გთავაზობთ მარიამ შამათავას ნაშრომს ” სოფელ ახუთის ისტორია.ანოტაცია
რეფერატში შევეცდებით ვისაუბროთ სოფლის მდებარეობაზე, მის ღირშესანიშნაობებზე, შევადარებთ ძველ და ახალ პერიოდებს, განვიხილავთ რამდენიმე გამორჩეულ ახუთელს, რომელთა ღვაწლი გასცდა არამარტო ახუთს , არამედ ქვეყნის ფარგლებს, ყურადღებას გავამახვილებთ სოფლის დაარსების ლეგენდებზე, მოსახლეობის რაოდენობაზე წინათ და ახლა , გავეცნობით რამდენიმე ისტორიულ ძეგლს, საბჭოთ პერიოდის ახუთს, თუ რა მეურნეობის დარგები იყო გავრცელებული სოფელში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
მარიამ შამათავა
ისტორიული წყაროების მიხედვით ახუთის ტერიტორია ჯაიანთა სათავადოს შემადგენელი ნაწილი იყო.
აღნიშნული სათავადო მე-15 საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა და იგი ცოტნე ჯაიანის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება.
ჯაიანებს ეკუთვნოდათ სოფლები : ახუთი, ალერტი, ნოღა, ლეწურწუმისა და ხორგის მნიშვნელოვანი ნაწილი. რეზიდენცია თავდაპირველად ნოღაში ჰქონდათ. მათი ყრმა გლეხები იყვნენ: ჩიტაიები, გოგიები, ჯოჯუები, კაჭარავები, საჯაიები, ხოლო აზნაურები იყვნენ : გერსამიები, ზოდელავები, ჩაჩიბაიები, პაპასკირები.
ნოღას ციხე. ხედი ახუთიდან.მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში
ახუთი იხსენიება მე 16 საუკუნის დასასრულისთვის, იგი აღნიშნულია აგრეთვე მე 17 საუკუნეში ევროპელ მოგზაურთა მიერ შედგენილ რუკაზე. ჩიქოვანთა საგვარეულოს გადადიანების შემდეგ ჯაიანთა სათავადო თანდათანობით ქვეითდება, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ძალაუფლებას, დადიანების მიერ ნოღას ციხის დაპყრობის შემდეგ გასაჭირს გადარჩენილი ჩაქარ ჯაიანი ახუთში სახლდება და გვიანდელი ხანის ახუთელი ჯაიანები მისი შთამომავლები არიან.
შაქარის მემკვიდრეებს ხუთი ვაჟი ჰყოლია, ისინი ახუთის სხვადასხვა კუთხეში დასახლებულან, გადმოცემით ამ ხუთი ძმის მიხედვით სოფელს ეწოდა ,, ა- ხუთი”. ეს ვერსია ასეა ახსნილი. ძმები ჯაიანები გაუვალი ტყით დაბურულ ახუთის ტერიტორიაზე ნადირობისას ერთმანეთს ასცდენილან და ერთმანეთი დიდი წვალების შემდეგ უპოვნიათ, ძმათა თავმოყრის ადგილზე უმცროსი ძმის მოსვლისას უფროსს უთქვამს ,, ა-ხუთი” ე.ი ხუთივე ვართო. აღნიშნული ამბავი მოთხრობილია სამეგრელოს მთავართა საგვარეულო მატიანეს დამატებაში და უხუცესი პედაგოგის ბესარიონ ჯაიანის მოგონებებში, რომელიც განუხილავს მოსწონებია აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილს. ლევან V დადიანის დროს ახუთში ცნობილი იყვნენ გოგი, ზურაბ, ოტია, ვახტა და ხუხულობა ჯაიანები, რომლებსაც სოფელში დიდი მეურნეობა ჰქონიათ, მათ განკარგულებაში იყო ეკლესია, ჯიხა და სამღებრო. მოწვეული სპეციალისტები სხვადასხვა ძაფებსა და ქსოვილებს ღებავდნენ. ახუთის ამ ნაწილს ,, სარღებო” ერქვა. პარასკევობითა და კვირაობით აქ დიდი ბაზრობა იმართებოდა , სადაც სამეგრელოსა და იმერეთის სხვადასხვა კუთხიდან დიდძალი ხალხი მოდიოდა. წელიწადში ორჯერ ბაზრობის დამთავრების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში იმართებოდა შეჯიბრებები ცხენოსნობაში, ლელობურთში, სირბილში, ჭიდაობაში, მხიარულება გვიან საღამომდე გრძელდებოდა. სოფლის უხუცესთა გადმოცემით, ხონიდან სარღებოში სტუმრად ეტლით ჩამობრძანებულა აკაკი წერეთელი, სოფლის საზღვარზე მას უამრავი ხალხი დახვედრია , მგოსანი დასწრებია ბაზრობის შემდგომ გამართულ სპროტულ შეჯიბრებებს, საღამოს კი, მის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე, ლექსიც მიუძღვნია ახუთელებისთვის. არსებობს მეორე ვერსია ახუთის სახელწოდების სარღებოსთან დაკავშირების თაობაზე. ,, სარღებოში’’ სავაჭროდ მიმავალ მგზავრებს შემხვედრისთვის უკითხავთ ,,სარღებომდე შორიაო’’? საპასუხოდ მიუგიათ ,, ა-ხუთი’’ ხე რომ მოსჩანს იქ არისო. მესამე ვერსიის თანახმად ჯაიანების თურის დიდი კაცი ყოფილა ახუ, რომელსაც დღევანდელი ახუთის ტერიტორიაზე ტყე გაუჩეხია და თავისი დიდი ოჯახისთვის კარ-მიდამო შეუქმნია, ამ ადგილისთვის მეზობლად მცხოვრებლებს ,, ახუს-თი’’ უწოდებიათ. ჯაიანებმა ვერც ახუთი და ალერტი შეინარჩუნეს მთლიანად. ამ სოფლების დიდი ნაწილი ისევ დადიანებმა მიიტაცეს. სამთავრო სახლის უმცროსმა შტომ თავის ერთ-ერთ რეზიდენციად სწორედ ახუთი აირჩიეს. აქ დამკვიდრდა ამ შტოს წარმომადგენელი გიორგი დადიანი, მე 18 საუკუნის მისი კარის ეკლესიის ნანგრევები ახლაც არის დარჩენილი და მას ,, ნადოხორუში ოხვამეს ‘’ ეძახდნენ.
ნადოხორუში ოხვამე დღეს
დადიანებთან ბრძოლაში დამარცხებული ჯაიანები, კერძოდ, ქაიხოსრო ჯაიანი მე 18 საუკუნის მიწურულსა და მე 19 საუკუნის დამდეგს იძულებული ხდება ნიკო დადიანისთვის ერთგულება გამოეცხადებინა და მისი ვასალი გამხდარიყო. ჯაიანებმა მაინც შეძლეს ადგილმამულების მცირე ნაწილის შენარჩუნება, ჯაიანთა სათავადო მე 19 საუკუნის 20-30 იან წლებში დაიშალა. თუ თვალს გადავავლებთ ახუთის შორეულ ისტორიას, არქეოლოგიურ აღმოჩენათა შუქზე დავრწმუნდებით, რომ აქ უძველეს ადამიანს უცხოვრია და თავისი კვალი დაუტოვებია. ნაპოვნია გვიან ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურის ნაშთები : ბრინჯაოს საბრძოლო და სამუშაო იარაღები, ე.წ, კოლხური ცულები’, ბრინჯაოს თასი და სხვა. ამ ნივთებთან ერთად ახუთელმა მიხეილ ბერიშვილმა აღმოაჩინა ამავე ხანის ქვევრსამარხი ადამიანის ძვლებით მძივებითა და ბრინჯაოს საყურით [ ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი ზაურ ჯალაღონია}.
სოფლის გეოგრაფია , სად მდებარეობს , მოსახლეობა
სოფელი ახუთი დაბა ჩხოროწყუს აღმოსავლეთით მდებარეობს, მდინარე ზანასა და ოწყარიეს ხეობაში. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები ნოღა და ფოცხო, დასავლეთით – ქვედა ჩხოროწყუ, ჩხრდილოეთით – დაბა ჩხოროწყუ და ნაკიანი, სამხრეთით – ლესიჭინე. სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 180 მეტრზეა და რაიონის ცენტრიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული. ახუთში 746 კომლია 2291 მცხოვრებით { 2014 წლის მონაცემებით ახუთში ცხოვრობს 900 მდე ადამიანი) გვიან ფეოდალურ ხანაში ახუთი დაყოფილი იყო სამ ნაწილად: პირველი ახუთი სოფლის დღევანდელ ცენტრს ერქვა, მეორე ახუთი მდინარე ზანას სანაპიროზეა განლაგებული, მესამე ახუთი ძირითადად ლეგერსამეს უბანს ერქვა საბჭოთა ხელისუფლების წლებში ე.წ ,, გეგმიანი გადასახლების ‘’ შედეგად მესამე ახუთი დაცარიელდა ამჟამად ახუთი ორად პირველ და მეორე ახუთად იყოფა [ ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი ზაურ ჯალაღონია].
ახუთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ხათუნა მალანია გვიყვება ბებიამისის ნაამბობს, რომლის მიხედვითაც ახუთის გზა იყო დასავლეთ საქართველოს ზემო გზა, სენაკი ლესიჭინე და მისი მიმდებარე ტერიტორიები დაჭაობებული იყო, ძირითადი გზა იყო მარტვილი , ხონი ქუთაისი, ხოლო სენაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გზა საბჭოთა პერიოდში გაიყვანეს ჭაობის ამოშრობის შემდეგ, სკოლაში გვითხრეს ისიც რომ გზა რომელსაც სკოლა გადაჰყურებს იყო სამხედრო გზა, გვეუბნებიან იმასაც რომ, თუ ილია ჭავჭავაძე სამეგრელოს ეწვია, კერძოდ, დადიანების რეზიდენციას, მაშინ ის ახუთს აუცილებლად გაივლიდა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ახუთზე გადიოდა ყველა მნიშვნელოვანი გზა.
გვარები რომლებიც ცხოვრობენ სოფელში, ჩემს გვარზე ისტორია, გვარების განსახლების არეალი, უბნები და მათი სახელები.
ახუთში 101 გვარი ცხოვრობს ყველაზე გავრცელებული გვარებია : ჯალაღონია, საჯაია, ვეკუა, ჩიტაია, მამფორია, გამსახურდია , ჯიჯელავა, გოგია , ნაროუშვილი, პერტახია, ჯაიანი. გვარის მიხედვით დასახლებული უბნებია : საჯალაღონიო, სავეკუო, საჯაიანო, საგამსახურდიო, სანაროუშვილო. ნასახლარებია ნაზოდელუ, ნაანჯაფარუ. ახუთის ტერიტორიაზე 9 ეკლესია მოქმედებდა [ ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი ზაურ ჯალაღონია].
ცოტა რამ ახუთში გავრცელებულ გვარებზე როგორც ზემოთ ვთქვით ახუთში იყო ყველაზე მეტად გავრცელებული გვარები რეფერატში შევეხებით რამდენიმე მათგანს. ნაროუშვილთა გვარი ჩამოსახლებულია იმერეთიდან რადგან მათი გადმოცემით ისინი იმერლები იყვნენ. ყოფილა ორი ძმა რომლებიც ბატონს გამოქცევია ერთი ახუთში დასახლებულა მეორე კი მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონში მათ თან წამოუღიათ ნაროუშვილთა საგვარეულო ხატი და ახუთში დაუმარხავთ, ამ ადგილს ნაროუშვილები წმინდად თვლიდნენ, იქვე იდგა ცაცხვის ხე სადაც ყოველ 28 აგვისტოს ნაროუშვილები იკრიბებოდნენ ლოცულობდნენ და შესაწირად ზვარაკები მიჰყავდათ, აქვე ჰქონიათ წმინდა საღვინო ქვევრი ზედაშე, რომელსაც ლოცვის დღეს მოხდიდნენ თავს. ჯალაღონიები ანტონ ჯალაღონიას გადმოცემით მე 16 საუკუნის დასასრულს სამ ჯგუფად იყოფოდა და მათი სახელწოდებები შეესაბამებოდა მეგრულ შესატყვისებს, ბაბუკოჩისთური – ბაბუაკაცისიანები, ჭკაითური – მჭედლისიანები და ნათურქელა ანუ თურქისიანები მისი თქმით ბაბუკოჩისთურები ნიშნავდა ადრეული წარმოშობის ჯალაღონიებს, ჭკაითურების წინაპრები მჭედლები ყოფილან და ნათურქელებს თურქული წარმოშობის დედა ჰყოლიათ [ ხათუნა ნაროუშვილი ძმის ვახტანგ ნაროუშვილის ჩანაწერიდან]. რაც შეეხება გვარს შამათავას გამოკითხვის შედეგად გავიგეთ რომ აღნიშნული გვარი ფოცხოდანაა, საიდანაც შემდეგ დასახლებულან დასავლეთ საქარველოს სხვადასსვა ქალაქში როგორებიცაა: სენაკი, ზუგდიდი, მარტვილი, თუმცა არის მეორე ვერსიაც რომ ეს გვარი აფხაზეთიდან არის წამოსული და დასახლებული დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მათ შორის სოფელ ფოცხოში სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის დამატასტურებელი წყაროები არ მოგვეპოვება [ მთხრობელი ვახტანგ შამათავა ]. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ახუთში რანდენიმე უბანია ერთ ერთია სავეკუო- ვეკუების უბანი, ამ უბნიდანაა გადასახლებული აკადემიკოსი ილია ვეკუას მშობლები, ახლაც არის დარჩენილი მისი სამოსახლო , ხშირად ყვარებია ბატონ ილია აქ ბობრძანება, მშობლიურ გარემოში დასვენება. ღამეებს ათევდა თურმე აქ თავის დებთან და ნათესავებთან ერთად. მას ნავეკუს ეძახიან , იმიტომ რომ ბევრი ამ გვარის კაცი გასახლებულია აქედან. მეორე უბანია ნაზოდელუ ზოდელავების ნასახლარი ,, აქ მღვიმეა, საინტერესო კარსტული წარმონაქმნი, არის ნაშენის კვალიც, ეტყობა შუა საუკუნეებში სახიზრად ყოფილა გამოყენებული [ ა.ჯალაღონია . ჩხოროწყუს რაიონული ტოპონიმიკის კატალოგი].
საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამბულატორია, სამედიცინო ცენტრი, გასართობი და მუსიკალური ცენტრები.
მე 19 საუკუნეში ჩხოროწყუს სოფლებს შორის ახუთი ყველაზე დიდი დასახლებული ადგილი ყოფილა, თანაც სხვა სოფლებთან შედარებით კულტურულად და ეკონომიკურად უფრო განვითარებული.
სოფელ ახუთში, ახუთის სამინისტროს სკოლის სახელწოდებით პირველი სკოლა გახსნილა 1877 წელის სექტემბერში, სახალხო სასწავლებელთა ქუთაისის დირექციის 1878 წლის ანგარიშში ნაჩვენებია, რომ ახუთის სკოლაში 1878 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 31 ს. სკოლის წლიური ხარჯი განისაზღვრებოდა 240 მანეთით, რაც იმ დროს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. ახუთის სკოლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი პირველი გამგე იყო სოფელ კურზუს მცხოვრები მარტვილის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა და ანტონ პაპასკირი. მან საკუთარი და საზოგადოებში შეგროვებული თანხით ააგო სასკოლო შენობა სკოლას უკან მიშენებული ჰქონდა ოთახი, სადაც 15მდე მოსწავლე ცხოვრობდა. დიმიტრი ბერულავამ საქმისადმი სიყვარულით და თავისი მუყაითი გარჯით ფასადუდებელი როლი შეასრულა ახუთის სკოლის ფორმირების საქმეში, იგი ქართული ენის დიდი მოტრფიალე იყო და მკაცრად, შეუპოვრად იბრძოდა ქართული სკოლებიდან ქართული ენის განდევნის წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცულია ინსპექტორ პერევერზნიაკოვის მოხსენება, სადაც ნათქვამია; ,, ახუთის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი ბერულავა არ ასრულებს მზრუნველის და დირექტორის ცირკულიარებს ენის სწავლების შესახებ, ქართული ენის სწავლებას პირველი განყოფილებიდანვე იწყებდა და ექვს-ექვს კვირეულ გაკვეთილს ნიშნავდა, ბერულავას საყვედური გამოუცხადეს და დათხოვნით დაემუქრნენ, თუ ამაში შემდეგაც შენიშნული იქნებოდა.’’ სკოლაში მოსწავლეთა წარუმატებლობის მიზეზად პერევეზნიკოვს მიაჩნდა ის, რომ მასწავლებელი დიმიტრი ბერულავა ქართულ ენაში კვირაში ნაცვლად ორი გაკვეთილისა ატარებდა ექვსს. 1899 წლის გურია-სამეგრელოს ეპარქიალურ სამასწავლებლო საბჭოს ზუგდიდის განყოფილების მიერ 32 ნომრით გაცემულ მოწმობაში ნათქვამია; დიმიტრი ბერულავა 1877 წლის პირველი სექტემბრიდან 1889 წლის პირველ იანვრამდე იყო ახუთის სამინისტროს სკოლის მასწავლებელი.1879 წელს ახუთს დიდი უბედურება ეწვია; დიმიტრის მიერ ნაამაგარი სკოლა ცეცხლის ალში გაეხვია. ხანძარმოკიდებულ სახლში პირველად დიმიტრიმ მიირბინა და სკოლის უკანა ოთახში მცხოვრები ბავშვები დაწვას გადაარჩინა, თვითონ კი მძიმე სიდამწვრე მიიღო. ახუთელებისთვის დიდი უბედურება იყო სკოლის დაწვა. საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცულია სკოლის ინსპექტორის ლევიცკის მოხსენება კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისადმი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ხანძრისაგან მთლიანად განადგურდა ახუთის სკოლა და მის აღსადგენად ითხოვდა 3 ათას მანეთს, მაგრამ თანხა არ იქნა გამოყოფილი , საზოგადოებრივი სახსრებით სკოლა უფრო მოგვიანებით ააშენეს. 1889 წლის ბოლოს ახუთის სამინისტროს სკოლა გადააკეთეს სამრეკლო სკოლად, რომელიც სახელდახელოდ აგებულ სრულიად პრიმიტიულ შენობაში იმყოფებოდა. 1881 წელს ინსპექტორი ქორქიევი მოხსენებით ბარათს უგზავნის ლორის მელიქოვს, მაშინდელ განათლების მინისტრს და გრიგოლ ორბელიანს, რომ ახუთის სკოლა სრულიად უვარგისია სასწავლო პროცესისთვის. 1889 წლისთვის სკოლა შედარებით მოღონიერდა და მასში 67 მოსწავლე ირიცხებოდა, მისი წლიური ბიუჯეტი შეადგენდა 325 მანეთს. სკოლაში მუშაობდნენ საკმაოდ განათლებული პედაგოგები; გიორგაძე, კალანდარიშვილი და სხვები. 1915 წლამდე ახუთის სკოლას ერქვა სამრევლო სკოლა , შემდგომ წლებში სკოლამ ცვლილებები განიცადა; 1919-20 წლებში მას ეწოდებოდა უმაღლესი დაწყებითი სკოლა, 1921-22 წლებში რვაწლიანი მთლიანი შრომის სკოლა, 1923-25 წლებში შვიდწლიანი შრომის სკოლა. 1933 წელს ახუთში გაიხსნა საშუალო სკოლა , რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული კულტურის განვითარებაში და მოსწავლეთა სწავლა აღზრდის საქმეში [ ვარლამ როდონაია, ,, რაც დავიწყებით არ იბადება’’].
1879 წლის 23 თებერვალს გაზეთ ,, ცნობის ფურცელში’’ გამოქვეყნდა გურულ-მეგრელის ფსევდონიმით წერილი ,, ახუთის სკოლის დაარსება’’, სადაც ნათქვამია ,, დიდი სასიამოვნო ამბავია სამღებროელებისთვის სკოლის დაარსება და ბედნიერნივ არიან, დიდი მადლობის ღირსია ანტონ პაპასკირი, რომელმაც თავი გასწირა ამ საქმისთვის’’. ახუთის მცხოვრებთა შორის წამოიჭრა საკითხი ქალთა დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ . მთავრობას სთხოვრეს დახმარება , ის იძულებული გახდა 1900 წელს ახუთში გაეხსნა ქალთა დაწყებითი ერთწლიანი სკოლა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა სიხარულით შეხვდა, 1903 წელს სკოლაში 26 მოწაფე სწავლობდა, ხოლო 1914 წელს 54 მოწაფე და ორი მასწავლებელი იყო. ახუთის სკოლის გამგეებად და დირექტორებად სხვადასხვა დროს უმუშავიათ ; დიმიტრი ბერულავას, სერგო ჭანტურიას, სოგრატ ძიმისტარიშვილს, ლიდა პაპასკირს, ანდრონიკე ჯოხთაბერიძეს, ნიკოლოზ ვეკუას და სხვა. სკოლაში მუშაობდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები ; დავით ვეკუა, ეთერ თოდუა, ნინა დადიანი, ემელო ნაროუშვილი და სხვები [ ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი ზაურ ჯალაღონია].
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დავადგინეთ შემდეგი ფაქტი, რომ ახუთის სკოლა დაარსდა არა 1877 წელს , არამედ უფრო ადრე 1870 წელს, რის საფუძველსაც შემდეგი გარემოება გვაძლევს გადმოცემის თანახმად ახუთში გახსნილა პირველი სკოლა რაიონის მაშტაბით გამოდის რომ აღნიშნული სკოლა უსწრებდა როგორც მუხურის ისე კირცხის და სხვა სკოლებს , თუმცა საბუთებში რომელიც ახუთის საჯარო სკოლაში გვაჩვენეს და ასევე ვ. როდონაიას წიგნშიც წერია, 1877 წლით თარიღდება,
სკოლის ადმინისტრაციაც ფიქრობს რომ აღნიშნული სკოლა 1870 წლით უნდა თარიღდებოდეს სამწუხაროდ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი არ მოგვებოვება. სკოლაში გვითხრეს ისიც რომ ორკლასიანი სკოლა, რომელიც ანტონ პაპასკირმა და დიმიტრი ბერულავამ დაარსეს იყო ერთკლასიანი, შემდეგ კი ორკლასიანი სადაც ყოფილა ერთი მასწავლებელი ბორისოვი, რომელიც თითქმის ყველა საგანში ერკვეოდა ბორისოვისგან წამოვიდა სიტყვა ბარსოვი ამას ეძახდნენ ადამიანს, რომელიც ყველაფერში ერკვევა.რაც შეეხება ახუთის საჯარო სკოლის ამჟამინდელ მდგომარეობას სკოლა, რომელიც დღეს სოფლის ცენტრში დგას გაიხსნა 2011 წელს ამჟამად აქ 142 მოსწავლე და 24 მასწავლებელია სკოლის ამჟამინდელი დირექტორი სულხან ჯიჯელავაა.
რაც შეეხება ბაღს , როგორც ბაღის ამჟამინდელი დირექტორი ლელა გაბელია გვეუბნება ახუთში პირველი ბაღი 1960 იან წლებში უნდა გახსნილიყო დღევანდელი ბაღი კი 2015 წელს აშენდა, დღეს ბაღში 31 აღსაზრდელი და 3 ძირითადი აღმზრდელია. რაიონის ერთ – ერთი პირველი აფთიაქი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ახუთში გაიხსნა პოლონელი ფარმაცევტის ვლადიმერ ვოლსკის ინიციატივითა და სახსრებით.
მეოცე საუკუნის 20 იან წლებში გაიხსნა საფერშლო პუნქტი, რომელიც შემდგომში საექიმო პუნქტად გადაკეთდა. ომის შემდგომ წლებში ახუთში 25 ადგილიანი საავადმყოფო აშედნა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მაშინდელ სოფლის თავკაცს გერმანე სანაიას და სავადმყოფოს მთავარ ექიმს დათიკო ჯალაღონიას. ახუთში 1934 წელს უკვე არსებობდა ორი ქოხსამკითხველო. შემდგომ წლებში გაიხსნა სასოფლო კლუბი, კულტურის სახლი , ბიბლიოთეკები. ახუთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელსაც ჟორა საჯაია ხელმძღვანელობდა , რაიონული და რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. სოფელში არც სპორტია დავიწყებული ახალგაზრდობის განკარგულებაშია სპორტდარბაზი, ფეხბურთის ორი მოედანი [ ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი ზაურ ჯალაღონია].
რაც შეეხება ახუთის დღევანდელ მდგომარეობას, როგორც ახუთის საექიმო ამბულატორიის ექიმი ნანი ზარქუა გვეუბნება ახუთში რანდენიმე ათეული წელია რაც არ არის საავადმყოფო, თუმცა გვაქვს ამბულატორია, რომელიც 2014 წლის მაისში დაიდგა ასაწყობი კონსტრუქციით. ახუთში ასევე არის კულტურის სახლის შენობა როგორც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელი შალვა საჯაია გვიყვება დღევანდელი კულტურის სახლი შენდებოდა 1985 -90 წლებში ის თანდათან შენდებოდა 1990 91 წლებში , როდესაც კომუნისტური პარტია წავიდა აქ არაფერი გაკეთებულა, კულტურის სახლი 3 სართულიანია ის გათვალისწინებული იყო შემდეგი რამისთვის
უნდა ყოფილიყო კოლმეურნეობის კანტორა, ბუღალტერია კულტურის სახლი, თითოეულ ოთახს თავისი დანიშნულება ქონდა, თუმცა ეს გეგმა გეგმად დარჩა, რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას გარემონტდა შენობა დღესაც აქტიურად ემსახურება კულტურის სახლი ახუთელებს აქ მეცადინეობენ კარატეს, ასწავლიან ცეკვას, სიმღერას, არის ასევე მძლეოსნური წრე, რადაც აქვთ ყველა საჭირო ნივთი [ შალვა საჯაია, ახუთის კულტურის სახლის ხელმძღვანელი]. ადგილობრივი ტატაჩი გაბედავა გვიყვება სოფლის ცენტრის ოდნავ მოშორებით იყო კლუბი, რომელიც ხისგან იყო აგებული , დიდხანს ფუნქციონირებდა. კომუნისტებმა ხის შენობა დაშალეს, რათა ახალი ბეტონის შენებოთ აეშენებინათ, დღესაც არის მისი კვალი სოფელში, კლუბის აშენებისას მისი გაფართოება მოინდომეს იქვე ახლოს ცობე ჯიქია ცხოვრობდა მას შეუთანხმდნენ, რომ კლუბის ნაწილი მის ეზოში იქნებოდა , თავიდან შეთანხმება დადეს , თუმცა მოგვიანებით ცობეს შვილმა, რომელიც თბილისში იყო, შენობის აშენების უფლება არ მისცა რის გამოც კლუბი არ აშენდა [ ტატაჩი გაბედავა].
- ისტორიული ძეგლები
ახუთში მდებარეობს კუხალაშვილების ოდა რომელსაც 170 წლით ატარიღებენ, ეს ოდა ახუთში მცხოვრებ დადიანებს აუშენებიათ, მათგან კი ეს სახლი დავით პაპასქირმა იყიდა, დავითის შვილია ანტონ პაპასკირი, ანტონს 4 ქალიშვილი ყოლია, ამბროსი კუხალაშვილმა ცოლად შეირთო ანტონის შვილი მავრა , ორივე ოჯახი საეკლესიო ცხოვრებას ეწეოდა რამაც უფრო გააადვილა მათი დაახლოება, მავრასა და ამბროსის დაქორწინების შემდეგ ამბროსი კუხალაშვილი ჩაესიძა ამ სახლში სწორედ აქედან ეწოდება ამ სახლს კუხალაშვილების ოდა, ამ სახლიდან იყო გამოჩენილი ახუთელი ლიდია პაპასკირი, რომელიც პირველი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ქალია საქართველოში [ გია ჩიტაია, ახუთის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე].
გოგოლეთი დღესაც დგას მე 18 საუკუნის ბაზილიკური ეკლესია. ,, გოგოლეთი გოგოლეს, – დიდკაცის ოჯახია, მისი თია ასე განმარტავს ხალხი’’გოგოლეთის ეკლესიის მიდამოებში , მოხუცების გადმოცემით ხვნისაც მიწიდან ყრიან მიწის ცულებს, ისრის წვერებს, დანებს, აქაური წმინდა გიორგის ხატი დიდი და სასწაულმოქმედი ყოფილა. იგი მოუპარავთ და აქ მოუტანიათ სხვა ეკლესიიდან, სადაც იგი რამდენჯერმე წაასვენეს, მაგრამ ისევ უკან დაბრუნებულა თავისით ამიტომაც აქ დატოვეს [ ა. ხარებავა, ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგი]. გოგოლეთის ეკლესია დანგრეული იყო მისი რესტავრაციისთვის 30 ათასი ლარი ეკლესიას შეწირა ფრიდონ ჩიტაიამ , ეკლესიის განახლების პროცესი საგრძნობი ტემპით მიმდინარეობს, ეკლესიები, რომლებიც დღეს რესტავრირდება ძირითადად მოსახლეობის შემოწირულობის შედეგია. გოგოლეთის ეკლესიის ასაშენებლად ქვები ხობიდან დაპქონდათ ურმებით [ გია ჩიტაია. ახუთის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე]. ახუთის სკოლის მასწავლებელი ხათუნა მალანია გვიყვება ერთ საინტერესო ფაქტს ბებიის მონაყოლიდან სკოლაში ასწავლიდნენ ისტორიას ღვთისმსახურებას და გალობებს რუსულად, გოგოლეთის ეკლესისში სკოლიდან მიჰყავდათ მოსწავლეები ყოველ კვირას, სადაც გალობდნენ რუსულად.
ლეგერსამეს ეკლესია ახუთში მდებარეობს ლე წინსართი გვართანაა დაკავშირებული ანუ გერსამიების უბანი. ტაძრის დაარსების თარიღად მოსახლეობის ნაწილი მე 9-11 საუკუნეს ასახელებს მეორე ნაწილი კი მე 19 საუკუნოთ ათარიღებს, ეკლესია მოზრდილ დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევრაწრიული შვერილი აფსიდით. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა, ეკლესიას სამივე მხრიდან ქონია შემოსასვლელი, კარების თავზე მაღალი სწორკუთხა სარკმელია გადაჭრილი ლეგერსამეს უბანს დღეს ლემამფორესაც უწოდებენ,რადგან ის ადგილი მამფორიებითაა დასახლებული. [ ხელოვნებათმცოდნე აბაშიძის გამოკვლევიდან.} საკაჭარაოს უბანში დღესაც დგას ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც გვიან ფეოდალურ ხანას მიაკუთვნებენ, როგორც ჩხოროწყუს მუზეუმის დირექტორი ზაურ ჯალაღონია გვიყვება, ლეგერსამეს ეკლესიაში მსახურობდნენ ; მოძღვართ -მოძღვარი ანდრია ჭალაგანიძე, მღვდელი რაჟდენ ხარებავა და მღვდელი ანდრია გერსამია, ახუთის მთავარანგელოზის ეკლესიაში მსახურობდნენ, მღვდელები; დავით ჯალაღონია, გიორგი ნაროუშვილი, დავით პაპასკირი, ლაზარე ნაროუშვილი , ამბროსი კუხალაშვილი, ანტონ პაპასკირი. ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში დაცული საეკლესიო მეტრიკული წიგნების მონაცემებით ახუთის თემში მე 19-მე 20 საუკუნეების მიჯნაზე მოქმედებდა შემდეგი ეკლესიები : ახუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ლეგერსამეს მაცხოვრის ეკლესია [ ზაურ ჯალაღონია, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი]. სოფლის ცენტრში დგას ძეგლი , რომელიც მეორე მსოფლიო ომში წასულ ახუთელ ჯარისკაცს მიუძღვნეს, რომელიც უცნობი ჯარისკაცის სახელითაა ცნობილი ასევე შინ მოუსვლელსაც ეძახდნენ, არქიტექტორი იყო კოტე ჟვანია , რომელმაც ეს ძეგლი საჩუქრად გაუკეთა ახუთს როგორც ბატონი ტატაჩი გაბედავა გვეუბნება ეს ძეგლი 1975 წლიდან დგას სოფელში [ ტატაჩი გაბედავა]. ნაზოდელავუს მღვიმე მდებარეობს ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 240 მ სიმაღლეზე ეს მღვიმე კლასტოკარსტულია ეს ადგილი ნასახლარია თავიდან აქ ზოდელავები ცხოვრობდნენ დღეს კი მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს .
სოფლის მეურნეობა
მთელ სამეგრელოში, ისევე როგორც ახუთში მოსახლეობის ძირითადი საარსებო წყარო იყო მცენარე ღომი, არსებობდა ღომის რამდენიმე ჯიში: ჩქინებური, ციცუა და კიტაია. ყველაზე მეტად კიტაიას ჯიში გამოიყენებოდა , რომლის მარცვლებიც შედარებით დიდი იყო წელს ზემოთ მოშიშვლებული იყო რის გამოც უწოდეს კიტაია. საკვებად გამოსაყენებელი ღომი აუცილებლად უნდა დაეცრათ, ამისთვის გამოიყებევოდა ხის მორი, რომელსაც ზედაპირი საკმაოდ ჩაღრმავებული ქონდა რასაც ჩხარუას უწოდებდნენ, ამ პროცესს ძირითადად ქალები ასრულებდნენ, ორ-სამ ქალს ხელში ეჭირა ხის ჯოხეები და რიგრიგობით ურტყამდნენ ჩამურში ჩაყრილ ღომს. ღომის კერძი შემდეგნაირად მზადდებოდა მრგვალი მოყვანილობის თუჯის ქვაბში ჩაყრიდნენ ღომის მარცვლებს კარგად გარეცხავდნენ და ღია ცეცხლზე ხარშავდნენ, მიღებულ ფაფას ყველთან, ხორცთან ერთად მიირთმევდნენ. მე 18 საუკუნიდან გლეხი თანდათანობით ღომის თესვას თავს ანებებს და მის ნაცვლად მოჰყავთ სიმინდი, რაც შრომას უფრო ამარტივებდა , რადგან მომწიფებული სიმინდი თვითითონ ხმება , როგორც საკვები პროდუქტი ისეთივე ნოყიერია, როგორც ღომი. ასევე ხორბალსაც თესავდნენ მოჰყავდათ ჭვავი, პიტა ქობალი. ახუთში მევენახეობაც ყოფილა განვითარებული აქ კარგად ხარობდა ვაზის მრავალი ჯიში : ადესა, იზაბელა, ციცკა, ოჯალეში, ჭყვიტილური. საუკეთესო სასმელად განთქმული ყოფილა ოჯალეშის ღვინო. ვაზის მოვლის წესები შემოიფარგლებოდა მხოლოდ ადრე გაზაფხულზე სხვლით, რისთვისაც ხმარობდნენ სპეციალურ ვაზის მაკრატლებს. . ყველა ოჯახში ყოფილა მარანი , მეგრელებისთვის მარანი წმინდა ადგილი იყო ამიტომ აქ ხშირად ტარდებოდა რელიგიური რიტუალებიც, ძველად ბავშვს მარანში ნათლავდნენ, ახუთში გავრცელებული ყოფილა მესაქონლეობა , მართალია ახუთს გეოგრაფიოული მდებარეობა ხელს არ უწყობდა მაგრამ ახუთელების მეურნეობა წარმოუდგენელი იყო ძროხის , ცხვრის, თხის , ღორის გარეშე [ ხათუნა ნაროუშვილი, ძმის ვახტანგ ნაროუშვილის ჩანაწერებიდან]. გამოვიკითხეთ მოსახლეობა სოფლის ერთ -ერთმა უხუცესმა ტატაჩი გაბედავამ რომელიც 1972 წლიდან აგრონომად მუშაობდა საინტერესო ფაქტები მოგვიყვა სოფლის მეურნეობაზე მისი თქმით; კოლმეურნეობის დროს ძირითადად იყო ჩაის კულტურა, სოციალისტური წყობილების დამყარებამდე კერძო საკუთრება იყო და ოჯახებში ჰქონდათ ვენახები, ამ პერიოდიდან მევენახეობა ძალიან განვითარდა, დღეს კი მევენახეობა სოფელში არაა განვითარებული, სულ რამდენიმე ოჯახია, რომლებსაც 200 ან 300 ძირი ვენახი აქვთ. სოფელში მევენახეობის განვითარების მიზნით ახუთში ვენახები გააშენეს ხარებას მეღვინეობამ, ძველად არ იყო ახუთში ოჯახი ,რომელსაც არ ქონდა ვაზი, როცა ოჯახს ცალკე კომლი გამოეყოფოდა და ოჯახის უფროსი მას ცალკე მიწის ნაკვეთს მისცემდა, პირველი რასაც აკეთებდნენ აშენებდნენ ვაზს. სოფელში მევენახეობა იმდენად ყოფილა განვითარებული, რომ ყოფილა ღვინის ქარხანა, სადაც დღეს კულტურის სახლი დგას, როგორც ბატონი ტატაჩი გვეუბნება ამ ტერიტორიაზე აღნიშნული ქარხანა 1960 წლამდე მდგარა, შემდეგ კი ჩხოროწყუში გახსნილა ღვინის ქარხანა. კოლმეორნეობის ჩამოყალიბებისას მევენახეობა ჩაანაცვლა მეჩაიეობამ, გაიხსნა ჩაის პლანტაციები, დარგეს ჩაი , ზოგჯერ ვენახებსაც ძირიანად იღებდნენ და იმ ადგილზე ჩაია მოჰყავდათ, 1972 წელს როცა აგრონომად დავიწყე მუშაობა 706 ტონა ჩაი იკრიფებოდა მოგვიანებით 1985-98 წლებში 1800 ტონა ჩაი იკრიფებოდა სოფელში, სოფელში მანდარინიც იყო გაშენებული, თუმცა ყველგან არა, რადგან არ იყო მანდარინისთვის განკუთვნილი კლიმატი ძირითადად სოფლის ცენტრის მიდამოებში მოჰყავდათ მანდარინი ყინვებმა მანდარინები გაანადგურა მთავრობასაც აღარ დაუვალებია მოსახლებისთვის მანდარინის ხელახლა გაშენება. რაც შეეხება თხილს კოლმეურნეობის დროს თხილის პლანტაციები არ იყო, შეიძლება ქონოდა რამდენიმე ოჯახს მასიმუმ 20-25 ძირი, სოციალისტორი წყობილების დამყარებამდე სოფელში ქონიათ თხილის პლანტაციები კერძო მეურნეებს, მაგრამ კოლმეურნეობამ გააჩეხინა, დღეს კი სოფელში თხილი ერთ -ერთი შემოსავლის ძირითადი წყაროა [ ტატაჩი გაბედავა]. ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგში ვნახეთ ცნობა შიოს მარანზე, შიო ძველი კაცი ყოფილა ახუთში ქონია თავისი კარმიდამო და დიდი მარანი, 30-40 კოკიანი ქვევრები ყოლია აქ ჩაფლული, სულ სავსე და დაუცლელი იყო თურმე შიოს მარანი. ისე გულუხვი ყოფილა შიო, რომ აქ გამვლელ არც ერთ კაცს არ გაუშვებდა, თავის მარანში არ შეეყვანა და არ გამასპინძლდებოდა. ასეთ უხვ კაცს ღვინო და პურმარილი არ აკლდებოდა და ამიტომ შიოს მარანი სამაგალითოდ ქონიათ. ,, შიოს მარანიცალო ეგოფშასია’’ – შიოს მარანივით აგავსოსო, იტყოდნენ და იტყვიან დღესაც. შიოს 120 წელი უცხოვრია და უწვალებლად, ჩიტივით მომკვდარა. შვილებისთვის დაუბარებია სულ კეთილები, უხვები იყავით, როცა თქვენს სახლში ლხინი იქნება მე ჩიტად გადავიქცევი, მოვფრინდები და თქვენს ლხინს მივესალმებიო [ გ.გოგუა, ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგი]. როგორც ჩხოროწყუელი ბლოგერი ლაშა მებონია გვიყვება, ქალაქ თბილისში დღემდე არის ახუთის ქუჩა, რომელიც სვანეთის უბანშია, ახუთი ოდიდგანვე მეღვინეობის ცენტრად ითვლებოდა ხუმრობით მას სამეგრელოს კახეთსაც უწოდებდნენ, თბილისში ადგილობრივ ვაჭრებს ჭვიტილურის ჯიშის ღვინო წაუღიათ ზუსტად ამ მეხსიერებას უკავშირდება დედაქალაქში ამ სახელწოდების ქუჩა.
- გამოჩენილი ადამიანები სოფლიდან
ახუთში რამდენიმე განთქმული გვარი ცხოვრობდა ერთ -ერთი იყო ზოდელავებისა რომლის წარმომადგენელიცაა სამსონ ზოდელავა, ის ეკონომიკურად შეძლებული იყო 1919 წელს გარდაიცვალა ყავდა 9 შვილი 6 ვაჟი და 3 ასული, მათი აღზრდა დედამ სოფიო ჯაფარიძემ ითავა. ანდრო ზოდელავას ძმა მამია იგონებს ,, დედაჩემის ძმები ბაგრატ, დიმიტრი, და ილიკო ჯაფარიძეები სოფელ ნაფიჩხოვოში ცხოვრობდნენ მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არაფერს არ აკლებდნენ ობოლ დიშვილებს . ახუთიდან იყვნენ სამსონ ზოდელავას ახლო ნათესავები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ზურაბ ზოდელავა, პროფესორი გივი ზოდელავა, დოცენტი ნელი და ლევან ზოდელავები. ანდრო ზოდელავა ერთ – ერთი შესანიშნავი პიროვნება იყო, დაიბადა 1905 წელს ახუთში, 16 წლის არც კი იყო , როცა მან თავის მშობლიურ სოფელში ჩამოაყალიბა კომკავშირული ორგანიზაცია 1921 წლის აგვისტოში ის აირჩიეს საქართველოს კომკავშირის პირველი ლეგალური ყრილობის დელეგატად. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის გიმნაზია და მტკიცედ შეაბიჯა ფეხი შრომის ფერხულში. კომკავშირის თბილისის ცენტრალური კომიტეტის აპარატში განყოფილების გამგედ დაიწყო მუშაობა, მალე დააწინაურეს და საქართველოს კომკავშირის კომიტეტის ცენტრალური კომიტეტის აპარატში გადაიყვანეს, როცა 20 წლის იყო სამუშაოდ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მიავლინეს, მალე ანდროს აწინაურებენ და ერთ ერთი სამინისტროს უფროსი ხდება. ის სწავლას დაუსწრებლად განაგრძობდა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს იყო ლეიტენატი, მაიორი, საქართველოს ცკ-ის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ , ჰიტლერის ამოცანა იყო კავკასიის დაპყრობა დარიალის ხეობისკენ მოიწევდა მტერი. ცენტრის გადაწყვეტილებით ლეიტენატი ანდრო ზოდელავა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების და შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად გადაიყავენს, ანდროს მეთაურობით გერმანელი ფაშისტები დაამარცხეს. ომიანობის წლებში საბჭოთა კავშირის შტაბის უფროსი არმიის გენერალი შტემენკო თავის წიგნში ,, გენერალური შტაბი არმიის წლებში’ მაღალ შეფასებას აძლევს გენერალ ანდრო ზოდელავას საბრძოლო დამსახურებას. საბჭოთა მთავრობამ სათანადოდ შეაფასა გენერლის დამსახურება. იგი დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორი წითელი ვარსკვლავის, სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენითა და 5 მედლით. მისი ქალიშვილები მაია და მედეა მოსკოვში ცხოვრობდენ. ვანო ზოდელავა დაიბადა 1912 წელს ახუთში იქვე მიიღო დაწყებითი განათლება, შემდეგ გადადის თბილისში ამთავრებს რკინიგზის ტექნიკუმს და სწავლას აგრძელებს ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში ქიმიურ ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. იყო კომკავშირის კომიტეტის გენერალური მდივანი, ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სამუშაოდ აგზავნიან საქართველოს კონტროლის სახალხო კომისარიატში ერთ -ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1941 წელს ვანო მოხალისედ მიდის მეორე მსოფლიო ომში და როგორც ოფიცერი ინიშნება ოცეულის მეთაურად , მისი ოცეული რისხვად ატყდებოდა მტერს მათ არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს. მისი ოცეული განთქმული იყო ბრძოლით მას ,, ზოდბატს ‘’ ეძახდნენ. დიდი სამხედრო დამსახურებისა და მეომრული თვისებების გათვალისწინებით ვანოს კაპიტნის წოდება მიანიჭეს და დივიზიის ქიმიური სამსახურის უფროსად დააწინაურეს, ვანომ ბრძოლის შემდეგ ნაომარი ადგილები დაათვალიერა , რათა შეევსო ქიმიური დაცვის საშუალებათა მარაგი. მან შეაგროვა 200 ათასი საბრძოლო ვაზნა და ჩააბარა დივიზიის საწყობს, ზოდელავამ და მისმა მებრძოლებმა არაერთხელ ისახელეს თავი ტამანის და ყირიმის გათავისუფლების საქმეში, სადაც მან საბრძოლო დავალების შესრულებისთვის მეორედ მიიღო წითელი ვარსკვლავის ორდენი, ვანომ და მისმა მებრძოლებმა არნახული გმირობა გამოიჩინეს სევასტოპოლის ბრძოლაში, ამ ბრძოლის შემდეგ ვანო წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა. არმიის საველე გაზეთები წერდნენ; ,, ქართველი ოფიცერი ვანო ზოდელავა მეტად თავაზიანი, მომთხოვნი, ობიექტური და უშიშარი მეთაურია, ბრძოლის ველზე დიდ საზრიანობას იჩენს, პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებს ჯარისკაცებში. დადგა მსოფლიოს პროგრესული ხალხის წლობით ნანატრი გამარჯვება, 1946 წლის 16 სექტემბერს ვანო ზოდელავა მაიორის ჩინით, 4 ორდენით, 7 მედლით მკერდდამშვენებული და უმაღლესი მთავრსარდლის იოსებ სტალინის 12 მადლობით გასხივოსნებული დაბრუნდა საბჭოტა არმიის რიგებიდან, 5 წელი და 3 თვე სახელდახელოდ ემსახურებოდა სამშობლოს დაცვის საქმეს. 1950 წლის აპრილიდან გადმოჰყავთ საქართველოს კპცკ ის მძიმე მრეწველობის განყოფილებაში, ის მოულოდნელად 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა წარმოშობით სოფელი ახუთი ერთ -ერთი გამორჩეული სოფელია არა მარტო ჩხოროწყუს რაიონში არამედ , მთელს საქართველოშიც , ახუთიდან იყვენენ; მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი აკადემიკოსი ნიკოლოზ ვეკუა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ბერლინელი აკადემიკოსი კირილე ვეკუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პეტერბურგის სამხედრო- სამეცნიერო აკადემიის პროფესორი აკაკი ვეკუა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვლადიმერ ვეკუა, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი იონა ჯღარკავა, ტექნიკურ მეცნიერენათა დოქტორი პროფესორი გივი ზოდელავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გიორგი შუბლაძე, საქართველოში პირველი მეცნიერი ქალი ლიდა პაპასქირი, ცნობილი პარტიული და საზოგადო მოღვაწეები დამიანე ჯიჯელავა და გობრონ ჯოხთაბერძე. ახუთში ცხოვრობდა სანდრო ჯიჯელავა, რომელსაც ვუნდერკინდს ეძახდნენ. იგი დაიაბდა 1924 წელს ფიზიკურად ჯანმრთელი,1931 წელს ჩაირიცხა ახუთის სკოლის პირველ კლასში, მან თავიდანევე მიიპყრო მასწავლებელთა ყურადღება ყველა საგანში ხუთები ყავდა მესამე კლასიდან გაკვეთილის პროცესში მასწავლებლებს ისეთ კითხვებს უსვამდა, რომ მასწავლებლები უხერხულში ვარდებოდენენ კითხვებზე არ ქონდათ პასუხები. განსაკუთრებით აინტერესებდა ზუსტი მეცნიერების საგნები, მეშვიდე კლასში სწავლისას თითქმის უმაღლეს დამთავრებულის დონეზე იყო. პატარა ,, გალუა’’ შეარქვეს მას მართლაც რომ პგავდა მათემატიკის გენიოსს ფრანგ გალუას. მერვე – მეცხრე კლასში ადამიანის ანატომიით დაინტერესდა , სწავლობდა ადამიანთა ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზებს, მისი განკურნების საშუალებებს, ლათინური ენაც შეისწავლა , რათა სრულეყო თავისი სამედიცინო ცოდნა, თვით დამსახურებულ ექიმებსაც თეორიულად ტოლს არუდებდა ავადმყოფების დიაგნისტიკაში. ნებისმიერი რეცეპტის შედგენა და გამოწერა შეძლო. მეზობელი სოფლებიდანაც დადიოდნენ ავადმყოფები ახუთელ ვუნდერკინგთან, რეცეპტს, რომ გამოწერდა ავადმყოფს ეტყოდა, წადი საექიმო პუნქტში ბეჭედი დაასმევინეო. ერთხელ სანდრომ სასწავლო – სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება , თემაზე ,, ქალი და მამაკაცი’’ პედკოლექტივი და დამსწრე საზოგადოება განცვიფრებული დარჩნენ თემის მასშტაბურობითა და მეცნიერული შინაარსით. რუსული ენა იმდენად დამაჯერებლად შეისწავლა , რომ დედანში თავისუფლად კითხულობდა პუშკინს, ლერმონტოვს, დოსტოევსკის, დაინტერესებული იყო გერმანული ენის შესწავლით, გოეთესა და შილერის დიდი ტრფიალი იყო. იმ პერიოდში საქართველოს ისტორია მკრთალად ისწავლებოდა, მიუხედავადა ამისა სანდრომ ძველ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ბრწყინვალედ შეისწავლა საქართველოს ისტორია და კულტურა , მას ქართული ისტორიული ძეგლები ფიზიკურად არც კი ქონდა ნანახი, მაგრამ ფუნდამენტალურად შეეძლო ნებისმიერი ძეგლის დასახელება , ცნობილი პარტიული და საზოგადო მოღვაწე სანდროს თანამერხელი გობრონ ჯოხთაბერიძე იგონებს ,, სანდრო ჯიჯელავა ფენომენი იყო, რამდენიმე უცხო ენის მცოდნე, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, მკურნალი, მხატვარი, მე 6 კლასში ყოფნისას მახსოვს მე 10 დამამთავრებელ კლასში განათლების სამინისტროდან მათემატიკაში რთული ამოცანები მოდიოდა, რომლის გადაწყვეტა ხშირად მასწავლებლებსაც უჭირდათ მეექვსე კლასელი სანდრო რაღაც წუთებში იყვანდა ამოცანებს და მოხერხებულად აწვდიდა ,, ჭირში ჩავარდნილ ‘’ მეათეკლასელებს სანდრო 1941 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ,მაგრამ მამის სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო , იძულებული გახდა თავი მიენებებინა სწავლისთვის და მშობლიურ სოფელს დაბრუნებოდა, საშუაოლო სკოლა დამთავრებული სანდრო ახუთის საშუალო სკოლის ფიზიკა- მათემატიკის მასწავლებელი გახდა, რაიონში ნომერ პირველ მასწავლებელს ეძახდნენ მას. სანდრო ჭლექით დაავადდა და 1942 წელს 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ ერთი გამორჩეული ახუთელი იყო გიორგი შუბლაძე ის დაიბადა 1934 წლის 15 მაისს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში. 1952 წელს ბატონი გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. პირველი კურსიდანვე 18 წლის ახუთელმა ყმაწვილმა პროფესორ- მასწავლებლების საგანგებო ყურადღება მიიქცია, როგორც საუკეთესო სტუდენტმა. აქტიურდ მონაწილეობდა უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო ალკკ კურსბიუროს მდივანი. 1955 წელს უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა მისი სტატია,, სტუდენტთა მუშაობის გაუმჯობესებისთვის’’, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის წიგნის ,, სტუდენტური სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაციის’’ განხილვას. 1968 წელს გიორგი წარჩინებით ამთავრებს ასპირანტურას, იცავს დისერტაციას იმ დრიოსთვის მეტად აქტუალურ ,, წარმოებისა და ვაჭრობის კავშირურთიერთობის ‘’ საკითხზე. გიორგი მთლიანად იძირება მეცნიერული კვლევა ძიების უკიდეგანო ოკეანეში. 1976 წელს დაისტამბა მისი წიგნი ,, ვაჭრობის მართვის საფუძვლები’’, რომელოც სტუდენტებისთვის სამაგიდო და დამხმარე სახელმძღვანელო გახდა. ეს პირველი სახელმძღვანელო გახდა მთელს საბჭოთა კავშირში, ასევე მართვის პრობლემებზე მან მოსკოვში რამდენიმე მონოგრაფიული ნაშრომი გამოაქვეყნა. 1986 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო- პრაქტიკულ კონფერენციაზე გიორგი გამოდის მოხსენებით ,, საქონლის რეალიზაციის პრობლემები და მარკეტინგი ‘’. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველად საქართველოში მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,, საბაზრო ეკონომიკის პრობლემები “ მისი მეცნიერული სტატიები სისტემატურად ქვეყნდება ისეთ საკავშირო გამოცემებში, როგორიცააა ,, კომერჩესკი ვესტნიკ’’, ,, ეკონომიჩესკაია გაზეტა’’, დასხვა. უნივერსიტეტში გიორგიმ საფუძველი ჩაუყარა მთელი რიგი ახალი საგნების სწავლებას, ,, მენეჯმენტი’’, ,, ბიზნესის საფუძვლები’’, ,, ბიზნესის ფსიქოლოგია’’, ,, მარკეტინგი ‘’ და სხვა. გიორგი 100ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორია, მათ შორის ცალკე წიგნად ქართულ და უცხოურ ენაზე გამოცემულია 15, აქედან 5 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელოა, 4 კი მონოგრაფიული გამოკვლევვა. მან გამიჯნა ქართულ ლიტერატურაში ცნებები, ,, ეფექტიანი’’ და ,, ეფექტიური’’. გიორგი შუბლაძე 40 წელი მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1970 წელს გიორგის თავს დაატყდა დიდი უბედურება, მოულოდნელად გარდაეცვალა შვილი თამრიკო, რომელიც მეხუთე კლასში იყო, გიორგიმ უარი თქვა ყოველგვარ რიტუალებზე და თამრიკოს ნათელს სახელს და მის დაუვიწყარ ხსოვნას 2 სქელტანიანი წიგნი მიუძღვნა. ერთი 1976 წელს , მეორე 1985 წელს. ანდრონიკე ჯოხთაბერიძე დაიბადა 1881 წელს ახუთში მან წარმატებით დააამთავრა გიმნაზია და მასწავლებლად გამწესებულ იქნა მშობლიური სოფლის ახუთის სკოლაში. მისი აღზრდილ -ნამოწაფართაგან აღსანიშნავია აკადემიკოსი ნიკოლოზ ვეკუა, საქართველოDში ცნობილი მკურნალი პროფესორი ვლადიმერ გერსამია, მეცნიერებათა კანდიდატი გალაქტიონ გერსამია. ახუთში რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ ანდრონიკე სამუშაოდ გადადის ოჩამჩირეში შემდეგ კვლავ ბრუნდება ახუთში და ლესიჭინეში იწყებს მუშაობას მასწავლებლად. ანდრონიკეს ნამოწაფარი ნიკოლოზ ვეკუა იგონებდა : ,, როგორც კი ზარი დაირეკებოდა თუ ანდრონიკე მასწავლებელის გაკვეთილი იყო მყისვე საკლასო ოთახში შევვარდებოდით, ზეზე მდაგარი ვუცდიდით მასწავლებლის შემობრძანებას, გაკვეთილის ახსნას, რომ დაიწყებდა მთელი ყურადღებით ვუსმენდით, თავის მიბრუნებაც არ შეიძლებოდა , გზა და გზა ოსტატურად ისეთ სიტყვებს ჩართავდა, რომ ყველას გაგვამხიარულებდა , მოძრაობაში მოგვიყვანდა, ძალიან ხშირად გაკვეთილს თვით გაკვეთილზე ვსწავლობდით, არ მახსოვს გაკვეთილზე მასწავლებელს მოსწავლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინოს’’. ანდრონიკე ახუთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას ყავდა 5 შვილი ხუთივემ თბილისში მიიღო განათლება და ბეჯითად ემსახურებოდნენ ეროვნულ საქმეს. გიორგი სკოლის დამთავრების შემდეგ სოფელში დარჩა გახდა საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი, ნონა სპეციალობით ქიმიკოსი იყო, აფხაზეთის სხვადასხვა სკოლებში მუშაობდა ქიმიის მასწავლებლად, მინიჭებული ქონდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება. თინა სპეციალობით ფილოლოგი მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის განყოფილების გამგედ, მინიჭებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. ანდრონიკე 1939 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვლა დაკრძალულია ახუთში. ახურიდანაა ასევე მერაბ კოსტავას დედა ოლღა დემურია [ ვარლამ როდონაია, რაც დავიწყებით არ იბადება ]. გაზეთ ,,საფარველში ‘’ ვკითხულოვთ ლიდია პაპსქირზე ის დაიბადა სოფელ ახუთში 1898 წლის 14 აგვისტოს , ლიდიას ნათლისღების საიდუმლო აღასრულა მღვდელმა დავით პაპასქირმა , მისი ნათლია იყო ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე თედო ჟორდანია. პირველდაწყებითი განათლება ლიდიამ ახუთში მიიღო 4 კლასი ხონში დაასრულა, მეხუთე კლასიდან კი სწავლობდა ქუთაისის ეპარქიალურ სასწავლებელში, რომელიც 1917 წელს დაამთავრა, იმავე წელს მასწავლებლად იწყებს მუშაობას ახუთის სკოლაში, 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნისთანავე მიაშურა ცოდნის ტაძრს და ჩაირიცხა ეკონომიკურ ფაკულტერზე. 1919 წლის დეკემბერში უნივერსიტეტისა და სახალხო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაწყდა ცოდნის მისაღებად გერმანიაში ქართველ ახალგაზრდათა ჯგუფის გაგზავნა, რომელიც მიზნად ისახავდა მეცნიერების სხვადასხვა დარგში ეროვნული კადრების აღზრდას. ლიდია 1901 წლიდან 1903 წლამდე ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ ფილტვების დაავადების გამო გადავიდა სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ტიუბინგენში. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ გერმანიაში გაგზავნილ სტუდენტებს მხოლოდ 6 თვე ეძლეოდათ სტიპენდია. ქართველმა სტუდენტმა, როგორც პერსპექტიულმა ნიჭიერმა მკვლევარმა, ცნობილი ეკონომისტის პროფესორ რობერტ ვილბრანდტის ყურადღება მიიქცია და ლიდია მისი ხელმძღვანელობით მეცნიერულ მუშაობას ჰკიდებს ხელს. სოციალური პრობლემებისადმი ინტერესს ლიდია ახალგაზრდობიდანვე იჩენდა , როგორც პროფესორი ე. კოდუა არნიშნავს, უმაღლეს სასწავლებელში იგი თავიდანვე ორიენტაციას იღებს სოფლის მეურნეობის დარგებზე, ცდილობდა მოეძებნა ოპტიმალური გზები , რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა გლეხების სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება და შრომის ნაყოფიერების ზრდა. მან საკვლევ თემად ევროპის ერთ -ერთი მოწინავე ქვეყნის დანიის კოოპერაცია აირჩია. აღსანიშნავია ის დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა, რომელიც წილად ხვდა ლიდიას როგორც გერმანიაში, ისე სხვა ქვეყნებში [ გაზეთი, ,, საფარველი’’]. 1924 წელს ტიუბინგენის უმაღლესმა ტექნიკურმა სასწავლებელმა ლიდია მიავლინა დანიაში, სადაც ერთი წლის მუშაობის შემდეგ, წარმატებით დაიცვა სადოქრორო დისერტაცია თემაზე, ,, პირველი ამხანაგობანი დანიის სოფლის მეურნეობაში’’. სწავლულთა საბჭომ ნაშრომს უმაღლესი შეფასება მისცა და შუამდგომლობასც მისცეს მის გამოქვეყნებაზე. ნაშრომი გერმანიის ყველაზე პოპულარულ ჟურნალში დაიბეჭდა. 1926 წელს ლიდია სამშობლოში დაბრუნდა და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას შეუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1932 წლიდან კი პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით მარქსიზმის კლასიკოსთა შრომები თარგმნა. მან პირველმა თარგმნა მარქსის ,, ზედმეტი ღირებულების თეორია’’ მე 3 ტომი, ხოლო როცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან გაიხსნა თარგმანების განყოფილება, იქ ლიდიაც მიიწვიეს. სწორედ მაშინ ითარგმნა მის მიერ მარქსისა და ენგელსის ,, გერმანული იდეოლოგია’’. მასობრივ პოლიტიკური რეპრესიების დროს, 1937 წელს ლიდია დააპატიმრეს და გადაასახლეს. საიდანაც 10 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ მძიმე წლებმა მისი ჯანმრთელობა შეარყია. ის კვლავ შეუდგა მთარგმნელობით მუშაობას და არა ერთი მხატვრული ნაწარმოები თარგმნა გერმანულიდან, მათ შორის ბელა ბალაშის ,, ჰაინრიხი იწყებს ბრძოლას’’ – გამოვიდა 1958 წელს, 1960 წელს გერმანული თქმულებანი ,, ლორეალი’’, 1961 წელს გოტფრიდ კელერის ,, რომეო და ჯულიეტა’’, რომელიც რ. ქებურიძესთან ერთად თარგმნა [ ირმა ესართია, ჟურნალი ,, ჩხოროწყუ’’]. თვითონ წერს : 1937 წელის 12 აგვისტოს დამაპატიმრეს ჩემს სოფელში, სადაც დასასვენებლად ვიყავი ჩასული. ერთი თვე ვიმყოფებოდი რაიონის შინსახლკომში, იქიდან ჩემივე თხოვნით გადმომაგზავნეს თბილისის შინსახლკომში, საიდანაც 7 თვის შემდეგ გამგზავნეს ჩრდილოეთ ურალში 10 წლით. 1947 წელს ვადის გასვლის შემდეგ , გამათავისუფლეს და დავბრუნდი სოფელ ახუთში, საიდანაც 1948 წლის 22 დეკემბერს ისევ დამაპატიმრეს, გამომგზავნეს თბილისში, შინსახლკომში, საიდანაც ხუთი თვის შემდეგ გადამასახლეს ციმბირში. 1954 წლის სექტემბერში საერთო წესით გამათავისუფლეს და დავბრუნდი საქართველოში, ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. ლიდია პაპასკირი გარდაიცვალა 1961 წლის 23 მარტს თბილისში. დაკრძალულია სოფელ ახუთში, მთავარანგელოზთა ეკლესიის ეზოში, დედა მინადორასა და და მაურასთან ერთად. ლიდიას დის მავრას მეუღლე ამბროსი კუხალაშვილი ახუთისა და ლეგერსამეს ეკლესიებში მოღვაწეობდა, ის კომუნისტურ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა რის გამოც ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს თბილისში 1938 წლის 12 მარტს, საფლავი უცნობია. ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორის ორგანიზებით 2018 წელს ჩატარდა ლიდია პაპასქირის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება, საფლავზე პანაშვიდი გადაიხადა მღვდელმა ალექსი რეკვავამ [ ზაურ ჯალაღონია]
- საბჭოთა პერიოდის ახუთი
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან სოფელში პარტიათა შორის წინააღმდეგობა თანდათან გამწვავდა. უთანხმოება ძირითადად ბოლშევიკებს, მენშევიკებსა და ეროვნულ დემოკრატებს შორის მიმდინარეობდა. ბოლშევიკურ ორგანიზაციებს ბიქტორ ჩიტაია ხელმძღვანელობდა, მენშევიკებს სათავეში მირო ჯიქია ედგა, ხოლო ეროვნულ დემოკრატებს ვალოდია შუბლაძე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისთანავე ახუთში რევოლუციური კომიტეტი შეიქნა, ხოლო საბჭოების პირველი არჩევნების შემდეგ სათემო საბჭო აღმასკომი ჩამოყალიბდა. 1929 წლიდან 1991 წლამდე ჯერ მშრომელთა დეპუტატების, შემდეგ კი სახალხო დეპუტატების სასოფლო საბჭოს აღმასკომი ფუნქციონირებდა. სხვადასხვა დროს მის თავჯდომარეებად მუშაობდენენ; ილიკო ჯალაღონია, ელიზბარ უბირია, აკაკი დემურია, კალისტრატე კაკულია, ინდიკო ჯიქია, ოტელო ვეკუა. მმართველობის ფორმის შეცვლის შემდეგ სოფლის გამგებლად მუშაობდა ჯუმბერ ჯღარკავა, რომელიც ოტელო ვეკუამ შეცვალა. 2002 წლიდან ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოს შემადგენლობაში არჩეულ იქნენ ; ბესიკ ესებუა, როლანდ გაბედავა, ზურაბ ჯიქია, რომლებიც ახალი მემარჯვენე პარტიის წევრები არიან. საკრებულოს თავჯდომარედ არჩეულია ბესიკ ესებუა, ხოლო მდივნად – როლანდ გაბედავა. 1924 წლის ცნობილი აჯანყების ერთ ერთი მოთავე ახუთელი ვალოდია შუბლაძე იყო, იგი აჯანყების ხელმძღვანელობის ჩხოროწყუს პარიტეტული კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდა. მისმა რაზმა დაიკავა ახუთი, გარახა და ჩხოროწყუში დაბანაკებულ ბოლშევიკებს შეუტია. როგორც ცნობილია აჯანყებულებს ძალაუფლება მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდათ, დამარცხების შემდეგ მეთაურები და აქტიური მონაწილეები დააპატიმრეს. მათ შორის იყო ვ. შუბლაძეც, ბოლოს ისინი შეიწყალეს და რამდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ ოქრომბრის ცნობილი მანიფესტით გაათავისუფლეს. 30 იან წლებში რეპრესირებულ იქნა 23 ახუთელი; ფილიპე ასმავა , ისლამი და მიშა ბარამიები, ისაკი ბერულავა, უშანგი გერსამია, ბიჭიკო გოგინავა, ალექსანდრე დგებუაძე, გრიგოლ თოდუა, ამბროსი კუხალაშვილი, გიორგი მამულია, სანდრო სანაია, ვლადიმერ საჯაია, ვალოდია შენგელია, გაბრიელ ჩიტაია, იოსებ, პილა, ეპი, ილიკო, გუჯუ, ერმანე ჯალაღონიები, გრიშა ჯაიანი, ანტონ ჯანჯრავა, მირო ჯიქია. რეპრესიებმა უარყოფითი კვალი დაამჩნია სოფელს, შემდგომში დიდი უბედურება მეორე მსოფლიო ომმა მოუტანა ახუთს, არმიაში 507 კაცი იქნა გაწვეული, აქედან ნახევარზე მეტი 267 არ დაბრუნებულა , მრავალია ისეთი ოჯახები, საიდანაც სამი – ოთხი შინმოუსვლელია. ომში მამაცობისთვის 240 ახუთელი დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. მათი რიგებიდან გამოირჩეოფნენ; კაპიტონ ახალაია, ბაგრატ ბებია, სანდრო გოგია, ტარიელ თოდუა, კალისტრატე კაკულია, გერმანე საჯაია, დათიკო და ილია ჩიტაიები, ალექსი ხურცილავა და მრავალი სხვა. შინმოუსვლელთა უკვდავსაყოფად ახუთის ცენტრში აღმართულია ახუთელი მოქანდაკის კოტე ჟვანიას მიერ შესრულრბული ჯარისკაცის ქანდაკება. ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ახუთელებმა დიდი მუშაობა გასწიეს საკოლმეურნეო საქმის ორგანიზაციისთვის. 1929 წლიდან ჩამოყალიბდა მიწის კოლექტიურად დამმუშავებელი 7 ამხანაგობა, რომლის წევრები სოფელში შექმნილი სავეკუოს, ლეგერსამეს, საჩიტაიოს, პირველი და მეორე ახუთის კოლმეურნეობებში გაერთიანდნენ. 1934 წლისთვის ახუთში არსებობდა მევენახეობის საბჭოთა მეუნეობა ,, კოლხიდა’’. აქაური კლიმატი და ნიადაგი საშუალებას იძლეოდა, რათა წარმოებულიყო მაღალი ხარისხის სუფრის ღვინო. 1935 წლიდან მეურნეობა მოსახლების მოთხოვნით კოლმეურნეობად გადაკეთდა და ჩამოყალიბდა ახუთის კოლმეურნეობა. ახუთის კოლმეურნეობის თავჯდომარეებად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ; ერასტო ჯიქია, აკაკი დემურია, გერმანე საჯაია, ნოდარ ვეკუა, სოსო შენგელია, ზურაბ გერსამია. საბჭოთა პერიოდში ახუთში საკმაოდ ბევრი რამ ყოფილა რაზეც ინფორმაცია მოგვაწოდა სოფლის ერთ -ერთმა უხუცესმა წევრმა ტატაჩი გაბედავამ მისი თქმით ახუთის ცენტრში იყო თონე , რომელიც იყო კერძო საკუთრება, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიხურა, დღევანდელი მაღაზიის შენობის ქვედა სართულზე სასადილო იყო, მე 7 კლასში ვიქნებოდი როცა თონე ისევ გახსნეს, შემდეგ კოოპერატივმაც გახსნა ახალი თონე , სადააც პურს ზურიკო ტყებუჩავა აცხობდა. გვიყვება იმასაც , რომ იყო ფოსტა, საექიმო პუნქტი სადაც ერთი ექიმი დათიკო ჯალაღონია მუშაობდა [ ტატაჩი გაბედავა].
- ტრადიციული დღეობები და რწმენა წარმოდგენები
ახუთში რამდენიმე ეკლესია იყო , ეკლესიების გარდა ახუთელი მორწმუნეები თაყვანს სცემდნენ ილორის წმინდა გიორგის, რომელიც აფხაზეთში იყო. ძველად წმინდა გიორგის ხატს სამეგრელოში ყველაზე ძლიერად თვლიდნენ, ნოემბრის თვეში ოჯახები აიყრებოდნენ ხოლმე და ღამის თევით ლოცულობდნენ ილორის ეკლესიაში, მანამდე კი დიდი დღეობა იმართებოდა ალერტის წმინდა გიორგის ეკლესიაში. სოფლის მოსახლეობაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა ,, წაჩხურუს’’ ეკლესია, მოსახლება წაჩხურუს მთავარანგელოზს შვილების ყოლას ევედრებოდნენ. რელიგიური ცერემონიები სრულდებოდა მარანშიც, სადაც ამათუ იმ ღვთაების სახელზე ჩაფლული იყო ქვევრები, საოჯახო მარანმა საკულტო დანიშნულება მიიღო. ოდელა ერთ -ერთი გავრცელებული რიტუალი იყო, რაც თავის დალოცვას ნიშნავდა, მისი სალოცავი დღეები იყო სამშაბათი, ხუთშაბათი, და შაბათი შესაწირავებით ქვევრის თავთან მუხლდაჩოქილი აანთებდნენ სანთელს და ვისი სალოცავიც იყო იმის მარჯვნივ დაატრიალებდნენ ლანგარს. დიდმარხვაში ორშაბათობით მარანში სრულდებოდა ,,ოთუთაშხური’’ ანუ ორშაბათ- ბედნიერება ოჯახის დიასახლისი ამ დღეს აცხობდა კვერებს ოჯახის ყველა წევრის სახელზე, ქალებისთვის იყო მრგვალი კვერი, კაცებისთვის – მოგრძო, ქვევრთან მხოლოდ მამაკაცები მიდიოდნენ, თან მიჰქონდათ კვერები, სანთელი, საკმეველი, უფროსი კაცი დაიწყებდა ლოცვას ,, თუთაშხა ბედნიერი ქიანაშ ჯღვერი, სი ქომუჩი ხვე დო ბარაქა მონწიაში, საქონელიში – ანუ ორშაბათ ბედნიერო ქვეყნის წინამძღოლო, შენ მოომეცი ხვავი და ბარაქა მოსავლისა, საქონლისა. ამავე დროს ოჯახის დიასახლისი სახლის მარჯვენა კუთხეში ლოცულობდა, რადგან ქალს სალოცავთან ახლოს მისვლა ეკრძალებოდა, რადგან ქალს უწმინდურ არსებად თვლიდნენ. ახუთელები ისევე როგორც მთელი სამეგრელო ვარსკვლავის დათვლას ადამიანის სიკვდილთან აკავშირებდნენ , ამიტომაც ვარსკვლავის დათვლა არ შეიძლებოდა, ხოლო თუ ვინმე დაარღვევდა ამ წესს ფიქრიბდნენ რომ მას დიდი უბედურება ელოდა. სოფლის მოსახლეობა მტკიცედ იცავდა იმ ადათ – წესებს რომელიც სიკვდილთან იყო დაკავშირებული. იყო ასეთი წესიც მიცვალებულის ხსენების დროს თუ ვინმე დააცემინებდა 3 ჯერ დაარტყამდნენ ზურგზე ხელს და ეტყოდნენ ,, იმის მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო [ ხათუნა ნაროუშვილი , ძმის ვახტანგ ნაროუშვილის ჩანაწერებიდან].
დასკვნა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ახუთი ერთ -ერთი გამორჩეული სოფელი ყოფილა საქართველოში, რაზეც მეტყველებს ახუთელი გამოჩენილი ადამიანების მოღვაწეობა, ახუთელების ბრძოლა სამშობლოს დასაცავად, ახუთი გამოირჩეოდა თავისი ისტორიით კულტურით , ახუთელები ქვეყნის ფარგლებს გარეთად ასახელებდნენ ჯერ ახუთს შემდეგ კი საქართველოს. თითოეულ მათგანს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე, ახუთის თითოეული ადგილი ადატებს დიდ ისტორიას, ისტორიას რომელითაც თითოეული ახუთელი ამაყობს. რეფერატში შევეცადეთ გვეჩვენებინა ერთი სოფელი მრავალმხრივ იმედია ეს შევძელით.
მთხრობელი
- გაბედავა ტატაჩი. 85 წლის. 28 დეკემბერი , დრო 17 საათი და 15 წუთი.
- ზარქუა ნანი, 29 დეკემბერი, დრო 15 საათი და 50 წუთი.
- გაბელია ლელა 46 წლის, 28 დეკემბერი, დრო 16 საათი და 30 წითი.
- მალანია ხათუნა 49 წლის, 28 დეკემბერი, დრო 12 საათი.
- ნაროუშვილი ხათუნა 53 წლის, 28 დეკემბერი, დრო 11 საათი.
- საჯაია შალვა 83 წლის , 29 დეკემბერი, დრო 11 საათი და 15 წუთი
- შამათავა ვახტანგი 61 წლის , 29 დეკემბერი, დრო 18 საათი და 40 წუთი
- ჩიტაია გია 63 წლის, 28 დეკემბერი, დრო 13 საათი და 30 წუთი.
- ჯალაღონია ზაური , 29 დეკემბერი, დრო 14 საათი და 20 წუთი.
- ჯიჯელავა სულხანი 47 წლის , 28 დეკემბერი, დრო 13 საათი და 45 წუთი.
გამოყენებული ლიტერატურა
- ჩხოროწყუს მუზეუმიდან, გვერდები: 158, 159,160, 161, 162, 163,164, 165, 166.
- როდონაია ვარლამი, ,, რაც დავიწყებით არ იბინდება. საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, გამოცემის წელი 2000. გვერდები : 146,147, 148, 329, 330, 331,333,334, 335,406,407, 408, 409, 277, 278, 279, 280, 281,402, 403, 404.
- გივი ელიავა. ,,ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგი’’ გვერდები: 47, 49.
- ჯალაღონია ზაური, გაზეთი ,, საფარველი’’ გვერდი : 11
- ესართია ირმა , ჟურნალი,, ჩხოროწყუ ‘’, გვერდები: 12, 13.