ლაშა გახარია-ცრემლის წერტილი

“სოხუმში მოსალოდნელია წვიმა”…
გურამ ოდიშარია
სოხუმში დიდხანს იწვიმებს, გურამ,
ცოდვის ღრუბლებმა ასე იციან.
ის პალმა-ქალი და გედი-სურა
თვალმა სარჩევშიც ვერ მოიძია.

ალბათ, ხმებიან დაჭრილი ხენი –
ვეღარ არწევენ მთვარეს – სნებიანს;
იასამნებიც, თავშეუხვევნი,
დამშრალ მტევნებით ცას აშრებიან.
გახსოვს, ბოლო დღე: პარკინსონიან
ზღვას რომ კანკალით მიჰყავდა ბავშვი
და მონაზონმა კიპარისმა – ძველ
ხელთათმანივით წაიძრო შაშვი.
ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს… ის ცა
კვლავ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით…
და მენანება სხვის თითზე რიწა –
გაწბილებული სასძლო ბეჭედი.
და მენანება ის კოინდარი,
ის აკლასხანი, მყნობა ის ხამი,
და რიჟრაჟივით ჟრჟოლვა კოდორი –
კალმახები რომ სხია სისხამი.
იქ, ალბათ, ისევ წვიმს და ქარია,
უხსენოდ ჭკნება კვირტი და კერტი;
ასე გაუშრა ძუძუ მარიამს,
ოდეს კალთიდან გადმოსვა… ღმერთი.
შრება: კალამსაც ვერ გააქვს პწკარი,
ვით გუთნეული – დაღლილ წეროებს.
გაგრის პანაშვიდს ვერ დავესწარი…
გასასვენები მყავდა მეორე.
დავჩერებივარ სტრიქონს ნაკიანს –
თითს რომ აყოლებს ნოსტრადამუსი…
შენს წიგნს წერტილი აღარ აკლია,
მაგრამ… სამძიმრის ცრემლი დავუსვი.

Related posts

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.

მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება.