა, სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა, -იხსენებს რეზო გოგუა. მისი დამსახურება იყო ის მატჩი ფრედ რომ დავამთავრეთ, რადგან გამოცდილი მეკარესავით
იდგა კარში და არაერთხელ მოუხდა თავგანწირული ნახტომის გაკეთება და რეალური გოლის კარის ზღურბლიდან გამოტანა. მატჩის მიწურულს მსაჯმა გაგვწირა და პენალტი დანიშნა ჩვენს კარში. გამოგონილმა ჯარიმამ ყველა აღგვაშფოთა და მსაჯს დავუწყეთ დავა, როგორც ყოველ ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე. მხოლოდ მიტუშა ინარჩუნებდა სიმშვიდეს და გვთხოვდა ყვითელი ბარათი არ აგვეკიდა. პენალტი გამოცდილმა ფეხბურთელმა კარგად შეასრულა, მაგრამ მიტუშამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. კიდევ რამდენიმე წუთი დაგვიმატეს, მაგრამ ვერაფერი შეძლეს, მაყურებელი ჩვენს მხარეზე გადმოვიდა და თავიანთ გუნდს დაუწყეს გინება. ის იმ დღეს გმირი იყო. ასეთი რამ მას ხშირად სჩვეოდა”.
სამწუხაროდ, მიტუშა ადრე გარდაიცვალა, ორმოცდაათ წელს თუ იქნებოდა გადაცილებული. დაამთავრა თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ინჟინრის ფაკულტეტი, მუშაობდა ჩხოროწყუს სატყეო მეურნეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. იგი აქაც ავლენდა მაღალ პროფესიონალიზმს. მან დიდი სახელი დატოვა როგორც უბადლო სპორტსმენმა,
ჩინებულმა გარემოს დამცველმა და კარგმა მეგობარმა. როცა ამ წიგნის წერას შევუდექი, გადავწყვიტე ბატონ კოტე ქვარცხავას შევხმიანებოდი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა. ყველა ჩხოროწყუელს დაენანა ხანდაზმულობის ჟამს ბატონი კოტეს საცხოვრებლად თბილისში გადასვლა, რადგან ის იყო ნაღდი
ჩხოროწყუელი, რომელმაც იღვაწა მხოლოდ მშობლიურ რაიონში და სიცოცხლე
დაასრულა სხვაგან. აი, რა მომწერა ბატონმა კოტემ საკუთარ ძმა მიტუშაზე და საკუთარ თავზე:
,,ბატონო ნუგზარ! სრულად ვერ გიგზავნი სპორტული ცხოვრების ამსახველ მასალებს, რადგან რეზო კაჭარავამ მოიყვანა ჩემთან სამტრედიელი ჟურნალისტი, რომელიც აპირებდა წიგნის დაწერას დასავლეთ საქართველოს სპორტულ ცხოვრებაზე. ეს წიგნი არ დაწერილა, მასალები კი დაიკარგა. მხოლოდ მწირი მოგონებებით უნდა დაკმაყოფილდეთ.
საინტერესო გადაცემა გამოუვიდა ბატონ ტიტე შელიას, რომელიც ტელეკომპანია
,,კოლხეთი 89″-ში მოამზადა ,,ჰა-ბურთი, ჰა-მოედანი” სადაც მოგონებით
გამოვედი.
ასევე მონაწილეობა მივიღე იმავე ტელეკომპანიის მომზადებულ გადაცემაში ,,ფიქრები სპორტზე”. ყოველთვის მახსენდება რაიონის სპორტის მესვეურების ვარლამ როდონაიას, კიკა ესართიას, კოტე ყურაშვილის დამოძღვრა- ,,გახსოვდეთ, როცა სხვა რაიონში სათამაშოდ მიდიხარ იქ შენი რაიონის ღირსებას იცავ, შენი რაიონის სპორტული კულტურა მიგაქვს, აუგი არ უნდა ათქმევინო შენს რაიონზე და რანაირი შედეგით არ უნდა დასრულდეს მატჩი, ღირსეულად უნდა გამოხვიდე მინდვრიდან”. ამ პრინციპს ყოველთვის ვიცავდით მე და ჩემი ძმა. მინდა ერთი ეპიზოდი გავიხსენო: წალენჯიხაში ვთამაშობთ, შეხვედრის ბოლო წუთზე კუთხურის ჩაწოდებამ მომიწია და ბურთი არავის რომ არ შეხებია ისე ბადეში გაეხვია. ყოველგვარი ემოციის გარეშე ნელი ნაბიჯით სტადიონისცენტრისკენ წავედი. ყველას გაუკვირდა, განსაკუთრებით მოწინააღმდეგე
გუნდის წევრებს თუ გულშემატკივრებს ჩემი უემოციო საქციელი. კარლო კაჭარავამ უპასუხა” მას ასეთი გოლები ხშირად გააქვს, ეგ რა გასაკვირიაო”. სხვა ეპიზოდების გახსენება შეიძლება, მაგრამ შორს წაგვიყვანს. გავიხსენებ ზოგიერთ ჩემს თანაგუნდელს: შალვა და ავე ვარცხავები, ხუტა გულუა (მუნჯი), ჟორჟიკა ცქვიტაია, ჟორა გუგუშვილი, მიშიკო თოდუა, ბერძნები ლეო, ხრისტოს და მიშა სიტმანიდები, იპოლიტე ბებია, კარლო გულუა, რეზო კაჭარავა, ლერი ჩხარჩხალია, რეზო გოგუა და სხვ. მაპატიეთ ასეთი მწირი მოგონებისთვის”.
კოტე ქვარცხავამ დაამთავრა პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად ქვედაჩხოროწყუს, ჩხოროწყუს სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, შემდეგ გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე ჩხოროწყუს რაიკომში, იყო სკოლა ინტერნატის დირექტორი. დასანანია, ასეთი კარგი პიროვნება ვერ დაიტირეს ჩხოროწყუელებმა, რადგან მისი გარდაცვალება გვიან გაიგეს. სკოლის ასაკში რაიონულ გუნდში გამოდიოდნენ სოსო და გურამ თოდუები, რომლებიც, გარდა ფეხბურთისა, კარგად ჭიდაობდნენ, ვარჯიშობდნენ ძალოსნობაში. ისინი ფეხბურთელთა გუნდში ცოტა ხანს თამაშობდნენ,
რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ და მოწყდნენ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას. ,,კოლმეურნეს” ღირსებას წლების განმავლობაში იცავდნენ არკადი და დონატი ფირცხელავები. გუნდში ჯერ უფროსი ძმა არკადი ჩარიცხა.
იგი მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ჯმუხი ტანისა იყო, ფიზიკურად ძლიერი, მოქნილი, მოძრავი, მეტოქე ვერაფერს აკლებდა. ცოტა მოგვიანებით დონატიც გამოჩნდა მინდორზე. ის სწრაფი იყო, ტექნიკურად უფრო სრულყოფილი, ნახევარმცველის პოზიციიდან ხშირად ერთვებოდა შეტევაში და გოლებიც გაჰქონდა. ისინი სხვა დასხვა სტილის მოთამაშენი იყვნენ, მაგრამ მაყურებელს ახსოვს მათი ოსტატობა, არაერთ მატჩში თავგანწირული ნდა ლამაზი ასპარეზობა. ფეხბურთს გვიან დაანებეს თავი მაშინ, როცა რაიონი გაუქმდა და ცხაკაიის (სენაკი) რაიონს შეუერთეს.
არკადი ინჟინრის პროფესიას დაუფლა, დონატი კი პედაგოგი გახდა და მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში.
ტკბილ მოგონებად მრჩება ელდარ (ტუტუ) და თამაზ ჩიტაიების თამაში, რომლებიც სტადიონის გვერდით ცხოვრობდნენ და დღესა და ღამეს იქ ატარებდნენ. ჩვენ თითქმის თანატოლები ვიყავით. ორივეს საოცრად ჰქონდა მომადლებული ფეხბურთის ნიჭი. ელდარმა თბილისის ცნობილი 35-ე სპორტული სკოლა დაამთავრა და პირველი ლიგის გუნდებში იწვევდნენ, მაგრამ მარტოხელა დედა ვერ გაიმეტა და მშობლიურ რაიონში ამჯობინა დარჩენა.
თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა და გოლის გარეშე იშვიათად გამოდიოდა მინდვრიდან. მალე მას უმცროსი ძმაც თამაზი წამოეწია, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ავლენდა ნიჭს ფეხბურთისადმი. ისიც თავდამსხმელი იყო, მაგრამ მარჯვენა ფრთაზე. მართლაც ღირდა მათი თამაშის ყურება. ძმები ტრიუკებს ატარებდნენ, ფინტების კორიანტელს აყენებდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმოში. მათ ჰქონდათ ფეხბურთელისთვის საჭირო თვისებები, იყვნენ სწრაფი, ფიზიკურად მომზადებული,
ფლობდნენ ტექნიკას, იყვნენ ალღოიანი, რომელიც საჭიროა თავდამსხმელისთვის.
მახსენდება შემთხვევა, როცა მეზობელი რაიონის გუნდთან შეხვედრისას (უფრო დაკონკრეტებას თავს ავარიდებ გასაგები მიზეზების გამო) ძმებმა ექვსი გოლი გაიტანეს, ფაქტობრივად მათი გაჩერება იმ დღეს ვერავინ შეძლო. ასეთი ეპიზოდების გახსენება ბევრი შეიძლება. დასანანია ასეთი მონაცემების ფეხბურთელებმა ვერ იასპარეზეს უფრო
მაღალ არენაზე, მაგრამ მიზეზი თავად მათში უნა ვეძიოთ, რადგან საკუთარ მონაცემებს არ აფასებდნენ, პროფესიულად არ უდგებოდნენ ფეხბურთს, მხოლოდ თამაშის დონეზე ესახებოდათ იგი და არღვევდნენსპორტულ რეჟიმს. მართალია, ისინი ჩხოროწყუელ გულშემატკივრებს უყვარდათ, მაგრამ ეს საკმარისი არ უნდა ყოფილიყო, მათ უფრო დიდ ასპარეზზე შეძლოთ გასვლა და ამისთვის უნდა ებრძოლათ. სამწუხაროდ, ორივე ძმა ახალგაზრდობაში წავიდა ამ ქვეყნიდან და მოგონებებში შემოგვრჩა მათი სახეები.
80-იანი წლების ,,სამეგრელოს” თუ გავიხსენებთ არ შეიძლება არ მოგვაგონდეს ძმები ჯუნგლი და მერაბ ახალაიები, რომლებიც ყოველთვის ავლენდნენ სპორტულ ოსტატობას და მაყურებელი აღფრთოვანებული იყო მათი თამაშით. ამ ქვედაჩხოროწყუელ ბიჭებს ფეხბურთი ბავშვობიდან უყვარდათ, თავიდან „ნაკადულში” თამაშობდნენ, როცა ,,სამეგრელო” ფეხზე დადგა, ძმები პირველები ჩაირიცხნენ გუნდში და 15 წელი
უცვლელად თამაშობდნენ. გვახსოვს ჯუნგლის გატანილი გოლები, არაფრისგან რომ ქმნიდა. უმალ ისეთ რაღაცას მოიგონებდა, რომ მოწინააღმდეგის მცველები გვიან ხვდებოდნენ ჩანაფიქრს, მანამდე კი გოლი გატანილი ჰქონდა. ბევრჯერ გაუკეთებია ჰეთთრიკი, უგოლოდ იშვიათად გამოდიოდა მინდვრიდან. ჰქონდა ,,ცუდი” თვისება—მოწინააღმდეგის საჯარიმოში თავს არ წაიქცევდა, ფეხებზე ურტყამდნენ, ეჯიკავებოდნენ, ხელით იჭერდნენ, ის მაინც იდგა და ბოლომდე იბრძოდა. წაქცევა პენალტი იყო, მაგრამ არ იზამდა, მაშინ, როცა ბევრად უკეთესი და ტიტულოვანი ფეხბურთელები, გვახსოვს, როგორ იფორმებდნენ თერთმეტმეტრიანებს. ორჯერ დასახელდა რესპუბლიკის 33 საუკეთესო ფეხბურთელებს შორის. მერაბი მაღალი დონის მცველი იყო. იშვიათად თუ გაეპარებოდა ვინმე. პოზიციური მოთამაშე იყო, თავის ადგილს არ ტოვებდა და გასაჭირის ჟამს იქ იდგა, სადაც საჭირო იყო. ბევრჯერ უხსნია გუნდი დამარცხებისაგან, ბევრჯერ ცარიელი
კარიდან გამოუტანია ბურთი. არ უყვარდა ბურთის უაზროდ მოგერიება, რაც დღეს მცველების დამახასიათებელი თვისებაა. მისი ყოველი პასი იყო ახალი შეტევის დასაწყებად გამიზნული და ეს ხშირად კარგად გამოსდიოდა. მან რესპუბლიკის სხვა გუნდებშიც ითამაშა და იქაც თავი გამოიჩინა, როგორც მაღალ პროფესიონალმა ფეხბურთელმა.
ძმები ახალაიები ,,სამეგრელოს” ისტორიაში დასამახსოვრებელი სტილის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებით იამაყებდა ნებისმიერი საფეხბურთო კოლექტივი.
„ნაკადულში” თამაშობდნენ თენგიზ და ლევან ყურაშვილები. აი, როგორ
იხსენებს თეზო გაბისონია: „თენგიზი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო— ჭკვიანი, სწრაფი, ტექნიკური. ფეხბურთს რომ გაყოლოდა მაღალი შედეგი ექნებოდა. მან მეცნიერება აირჩია ცხოვრების საგზლად და დღეს აკადემიკოსია. ვუსურვებ მას წარმატებებს სამეცნიერო ასპარეზზე და ბედნიერცხოვრებას”.
„ლევანი ასაკით უმცროსია და უფრო გვიან მოვიდა ფეხბურთში,მაგრამ კარგად აუღო ალღო, _ იგონებს რობერტ ყალიჩავა. თავიდან, როგორც ყველა ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე იჯდა, მაგრამ მალე ჩაჯდა ძირითად შემადგენლობაში. ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი იყო და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა სკოლაში. თბილისში გადასვლის შემდეგ სპორტული ცხოვრებისთვის არ დაუნებებია თავი და კარიერაც ააწყო. იგი დღეს ჩვენი გუნდის გულშემატკივარია და ხშირად
გვეხმიანება”
მაყურებელს ახსოვს ძმების, თენგიზ და მერაბ კვირკველიების თამაში. მათ დღესაც იხსენებენ გულშემატკივრები. თენგიზი ტექნიკური ფეხბურთელი.იყო, ლამაზი გოლები გაჰქონდა. როცა შეტევაზე გადადიოდა ყველა გრძნობდა, რომ რაღაცას ისეთს გააკეთებდა, თუ გოლი არა საგოლე ვითარებას მაინც რომ შექმნიდა. მერაბი კი შეუცვლელი დამცველი იყო, რომელიც მოწინააღმდეგეს გასაქანს არ აძლევდა. იგი ბრწყინვალედ ასრულებდა მწვრთნელის დავალებას და გამოკვეთილად ჩანდა მოინდორზე.
მან „ნაკადულში” დაიწყო თამაში და „სამეგრელოს” ძირითადში მოხვედრა არ გასჭირვებია. ეს ყველამ ვერ შეძლო, ბევრმა საერთოდ
დაანება თავი ფეხბურთს
ბონდო პაპასქირი
1977 წლის ნოემბრის დასაწყისი იყო, შემოდგომის სურნელება სუფევდა ჩვენთან, თითქოს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში მიედინებოდა, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა— ჩხოროწყუ შეძრა წალენჯიხა- ში მომხდარმა ავტოავარიამ, რომელშიც ჩვენი რაიონის საყვარელი პიროვნება ბონდო პაპასკირი დაზუგდიდელი მურმან გალდავა მოყვნენ.
მთელი რაიონის ახალგაზრდობა დაიძრა მეზობელი რაიონისაკენ, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, ყველას სურდა დასახიჩრებულებს დახმარებოდნენ, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა. უშედეგო აღმოჩნდა მედიცინის მუშაკთა ყველანაირი ცდა–ორივე ცათა სასუფევლის ბინადარი გახდა. მთელმა საქართველომ იგლოვა ისინი, შავებში გაატარეს 40 დღე მისმა მეგობრებმა. ორივე ფიზკულტურელი იყო.
ბონდო ჩხოროწყუში სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მუშაობდა, მურმანი კი ზუგდიდის სპორტსაზოგადოება
„დინამოს” თავმჯდომარე ბრძანდებოდა. ბონდო ინტელიგენციის იჯახში დაიბადა. მამა, ბორის პაპასკირი ფრიად განათლებული პიროვნება, სპორტული სულისკვეთების ადამიანი იყო, რომელმაც რაიონში სპორტულ ცხენოსნობას ჩაუყარა საფუძველი. მან
შვილებიც ამ შემართებით აღზარდა. უფროსი ვაჟი—ბონდო ბავშვობიდან სპორტისადმი მიდრეკილებას იჩენდა, მაგრამ ცხენოსნობას, რომელსაც ბავშობიდან მამა უნერგავდა, ფეხბურთი ამჯობინა და ფიზკულტურის ინსტიტუტიც ამ განხრით დაამთავრა. ბენო კი მამის კვალს გაჰყვა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, სსრ კავშირის ჩემპიონატზე, მოსკოვში, მარულაში გამარჯვებული გახდა.
როცა ვეტერან ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ, გვერდს ვერ ავუვლით ბონდო პაპასკირის როლს, რომელმაც თითქმის 10 წელი ითამაშა „კოლმეურნეში”. ყველა ის მიღწევა, რომელიც ამ პერიოდში ახლდა ჩვენს გუნდს, მისი დამსახურებაცაა, მაგრამ მან უფრო მეტი კვალი დაამჩნია რაიონულ სპორტულ ცხოვრებას, როცა სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს”რაიონული საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. იგი ახალი იდეებით მოვიდა ამ თანამდებობაზე და მისი შესრულებისათვის დღე და ღამეს ასწორებდა.
ბევრი მივიწყებული სპორტის სახეობა ააღორძინა, განსაკუთრებით წარმატებები მოიპოვა ლელობურთში, ქართულ ჭიდაობაში, ძალოსნობაში.ყველაზე მთავარი, რასაც მან ყურადღბა მიაქცია, იყო მასობრიობა და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში რეალურად მონაწილეობა. მან უარი თქვა ფიქტიურ ქულებზე, რომელიც მანკიერი სტილი იყო იმდროინდელსპორტულ ცხოვრებაში.
მისი მეთაურობით არაერთი რესპუბლიკური ღონისძიება ჩატარდა ჩვენს რაიონში. მან მოიწვია და ჩხოროწყუელმა მაყურებლებმა იხილეს სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრების ამხანაგური მატჩი ადგილობრივ გუნდთან, ასევე გვახსენდება ვიეტნამელ
ნაკრებთან შეხვედრა ისევ ჩვენს სტადიონზე, თბილისის „დინამოს” ვეტერანებთან მატჩი, რომლსაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა და სხვ. სიცოცხლით სავსეს, ენერგიულს, ჯანსაღი იუმორის მქონეს, დიდთან დიდს, პატარასთან—პატარას, რაც ყველაზე დამახასიათებელი იყო მისთვის, პოპულარულს ხდიდა ყველა ასაკის ადამიანებთან. მას ყველგან ეთქმოდა სიტყვა, პატივს სცემდნენ როგორც ხელმძღვანელი მუშაკები, ისე რიგითი ადამიანები. იყო ნაღდი ჩხოროწყუელი, რომელსაც ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში ამჟღავნებდა.
ასეთი პიროვნების ტრაგიკულად დაღუპვამ, რომელსაც ოჯახიც არ ჰქონდა შექმნილი, დაამწუხრა ჩვენი საზოგადოება და დღესაც სიყვარულით იხსენებენ მას. ამ სიყვარულით გულშემატკივრებმა, დამსახურებულად,
ჩვენს სტადიონს მისი სახელი უწოდეს.
არვე გულუა
დღევანდელმა თაობამ, სამწუხაროდ, ცოტა რამ იცის გასული საუკუნის ადამიანებზე, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ პროფესიონალიზმით, ღირსებით, კაცური კაცობით. ახალგაზრდებს ცრუ, მახინჯი ინფორმაცია აქვთ სოციალიზმის ეპოქაზე.
მართალია ბევრი რამ არ ვარგოდა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავდა, რომ ყველაფერი ცუდი
იყო. მაშინაც შეიძლებოდა ნაღდი, პატრიოტული საქმის კეთება, მაშინაც არ ერიდებოდნენ მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებას, თუ კი ეს ქვეყნისთვის იყო საჭირო. იყვნენ ნიჭიერი, პატიოსანი, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ისეთ ღირებულებებს, რომლებმაც დღემდე მოაღწია ან ღრმა კვალი დატოვეს საზოგადოების ცნობიერებაზე. მათ საქმეებს დღესაც დიდი ინტერესით იხსენებენ. მინდა ისეთ პიროვნებაზე მოგითხროთ, რომელმაც ღირსეულად იცხოვრა
ამ ქვეყანაზე, ბოლომდე დაიხარჯა და სახელოვნად დატოვა წუთისოფელი. ასეთი პიროვნება გახლდათ არვე გულუა, რომელსაც კი ვიცნობდი, მაგრამ არა ისე, როგორც ამ გადასახედიდან ჩანს. ეს ძირითადად მისი ,,ბრალია”, რადგან არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი, არა და მისი გარდაცვალების შემდეგ იმდენი კარგი საქმეები მესმის, რომ აღფრთოვანებაში მოვდივარ და საკუთარ თავს ვეკითხები- ნუთუ ამდენის გაკეთება
როგორ შეეძლო ამ უბრალო, უწყინარ ადამიანს. კითხვაზე ვინ იყო არვე გულუა _ ინჟინერი? ეს ხომ მისი პროფესიაა;
სპორტსმენი? _ ბავშვობიდან რომ მოსდევდა; მომღერალი? _ მუცლიდან რომ დაყვა ნიჭი; ქველმოქმედი? _ მისი ხასიათიდან გამომდინარე; ჩხოროწყუელი? ეგზომ რომ უყვარდა საკუთარი რაიონი. პასუხი უცბად ვერ მოვძებნე. შევისწავლე მისი ბიოგრაფია, შევხვდი მასთან ახლოს მყოფ ადამიანებს და დაგვიანებით ვუპასუხე საკუთარ თავს. არ მინდა ყალბი სტრიქონები გამომივიდეს და ზედმეტი შეფასება მოვახვიო თავს მკითხველს,
მაგრამ უნდა ვთქვა _ ეს იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, უაღრესად განათლებული, მშობლიურ ერზე, მშობლიურ რაიონზე შეყვარებული პიროვნება .იგი საკოლმეურნეო სამშენებლო საბჭოში მუშაობდა ინჟინრად. უყვარდა საქმის უანგაროდ, მაღალ, პროფესიულ დონეზე კეთება. როგორც ინჟინერს რჩევებს ეკითხებოდნენ, რთულ სამშენებლო ობიექტებს მას ანდობდნენ, ახალგაზრდა კოლეგებს გვერდით ედგა და ასწავლიდა. უყვარდა ქველმოქმედება, სტუდენტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკონომიურად უჭირდა, ეხმარებოდა, თუმნიანს უჯიბავდა, ბინის ქირას უხდიდა,
ოღონდ კარგად ესწავლა. თბილისის სასტუმროში ნომერი ყოველთვის დაბრონილი იყო უბინაოდ დარჩენილი ჩხოროწყუელისთვის, მათხოვრებსხურდა ფულს არ აკადრებდა, ავადმყოფებს დეფიციტურ წამლებს საავადმყოფოში უგზავნიდა… მის კარგ საქმეებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ახლა მის სპორტულ მონაცემებზე მოგითხრობთ. ის იყო ,,კოლმეურნეს” წამყვანი ფეხბურთელი, რომელიც მინდვრიდან იშვიათად გამოდიოდა გოლის ან საგოლე პასის გარეშე. მისი გუნდელები იხსენებენ, თუ როგორ ემზადებოდა ყოველი თამაშისათვის. ვერ იტანდა უგულო, ზერელედ ყოფნას მინდორზე. ლერი ჩხარჩხალია იგონებდა: ,,ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი არვეს გვერდით რომ ვთამაშობდი. ის ყოველმხრივ მისაბაძი პიროვნება იყო, რომელიც ჩხოროწყუელობას ყველაზე მაღლა აყენებდა, ამიტომ არაფერს იშურებდა მისი ავტორიტეტისათვის.
თერჯოლელებს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდათ, ამჯერადაც ძლიერი შემადგენლობით ჩამოვიდნენ და მოგებასაც გეგმავდნენ, რადგან ბოლოორი მატჩი წარუმატებლად ჩავატარეთ. ჩვენ მომზადებული კი შევხვდით სტუმრებს, მაგრამ თამაში არც ახლა წაგვივიდა. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ბიჭები გულგატეხილები იყვნენ, ეტყობა ფსიქოლოგიური სტრესი გვქონდა. შესვენებაზე მწვრთნელზე მეტად არვეს სიტყვებმა გაგვამხნევა, რომელმაც მოგვიწოდა თავგანწირვით გვებრძოლა ჩხოროწყუს ღირსებისათვის.
მეტი გააზრებით გვეთამაშა იმ გუნდთან, რომელიც არაერთხელ დაგვიმარცხებია და ისეთი უსაშველო არაფერი გვჭირდა. მართლაც, მეორე ტაიმი უკეთ ავთამაშდით, რამდენიმე საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ გოლი არ გადიოდა, ხან მეკარე იგერიებდა, ხან ჩვენ ვცოდავდით. არვემ ერთი შეგვიკიჟინა, თითქოს ძილ-ბურანიდან გამოგვიყვანა. მარცხენაფრთიდან ჟორჟიკამ სწრაფი შეტევა წამოიწყო, იგი მოცელეს საჯარიმოსთანახლოს. ჯარიმა არვემ შეასრულა და ისე ოსტატურად დაარტყა,მეკარე არც განძრეულა, კუთხეში ჩაეშვა ბურთი. გატანილმა გოლმა გამარჯვების რწმენა მოგვცა და კიდევ ორი გოლი გავიტანეთ. ფაქტობრივად, ეს თამაში მან მოიგო. ასეთი რამ ბევრჯერ გაუკეთებია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს”. ახლაც იხსენებენ ღუღუნი წურწუმიას და არვეს შერკინებას ,,მენჩურუაში”. დაბაში, ბაზრის ზემოთ ხობისწყალს ღრმა მორევი ჰქონდა, სადაც ზაფხულში, ცხელ ამინდში იკრიბებოდნენ როგორც დაბის, ისე ჯუმითის მცხოვრებლები და იმართებოდა შეჯიბრება ,,მენჩურუაში”. დიდ აჟიოტაჟს იწვევდა ამ ფალავნების შეჯიბრება. იმდენად საინტერესო იყო, რომ ორივე ნაპირი გულშემატკივრებით ივსებოდა და მთელი ორი საათი გრძელდებოდა.
მათ დათქმული ჰქონდათ შერკინების წესები. გამარჯვებული ხან ერთი რჩებოდა ხან—მეორე. ჩვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, გვყავდა ასეთი შეუპოვარი, ბრძოლის ჟინით აღტყინებული ადამიანები.
იმდენად ძლიერი ფიზიკური მომზადება ჰქონდა არვეს, რომ ერთი-ორი კაცი ვერაფერს გაუბედავდა. ბავშვობიდან მისდევდა ცხოვრების ჯანსაღ წესს, ზამთარში ხობისწყალში ბანაობდა, დარბოდა, ორძელზე ვარჯიშობდა…
იგი ოსტატობის კანდიდატის დონეზე თამაშობდა ჭადრაკს, იყო რაიონის ჩემპიონიც, კარგად ჭიდაობდა, სიმძიმის აწევაშიც უცდია ბედი. ერთი სიტყვით, კარგი მონაცემების მქონეს შეეძლო თავი ესახელებინა სპორტის ნებისმიერ სახეობაში.
ამას წინათ ხელში ჩამივარდა 1960 წელს თბილისში, ოპერის ეზოში გადაღებული დიდი ფოტოსურათი. შესანიშნავი დოკუმენტია წარსულის დიდებისა. ჩვენი რაიონის ნაღები საზოგადოება დგას, სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. თბილისში რესპუბლიკურ დათვალიერებაზე პირველი ადგილი დაიკავა მაშინ ჩვენმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ცნობილი ლოტბარის ორდე ლენთაძის ხელმძღვანელობით. აქ არვე გულუაც დგას. გამიკვირდა. თუმცა რა, ის ხომ კარგად მღეროდა… უყვარდა ქართული სუფრა, ალალად, გულღიად მასპინძლობდა სტუმარს, სწორუპოვარი თამადა ბრძანდებოდა. მასპინძლობა მისი ხასიათიდან მომდინარეობდა, რადგან ამ მისიას იგი შინ თუ გარეთ ასრულებდა. საოცარი განსაცდელი გადახდა, რომელიც მაშინ სენსაცია იყო. თბილისიდან მომავალი ავიაკატასტროფაში მოყვა. უამინდობის გამო თვითმფრინავი რიკოთში ჩამოვარდა, გადარჩა მხოლოდ არვე და რუსი სამხედრო, რომელიც თბილად იყო შემოსილი. არვეს შილიფად ეცვა, მაგრამ არ იკადრა ჩაეცვა გარდაცვლილთა ტანსაცმელი. საოცრად ყინავდა. სამი დღე და ღამე უმისამართოდ იტრიალეს ტყე-ღრეებში და როცა უკვე ქანცი გამოელიათ, მაშინ მოვიდნენ მაშველები. არვეს მაშინ ფეხის თითები მოეყინა, თუმცა აქტიური ცხოვრებისათვის ამას ხელი არ შეუშლია. ოჯახი შექმნა, შვილები გაზარდა და მაშინ, როცა ცხოვრების ზენიტზე იყო გულმა უმუხთლა…
ასეთი ადამიანები ამშვენებდნენ ჩვენს რაიონს.