ლეგერსამე- ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია “ლეგერსამეს” სახელითაა ცნობილი. ის მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება, მაგრამ მეცნიერთა ნაწილის აზრით, მეცხრე საუკუნის კვალს ეყრდნობა

მოზრდილი დარბაზული ეკლესია ნაგებია იდეალურად თლილი შირიმის მონაცრისფრო კვადრებით.

წყობა თარაზულია. ეკლესიის ზედა ნაწილს მთლიანად სურო აქვს მოდებული. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს,

აღმოსავლეთით შვერილი ნალისებრი აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია გარეთ შევიწროებული არქიტრავული სარკმელი.

აბსიდის სამხრეთ მხარეს ორი, ხოლო ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშია მოწყობილი.

კონქი შეისრულია. მას ეტყობა გვიანდელი გადაკეთების კვალი. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.

გრძივი კედლები დაყოფილია მძლავრი პილასტრებით, რომლებიც დაგვირგვინებულია პროფილირებული კაპიტელებით. კაპიტელებს ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა.

პილასტრებს ერთი მხრიდან წყვილი საფეხური ებჯინება, მეორე მხრიდან თაროები. თაროებიდან იშლება კედლის ნახევარწრიული თაღები, ხოლო საფეხურებიდან ოდნავ შეისრული. თაღების მიერ შექმნილი შეღრმავებებით ხაზგასმულია პროპორციათა მოხდენილობა. პილასტრები ორსაფეხურიან ბაზისებზე დგანან. დასავლეთით კამარის საბჯენი თაღი მცირე ზომის კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესიას შესასვლელი სამივე კედელში აქვს დატანებული, დასავლეთის თაღოვანია, სამხრეთის და ჩრდილოეთის კი შიგნით თაღოვანი, გარეთ არქიტრავულია. სამივე კარის თავზე მაღალი სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. ინტერიერში, კედლებზე შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები. სამხრეთ კედლის ერთ-ერთ პილასტრზე მოხატულობის უმნიშვნელო კვალია. ჩრდილოეთით მდებარე პილასტრზე ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთიდან მას აქვს ორსაფეხურიანი, ხოლო დანარჩენ სამ მხარეს ერთსაფეხურიანი ცოკოლი. ეკლესიიდან ჩრდილოდასავლეთით 7-8 მეტრში მდებარეობს კრიპტა. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.

ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია სამეგრელოშიჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში მდებარეობს. იგი XIX საუკუნეებით თარიღდება, თუმცა შეინიშნება IX-X საუკუნეების კვალიც. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით.

დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა.

გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებს შორის გადაყვანილი თაღებით.

ტაძარი ოთხი სწორკუთხა სარკმლით ნათდება, თითო სარკმელია ნაგებობის ოთხივე მხარეს.

შესასვლელი სამია – დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით, სამივე შესასვლელი სწორკუთხაა.

 ფასადები სრულიად მოურთველია და ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდნით სრულდება.

 ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი შირიმის კვადრებით

ავტორი: რომან თოლორდავა

ერთნავიანი ბაზილიკა. ლეგერსამე გულისხმობს უკავშირდება გერსამიების კვალს. 2008-2009 წლებში ჩაიტარდა რესტავრაცია. დამატებითი ცნობები ან სურათები მოგვაწოდეთ გვერდზე https://fb.com/chkhorotsku

ადრინდელი ფოტოები

პროექტი “ჩხოროწყუს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა” მიმდინარეობს ჩხოროწყუს მერიის, კულტურის სამსახურის ხელშეწყობით.

Related posts

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფელ ახუთში ( საჩიტაიოს უბანი

ახუთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ( დოხორე )

ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე)