ბატონი ნუგზარ ჟვანიას წიგნიდან
მ ო უ ხ ე ლ თ ე ბ ე ლ ი
80-იანი წლების ,,სამეგრელოს” წარმატებაში ლომის წილი უდევს მამუკა ქვილითაიას, რომელიც 6 ნომრით თამაშობდა. იგი ჩვენი გულშემატკივრებისათვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო, რომელიც ყოველთვის მომზადებული გამოდიოდა მოედანზე და ბოლომდე იხარჯებოდა. მან თითქმის 10 წელი ითამაშა ,,სამეგრელოში და არაერთხელ გაუხარებია გულშემატკივარი.
მოუხელთებელი იყო იგი მინდორზე, მოწინააღმდეგის მცველებს თავსატეხი
ჰქონდათ, მისი ,,დაჭერა” ერთ ფეხბურთელს არ შეეძლო, ამიტომ მეორესაც ავალებდნენ დახმარებოდა პირველს, თუმცა მესამეც არ თაკილობდა მეგობრების შველას.
მიუხედავად ამისა მაინც ახერხებდა ,,გაძრომას” და გოლის გატანას. ასეთი ეპიზოდები უამრავი ჰქონია ამ საინტერესო სპორტსმენს, რომლის გახსენება შორს წაგვიყვანს.
დღეს ბატონი მამუკა მშობლიურ აბაშაში საფეხბურთო კლუბ ,,ზანას” დირექტორია და ფეხბურთის განვითარების საქმეს ემსახურება. შვილებსაც ფეხბურთი შეაყვარა. უფროსი გიორგი ბელგიის ,,გენტში” თამაშობს და საქართველოს ნაკრების წევრია, ხოლო დათო მეკარის პოზიციაზე ერთ -ერთ პერსპექტიულ ფეხბურთელად მოიაზრება.
ბატონი მამუკა ჩვენი რაიონის სიძეა, ჭოღელ შენგელიებს გაუხდა მოყვრად. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობა ინტერვიუსთვის გამოვიყენე.
ბატონო მამუკა! როგორი იყო თქვენი დებიუტი ფეხბურთში. სად ითამაშეთ პირველი ოფიციალური თამაში?
ფეხბურთს, როგორც ყველა ბავშვი, სკოლიდან ვთამაშობდი, თუმცა გამორჩეულად. სერიოზულად ფეხბურთელობაზე არ მიფიქრია, რადგან მაშინ ჩვენს რაიონში სპორტის ამ სახეობას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ აბაშის ,,ზანაში” დავიწყე თამაში, რომელიც საქართველოს პირველობის მეორე ჯგუფში გამოდიოდა. იმ წელს საქართველოს თასზე შინ ჩხოროწყუს ,,სამეგრელოს” ვეთამაშებოდით, რომელიც პირველ ლიგაში წარმატებით გამოდიოდა. ჩვენ ამ მატჩისათვის კარგად მოვემზადეთ და ძირითადი დრო 2-2 დავასრულეთ, მხოლოდ დამატებით დროში წავაგეთ. ორივე ბურთი მე გავიტანე. მატჩის შემდეგ შემხვდა ,,სამეგრელოს” მწვრთნელი ჯუმბერ ჯალაღანია და შემომთავაზა ჩხოროწყუში გადმოსვლა, რასაც დავთანხმდი. მან ძირითად შემადგენლობაში მალედამაყენა და ჩემი ფეხბურთი მათამაშა, რითაც შევძელი ამემაღლებინა ოსტატობა. ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან კოლექტივი იყო ძალიან შეკრული,
მეგობრული, სუფევდა ნაღდი, სპორტული ატმოსფერო. მე მადლიერი ვარ ბატონი ჯუმბერის, შემდგომი მთავარი მწვრთნელის თენგიზ კაციასი, რომელთა ხელდასმით ჩამოვყალიბდი როგორც ფეხბურთელი.
როგორც ვიცი, ,,სამეგრელოს” შემდეგ სხვა გუნდებშიც ითამაშეთ, რომლებიც უფრო მაღალ ეშელონებში ასპარეზობდნენ.
დიახ, ასე იყო. ჩხოროწყუდან ხობში გადავედი, მაშინ ,,კოლხეთი” სსრ კავშირის პირველობაზე ბუფერულ ზონაში თამაშობდა. ცხადია, მეტი დატვირთვა მქონდა, მაგრამ საინტერესო იყო, რადგან სხვა სამყაროში მიხდებოდა თამაში. იქაც კარგი კოლექტივი იყო. იქიდან სამტრედიის ,,ლოკომოტივში” გადავედი, სადაც სულ რამდენიმე თვე დავყავი და ქუთაისის ,,ტორპედოში” მიმიწვიეს. საბოლოოდ ისევ ჩხოროწყუში დავბრუნდი და თქვენი პრეზიდენტობის დროსაც ვთამაშობდი, თუმცა შემდეგ სხვაგან არ მიცდია ბედი, რადგან ქვეყანა აირია, ფეხბურთის დონე დაეცა და უინტერესო გახდა. სხვა რომ არაფერი, მეც ასაკმა მიწია და მშობლიურ აბაშაში დავბრუნდი.
ამდენი ავტორიტეტული გუნდების შემდეგ რით დაგამახსოვრდა ,,სამეგრელო”?
თითქმის 10 წელი ვითამაშე ჩხოროწყუში, განა ცოტაა? მე აქ შინაურივით ვგრძნობდი თავს. თქვენ არ იცით თქვენი რაიონის ყადრი. ეს ასეა, საკუთარს არავინ აფასებს. საოცარი ყურადღებიანი ხალხი ცხოვრობს, ზრდილობიანი და კულტურული. ფეხბურთელები განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდით რიგითი ადამიანებისაგან, ხელმძღვანელი მუშაკებისაგან. ცხონებული კარლო ქაჯაია შვილივით გვიყურებდა, რა დამავიწყებს ბატონ გურამ თოდუას, არნოლდ ჟვანიას, მირიან გაბუნიას, თენგიზ კვარაცხელიას, ვალიკო ახალაიას, გოგი ახალაიას გულისხმიერ დამოკიდებულებას, ამირან ჯალაღონიასთან, ამირან ბერიასთან, ვალო ესართიასთან მეგობრულ ურთიერთობას. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცოცხალი არ არის, აცხონოს მათი სულები. მე მათ დღესაც დიდ პატივს ვცემ. იქ ბევრი რამ ვისწავლე. რამხელა ბედნიერებაა, როცა ჩხოროწყუს ქუჩებში დავდივარ და დიდი სიყვარულით მესალმებიან ადამიანები, რომლებიც არ მახსენდება, მაგრამ მათ არ დავვიწყებივარ.
თქვენ ეს დაიმსახურეთ თქვენი დაუღალავი შრომით. რამდენი ოფლი გიღვრიათ ჩხოროწყუს ღირსებისათვის.
სწორი ბრძანებაა. ჩვენ ვშრომობდით. სხვანაირად არ გამოვიდოდა. სამჯერ დამასახელეს ,,სამეგრელოს” შემადგენლობაში საქართველოს პირველობაზე 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, რაც დაუღალავი შრომის შედეგი იყო. ორჯერ გავედით საქართველოს თასის ფინალში, ორივეჯერ ბედმა გვიმუხთლა. ბედმა გვიმუხთლა თუ კაცმა ესეც საკითხავია. ნუ მიწყენენ მეგობრები, მაგრამ უნდა ვთქვა არც ბოლნისის ,,სიონი” იყო ჩვენზე ძლიერი და არც თბილისის ,,ლოკომოტივი”, ორივე მათგანს მეტი მხარდაჭერა ჰქონდა ზემდგომი ორგანოებიდან ვიდრე ჩვენ. ყველაფერი გააკეთეს ჩვენს დასამარცხებლად, თუმცა სამარცხვინოდ არაფერი დაგვითმია.
თქვენს გვერდით ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა. ხომ არ გამოარჩევდით
საუკეთესოებს. ცოტა უხერხული კითხვაა. როცა გუნდი კარგად თამაშობს ეს იმას
ნიშნავს, რომ გუნდის ყველა წევრი კარგია. მართლაც ასე იყო. ძნელია საუკეთესოების გამორჩევა, რადგან გუნდის ყველა რგოლი ძლიერი იყო, ყველას ერთმანეთის
გვესმოდა და კოლექტიურად ვმოქმედებდით. განსაკუთრებით მსიამოვნებდა ვაშაკიძის, ციმაკურიძის, ჯუნგლი ახალაიას გვერდით თამაში. ისინი ისეთ პასს გაგიკეთებდნენ გოლი რომ არ გაგეტანა დანაშაული იქნებოდა.
თქვენი შვილები სახელოვანი ფეხბურთელები არიან
გიორგი საქართველოსნაკრების წევრია, ბელგიის ,,გენტში” თამაშობს. მამის ნიჭი დაჰყვათ
უსათუოდ, გენი არ იკარგება. სჭირდება დღეს მათ თქვენი დარიგება?
მამის დარიგებას არასდროს გასდის ყავლი. გიორგის უკვე ჩემი დასარიგებელი რა სჭირს, იმდენად კვალიფიციური მწვრთნელების ხელშია. ტრავმებმა თუ არ შეუშალა ხელი, კიდევ უკეთეს შედეგს მიაღწევს. როგორც მშობელს, მიხარია შვილების წარმატება, მაგრამ კიდევ მეტს ვითხოვ, რადგან ვიცი მათი შესაძლებლობა.
რას უსურვებდით დღევანდელ ,,სამეგრელოს”?
მტკიცება არ მჭირდება. მიყვარს თქვენი რაიონი. მინდა ტრადიცია გაგრძელდეს და ,,სამეგრელომ” კვლავ მოიპოვოს ძველი დიდება. ამაში არაფერია გადაჭარბებული. მაშინ მართლაც ძლიერი გუნდი იყო, რომლის დარი დღეს პირველ ლიგაში ძნელი მოსაძებნია. ამიტომ საჭიროა წარსულის გათვალისწინებით ახლის უკეთესად შენება. მეტი ყურადღებაა მისაქცევი ბავშვთა ფეხბურთზე, რომელიც რესპუბლიკის პრობლემაცაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს რაიონში, ფეხბურთი, კვლავაც მყარად დადგება ფეხზე. ყოველთვის გამიხარდება ,,სამეგრელოს” წარმატება. ვუსურვებ ახალ-ახალ მიღწევებს ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ.
ჩხოროწყუ, 2018 წ.