ბოლო ხანებში ატეხილმა ხმაურმა მეგრული ენის სტატუსის შესახებს ჩემი ყურადღებაც მიიქცია.
რა თქმა უნდა, რადგან ენა არსებობს, ის საზოგადოების ერთი ნაწილისათვის დედაენაა, თანაც ენა, რომელიც გაქრობის პირასაა მისული, გადარჩენისათვის საჭირო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.
ასეთი ღონისძიებები მრავალია, მაგრამ უმთავრესი მაინც მისი ცოდნისათვის ზრუნვაა. საბედნიეროდ ბევრი რამ გაკეთდა ამისათვის: გამოვიდა მეგრული ენის ლექსიკონები ოთარ ქაჯაიას, ალიო ქობალიას, გივი ელიავას და სხვათა ავტორობით. გამოსულია მეგრული ლექსების ანთოლოგია (შემდგენელი გური ოტობაია), იბეჭდება მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“, მეგრულ-ქართული სასაუბრო და ა.შ.
მავანნი და მავანნი ცდილობენ, რომ ხმაურით, მიტინგის მსგავსი შეკრებებით და სხვა საშუალებებით ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ.
უამრავი გვერდია გახსნილი მეგრულ ენასთან დაკავშირებული. ბევრგან შეხვდები შეკითხვებს, – ეს სიტყვა რას ნიშნავს, როგორ ითარგმნება და ა.შ. ზოგიერთი სიტყვის საკუთარ ახსნას გვთავაზობს.
სამწუხაროდ, როგორც ვაკვირდები, ყველაფერი ზერელედ ხდება. უმეტესობას არც ესმის და არც უნდა ლექსიკონებში ჩაიხედონ, მეგრელი ავტორების ლექსები წაიკითხონ. ახლახან წავაწყდი, ვიღაცა ლექსის „გვიმარა“-ს შესახებ წერდა, გვიხსნიდა, რა იყო მასში ჩადებული და ავტორის შესახებ არც არაფერი იცოდა.
საბედნიეროდ, ბევრი მეგრულენოვანი ავტორი გვყავს როგორც გარდაცვლილებს, ასევე, საბედნიეროდ, ცოცხლებს შორის.
დანიელ ფიფია, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში 26 წლის ასაკში მოკლეს, ლაშა გახარია, რომელიც 18 წლის წინ ახალგაზრდა გარდაიცვალა, წელს კი მისი საიუბილეო თარიღია – 75 წელი უსრულდება, ჯერ კიდევ მხნედ არის და დიდხანს სიცოცხლე მინდა ვუსურვო ბატონ გიორგი სიჭინავას, გური ოტობაიას, ზაალ ჯალაღონიას და სხვათა.
შარშან გამოვიდა ალიო ქობალიას ქართულ-მეგრული ლექსიკონი, რომელშიც 100 000 სიტყვაზე მეტია შესული.
გამოტანილია გასაყიდადაც, მაგრამ რად გინდა, ძალიან ძნელად იყიდება. გასაგებია, ფასი მაღალია, მაგრამ როგორ გინდათ, ამ ფუნდამენტურ ნაშრომს იაფ ფასს ვერ დაადებ. უბრალოდ, ავტორის შრომის გაუფასურება იქნება. ჩხოროწყუელებმა, ფასის მიუხედავად (100 ლარი) საკმაოდ შევიძინეთ და კიდევ ბევრი მსურველი გვყავს და შევძლებთ მის რეალიზებას.
აქვე მინდა გაუწყოთ, რომ წელს დეკემბერში ალიო ქობალიას, ავტორის საიუბილეო თარიღია – დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდება.
ეს მსჯელობა იმას მოვაყოლე, რომ მეგრული ენის გადარჩენა თუ გვინდა, არა მხოლოდ სხვას მოვუწოდოთ მის გადარჩენაში დაგვეხმაროს, არამედ თავადაც უნდა ვეცადოთ ის მასალები მაინსც შევისწავლოთ, რაც ხელთა გვაქვს.
ახლახან წავაწყდი პოლემიკას იმის შესახებ, რომ მეგრული იყო თუ არა სიტყვა მაღაზა. სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა, ზოგმა არაბულიაო, ზოგმა ძირძველი მეგრულიაო და ასე შემდეგ. არაბებზე ადრე კოლხები არსებობდნენ და უეჭველად მათი შექმნილიაო. ეს უკვე ეტიმოლოგიაში შეჭრაა და ეს კი დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
რა, არ შეიძლება სიტყვა იყოს უცხოეთიდან შემოსული და ჩანაცვლებული ჰქონდეს ადგილობრივი?!
ამისათვის ძველ მწერლობაში უნდა ჩავიხედოთ და იქიდან გამომდინარე ვარკვიოთ, მართლა უძველესი დროიდან არსებობდა ეს სიტყვა თუ რომელიღაცა საუკუნესი შემოვიდა, ადგილობრივი გააძევა და ადგილი დაიმკვიდრა. მაგრამ გვაქვს ჩვენ უძველესი მეგრული ტექსტები, რომ შევდაროთ?! მაშინ საიდან ასეთი დაჯერებული დასკვნები?!
ეს მაგალითისთვის მოვიყვანე თორემ გადევნებას არ ვაპირებ ვინმესთან სიტყვის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით.
აი, როგორ აქვს მოცემული ალიო ქობალიას სიმინდის შესანახი ადგილი. ვიცით, რომ სიმინდიც არ გახლავთ სამეგრელოს ძირძველი კულტურა. ის რამდენიმე საუკუნის წინ შემოვიდა ლაზეთიდან და ლაზუტი, ლაიტის სახელით იყო ცნობილი. მაგრამ მის შესანახ ადგილს ოსიმინდეს უწოდებს მეგრელი.
„სასიმინდე ოლაიტე, ოლასტე, ოლატე, სალატია,ოლაიტონი, ოსიმინდე; ქუფე, მაღაზა, ნალია, ნანია, ხულა; მოწნული სასიმინდე ძარი; ბოძებზე შეყენებული სასიმინდე ბარჯგიშ მაღაზა, ჯიხური; პატარა სასიმინდე ხულა; მოკლე სუფთად გათლილი ფიცრებისაგან შეკრული ნალია პიტაფიცარა, ნანიური; ყურდაფსკვნილი ნალია სქვილ მაღაზა, ქილიქამ მაღაზა; მოწნული სასიმინდე ღობილ მაღაზა; ჩელტის სასიმინდე ჩერტიშ მაღაზა; ორსართულიანი სასიმინდე სართულამ მაღაზა (ნალიის სვეტებს შეღობავდნენ ან ფიცრებიოთ, ქვით გამოაშენებდნენ და სათავსოდ ან საცხოვრებლად იყენებდნენ, ქვედა სართული ჯარგვლის ფუნქციას ასრულებდა და ამიტომ მაღაზაშ ჯარგვალსაც ეძახდნენ).
სასიმინდის კიბე ოლაიტეშ ეშალი; სასიმინდედ, სიმინდის სათესად მოხერხებული ადგილი ლაიტიშ დოხუჯე
სასიმინდის სახურავი ოლაიტეშ ორთვალი; ისლით გადახურული სასიმინდე ისირიშ რთვილი; ბუერით გადახურული ბურღაშ რთვილი; ყავრით გადახურული ყამბარიშ რთვილი; კრამიტით გადახურული კეციშ რთვილი; ნამჯით გადახურული წუშ ნართვი; გრეხილად ნაღობი გარგანტულო ნაღობა; სიმინდის სახურავის დასაყრდენი ხოსა
სასიმინდის სვეტი ბოყვი ბარჯგი, სიმეტი, დღვარკალი (საყრდენი ხისა ან ქვისა იყო); სასიმინდის სვეტის თავზე დამაგრებული ჩაზნექილი დისკო ან გადაბრუნებული ტაშტი, რომელიც სვეტს წვიმისგან იფარავს ბარბალი
სასიმინდის ჭერი ოლაიტეშ რჭელი.“
ალიო ქობალია „ქართულ მეგრული ლექსიკონი“ გვ. 649
როგორც ხედავთ, ბევრი რამე გვაქვს წასაკითხი და შესასწავლი და ეს მხოლოდ მაღაზას არ ეხება.
კოტე ნაჭყებია- პედაგოგი, პოეტი, ეროვნული მოძრაობის ძელი თაობის წარმოამადგენელი