მოიდანახეში არსებობს აზრი, რომ ერთ-ერთ ქუჩას სამსონ დადიანის სახელი ეწოდოს. ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი უერთდება ამ თხოვნას და ლოგიკურად მიგვაჩნია [ირველი ქართველი პარლამანტარის ხსოვნის პატივისცემა.
განცხადების სტილი დაცულია
ჩხოროწყუს რაიონის სოფელი მეორე მოიდანახე არის ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, მჭიდრო დასახლებით. სოფელში არ არის განსაზღვრული ქუჩის სახელდება.
კომუნალური გადახდის ქვითრებში მოსახლეობას უფიქსირდება, რომ ისინი ცხოვრობენ ლენინის უბანში. თვითმმართველ ერთეულებს კანონი უწესებს ვალდებულებას, გაარკვიონ საკითხი და ასეთის არსებობის შემთხვევაში შეცვალონ საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელები.
მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამტკიცების წესის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. შესაბამისად მოგმართავთ, როგორც დაინტერესებული მხარე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უბნის, სოფელ მეორე მოიდანახის ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე და გთხოვთ, თქვენს ინიციატივას აღნიშნულზე.
მსურს მოგახსენოთ დასაბუთება იმის თაობაზე, თუ ვისი სახელდება უნდა მიენიჭოს მოიდანახის უბანს.
სამსონ პლატონის ძე დადიანი, რომელიც დაიბადა 1886 წლის 23 დეკემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ მოიდანახეში. მოიდანახის მკვიდრმა სამსონ დადიანმა იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. ის იყო ქართველი იურისტი, პუბლიცისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ეროვნული საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრი, სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. შედიოდა 1918 წლის 6 ივნისს არჩეული „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიაში“. 1918 წელს აირჩიეს კომისიის მდივნად. მტკიცედ იდგა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ნიადაგზე. სამსონ დადიანმა შეიმუშავა საქართველოს პირველი კონსტიტუციის ერთ–ერთი თავი ,,ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ,“ რომელიც კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავის სახით განხორციელდა. საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განსახილველად წარადგინა პროექტი ,,რესპუბლიკის ჯარის შესახებ“, დებულებაზე ,,მოქალაქეთა უფლება მოვალეობანი“ წარმოადგინა შენიშვნები: სასამართლოს, სიკვდილით დასჯის აკრძალვის, კანონის წინაშე ყოველი მოქალაქის თანასწორობის შესახებ.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სამსონ დადიანი დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლიდან იყო ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ პროცესების აქტიური მონაწილე.
დიდი საბჭოთა ტერორის დროს სამსონ დადიანი დააპატიმრეს ანტისაბჭოთა, კონტრრევოლუციური ბრალდებით. 1937 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ ,,ტროიკა“) სამსონ დადიანს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 11 დეკემბრის ღამეს.
მიმაჩნია, რომ წარსულის პატივისცემის დასადასტურებლად, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხია, ჩვენი ვალია უკვდავყოთ მათი სახელი, რომ მარადიულად გაიხსენიონ თაობებმა გზა, რომელიც ისტორიულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა. მადლობა ვუთხრათ წინაპრებს იმ თავგანწირვისა და თავდადებისთვის, რაც მათ სამშობლოსთვის გასწიეს. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავიხსენოთ და უკვდავყოთ სახელი ადამიანისა, ვინც მოამზადა ,,მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწინავე, პროგრესული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უზენაესი სასამართლო აქტი” – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ასეთი ისტორიული პიროვნებაა სამსონ დადიანი, მოიდანახის მკვიდრი, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ისტორიული წყაროები და აქვს განსაკუთრებული დამსახურება სამშობლოს წინაშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ ინიციატივას და მოგმართავთ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მე–16 მუხლის მე–2 ნაწილის ,,ტ“ ქვეპუნქტის და მე–3 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 2 ოქტომბერის №35 დადგენილების შესაბამისად და გთხოვთ, კანონით დადგენილი წესით გადაწყვიტოთ საკითხი.
ჩემი მოტივაცია და დასაბუთება სამსონ დადიანის ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე განსახილველად წარგედგინებათ ამ სახით, რაც სხვადასხვა ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეული მოღვაწის, სამსონ დადიანის სახელის უკვდავსაყოფად, ისტორიული მოვლენის უკვდავყოფის მიზნით, მიიღეთ გადაწყვეტილება მოიდანახეში მისი სახელწოდების დადგენის თაობაზე. განსაზღვრეთ სამსონ დადიანის ქუჩის გავრცელების არეალი. უზრუნველყავით კონკრეტული ღონისძებების გატარება აბრების დამზადების, ნუმერაციის განსაზღვრის, რეგისტრაციის და აღრიცხვის სახით, როგორც საქართველოს კანონმდებლობით არის ეს გათვალისწინებული.
ამრიგად, როგორც სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე კანონით უფლებამოსილ პირს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გთხოვთ, ინიციატივას მოიდანახის უბნის სახელდების საკითხზე. წარსულის საფუძვლიან გააზრებას, ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სამსონ დადიანის ქუჩის სახელდებას აქვს ისტორიული კონტექსტი და დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის, მისი კუთხისთვის, ერის და ქვეყნის წინაშე მისი განსაკუთრებული ღვაწლის დასაფასებლად.
მოიდანახის მოსახლეობა სრულად ეთანხმება განცხადების შინაარსს და გთხოვთ საკითხის დადებითად გადაწყვეტას. განცხადებას თან ერთვის მოიდანახის მოსახლეობის ხელმოწერები.
პატივისცემით,
მარიკა გერსამია