კირცხის ისტორიის საინტერესო ფრაგმენტები

კირცხი  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია.   ის აერთიანებს   კირცხსა და სარაქონს.

სოფელი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა და ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ლესიჭინე და ქვედა ჩხოროწყუ, დასავლეთით ქალაქი ზუგდიდი, ჩრდილოეთით –ლეწურწუმე, ხოლო სამხრეთით ხობის მუნიციპალიტეტი.  ფართობი შეადგენს 3096,3 ჰა–ს, მოსახლეობა- 2279 ადამიანი, სოფელში ფუნქციონირებს 2 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი.

კირცხი სამეგრელოს ერთ-ერთი უძველესი სოფელია. უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა  დასახლება ზუგდიდის  მაზრაში მოაქცია.

1903 წლის  25 სექტემბრის  “ივერია” კირცხში არსებულ სიტუაციაზე წერს:  მას “კარგა მოზრდილ სოფლად” იხსენიებს და 420 კომლია მითითებული.  ხალხი მეცადინე და მშრომელია,მაგრამ განათლება აკლიათ. არსებობს დავა სასოფლო კანცელარიის შენობასთან დაკავშირებით. შენობაც კი დაუწვიათ.  მოხსენიებულია 100 მანეთის  შემომწირველი ისლამ სიმონის ძე ზარქუა, ავტორის ფსევდონიმი კი “კირცხელია”

1903 წლის 12  ოქტომბერს “ივერია” კირცხის თემას კიდევ ერთხელ უბრუნდება.  ფსევდონიმით ავადმყოფ-ჯანსაღი ლეონტი, დიდი ალბათობით ადგილობრივი პირი  აქ არსებულ განათლების მდგომარეობაზე  საინტერესო ინფორმაციებს გვაწვდის.  ერთკლასიანი სასწავლებელი 1874 წელს დაარსებულა. 1902 წელს გადაწყვეტილა ორკლასიანი სკოლის ფორმირება. სარაქონისა და გაშიფერდის ეკლესიებთანაც სწავლა შესაძლებელი ყოფილა. ცალკე განიხილება ქალთა სასწავლებლის პრობლემა. ადგილობრივ მოსახლეობას დიდი სურვილი არ ქონია ძღაბები სასწავლად გაეშვათ. ავტორი არ მალავს აფთიაქთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, მკითხავების ნეგატიურ როლსა  და ბესარიონ ჭილაძის შენობის გადაწვის ამბებს.

სიმინდს ჭია შესევია, ხოლო ხილი და “ადესა” იმ  წელს  კარგად მოსულა.  ასპროცენტიანი ალბათობით ფსევდონიმები “კირცხელი” და “ავადმყოფ-ჯანსაღი ლეონტი”  ერთი პერსონაა.

1903 წლის “ივერიის” შემდგომი ნომერი აქვეყნებს მელიტონ გობეჩიას ” მგზავრის წერილებს”, სადაც  განხილულია როგორც ადრინდელი კორესპოდენცია, დამატებულია ახალი დეტალები  ადგილობრივი სასულიერო პირისა და მასწავლებლის სოფლიდან წასვლასთან დაკავშირებით. ცხადია, წინა წერილები ახალთან ორგანულ კავშირშია. კ.თ აშკარად კონდრატე თათარაშვილია, რომელიც კირცხში მსახურობდა.

კირცხში მოღვაწეობდნენ გოშუების დინასტიის სასულიერო პირები, რომლებიც  კირცხის დამფუძნებლად ცნობილ  უთუთი გოშუას შთამომავლები იყვნენ.

ესენი არიან:  დეკანოზი თომა გოშუა(  გარდაიცვალა 1893 წელს),   დეკანოზი პეტრე  გოშუა (გარდაიცვალა 1919 წელს), დეკანოზი აკაკი გოშუა( გარდაიცვალა  1962 წლის 14 თებერვალს)  ვრცლად იხილეთ 

სოფლის კლუბად გადაკეთებული ძველი ეკლესია

გოშუების შთამომავლებისა და ადგილობრივების ძალისხმევით სოფელში  ახალი  ეკლესია აშენდა.

2005 წელს კირცხში მუზეუმი გაიხსნა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ჩხოროწყუელ ექვთიმე თაყაიშვილად წოდებული ვალია ბეჭვაია იყო.  დღეს მუზეუმს მისი სახელი მიენიჭა, ხოლო  დირექტორის მოვალეობას მისი შვილიშვილი თამთა ჭითანავა ასრულებს. მუზეუმის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.

კონდრატე თათარიშვილი  თავისი მოღვაწეობის  პირველ წლებში კირცხის წმინდა გიორგის ეკლესიააში მსახურობდა.

გაგიგონიათ სოფელი კირცხი?
მჯერა უთუოდ გაგეგონებათ ,
ალბათ იქ ერთი ადგილიც იცით
მკერდზე რუს წყალი რომ ეკონება,
იქ დაჭრეს ჩემი სააკვნე თელა
იქ ჩემი ძველი ნასოფლარია
ახლა თბილისში მე მასზე ვღელავ და მიხარია.

ხუტა ბერულავა ( ცნობილი პოეტი წარმოშობით კირცხიდან გახლდათ)

კირცხის  სახელწოდებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არსებობს.  ერთი ვერსიით ის სეტყვას უკავშირდება, მაგრამ  უფრო მეტად დამაჯერებელია ტოპონიმის კავშირი წითელ მიწასთან.


კირცხის პანორამული ფოტო. ავტორი: თემო სახურია

გვერდი სოფელი კირცხის შესახებ (ადმინისტრატორი თემო სახურია)

კირცხის შესახებ დამატებით ინფორმაციებს შემდგომშიც მოგაწვდით

Related posts

5კილომეტრიანი გზა ნაშელუს უბანში.

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან