ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში დაცულია მამანტი კვირტიას ფონდი, რომელიც მრავალ საინტერესო მასალას მოიცავს. იგი რაიონში კოლორიტული პიროვნება გახლდათ, იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი, მოსწრებული ენით განთქმული. მისი ფსევდონიმიც ,,კვიმატი“ იყო.ხუმრობა საოცრად ზუსტი და მოსწრებული იცოდა. ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით მრავალ მეცნიერს აქვს დისერტაცია დაცული.
მამანტი გუჯუს ძე კვირტია დაიბადა 1909 წელს სოფელ კირცხში. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. თავიდან იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ხობისა და ჩხოროწყუს რაიონებში. 1930-1933 წლებში ქალაქ ზუგდიდში გაზეთ ,,ყაზახიში გაზეთი’’ს სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე-რედაქტორია. გაზეთის მთელი კომპლექტი მან მუზეუმს უძღვნა
1933-1937 წლებში სტალინირში(ცხინვალი) ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ინსტრუქტორი იყო, გაზეთ ,,საბჭოთა ოსეთის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და წლების განმავლობაში მისი პასუხისმგებელი მდივანი გახლდათ. ჩხოროწყუში ჩამოსვლის შემდეგ იყო რაიონული სტამბის დირექტორი და გაზეთის რედაქტორი, სარაიონო კულტურის სახლის დირექტორი, განათლების განყოფილების ინსპექტორი, პარტიის რაიკომის სექტორის გამგე. 1944 წელს კვლავ პედაგოგიურ სამუშაოს უბრუნდება.იყო ჯერ მეორე და შემდეგ პირველი მოიდანახის რვაწლიანი სკოლის დირექტორი, ჩხოროწყუს პირველი საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი შინ ეწეოდა ნაყოფიერ ჟურნალისტურ, სამეცნიერო და ლიტერატურულ მოღვაწეობას, მონაწილეობდა მუზეუმის სამეცნიერო სესიებში. მისი გამოკვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერების სხვადასხვა დარგს ეხებოდა, იყო ფოლკლორისტი, ლიტერატურისმცოდნე, ტოპონიმიის მკვლევარი, ჟურნალისტი. მამანტი კვირტიას ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნაში, ტიტე შელიასა და გრიშა შენგელიასთან ერთად ლომის წვლილი მიუძღვის. აქ მის მიერ მოძიებული და გადმოცემული უამრავი ექსპონატია დაცული. მამანტი კვირტიას მიერ შეკრებილი ზეპირსიტყვიერი მასალები დაცულია საქართველოს არაერთ სიძველეთსაცავში. მისი წიგნია ,,კვიმატი“, რომელიც მისმა ქალიშვილმა, ქალბატონმა მედეა კვირტიამ გამოსცა. ,,კვიმატი’’ მარტო გამოგონილი ან პირობითი ნიშანი როდია, იგი ავტორის გვარისა და სახელისაგან შემდგარი ფსევდონიმია და მოსწრებულობას და ენამახვილობას გამოხატავს. წიგნში შესულია ავტორისეული მასალა, საყურადღებოა როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ისე ლინგვისტური თვალსაზრისით. წიგნში შეტანილია ლექსები, საგუნდო სიმღერები, თარგმანები,წერილები, ფოლკლორი. გაშუქებულია მსობლიური მხარის ყოფა-ცხოვრება, ნივთიერი და სულიერი კულტურა. სოფლების ტოპონიმთა ნუსხას წინ უსწრებს მოკლე ისტორიულ-გეოგრაფიულ მიმოხილვა. ასევე გარკვეული ადგილი უჭირავს რაიონში მცხოვრებ ცალკეული გვარის წარმოშობისა და განსახლების საკითხებს, შესულია ღიმილიანი სტრიქონები, ანეგდოტები, ,,კვიმატის“ ოხუნჯობანი.მამანტი კვირტია 1989 წელს ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. ზაზა ბერაძე ჟურნალი ,,მოამბე“ N1, 2012 წელი, გვ:34
მამანტი კვირტიას შემოქმედება
მამანტი კვირტია მეეცხოველეობასთან დაკავშირებულ ტოპონიმების შესახებ