ინტერვიუ შოთა წურწუმიასთან

ჩხოროწყუელებთან ვისაც შეხება გქონიათ,  იშვიათად შეგხვდებათ ადამიანი, რომელსაც შოთა წურწუმიას შესახებ  არაფერი გაუგია. პოეტი ძალიან პოპულარულია და  მისი პოეზია დიდი ხანია ლოკალურ მაშტაბებს გაცდა.

ინტერვიუც შესაბამისი გამოვიდა, ლექსის გარეშე ხომ   ჩვენი საუბარი წარმოუდგენელია. გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ.   

  1. შოთა, თქვენს პოეზიაში ჩხოროწყუს და ლეწურწუმეს თემა ხშირად ჩანს. ყველაზე მეტად რა მოგწონს და პირიქით, რის  გამოსწორებას ისურვებდით მუნიციალიტეტში ?

“ცა არ გვთავაზობს მჩაგვრელ დუელებს,

დაე ჰყვადნენ ძმობის ალმები,

ჩემს ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელებს

ვით მონა უფალს მივესალმები!”

პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩემი შემოქმედებით და  მაძლევთ საშუალებას იმისას რომ ჩვენს ოდაბადეს რამოდენიმე სიტყვით მოვეფერო…

რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას… ვიტყვი რომ

“ართო ქომზეიმებუდანი

ხოლო ანთასი თირობუა,

ჩხოროწყუალეფიშა მემიჩას

ღორონთქ იფრელი ჯგირობუა.”

 მართლაც და მთელი შეგნებითა და პასუხისმგებლობით შემიძლია ავღნიშნო, რომ ჩემი ლეწურწუმე და მთლიანად ჩხოროწუ, დედამიწის ზურგზე ყველა კუთხე-კუნჭულს მირჩევნია, თუმცა ვთვლი, რომ ეს ჩემი პრივილეგია სულაც არ არის და ალბათ ასე ფიქრობს ყველა, სამეგრელოსა თუ სხვა კუთხის შვილი, რამეთუ საქვეყნოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანებს ის ადგილი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ ყველაზე მეტად გვიყვარს.

პირველ რიგში მომწონს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხალხის უბრალოება, სტუმართმოყვარეობა და ერთგულება… რაც ბუნებრივია წინაპრებისგან მოგვსდგამს და ვალდებულნი ვართ შევინარჩუნოთ. ამ ყველაფერთან ერთად,  ჩვენთვის უფლის მხრივ ნაბოძები ბუნების სიმდიდრე ხომ წელიწადის ოთხივე სეზონზე  ბევრისგან  გამორჩეული და ყველასთვის მიმზიდველია. ასე რომ როგორ შეიძლება ამავე მიწის შვილს საკუთარი აკვანი განსაკუთრებულად არ გხიბლავდეს. პირადად მე სადაც ვცხოვრობ იქიდან დაბა ჩხოროწყუ ხელის გულივითაა გადაშლილი და მახსოვს ბავშვობისას შუა ღამეც ბევრჯერ ავმდგარვარ, რათა საათობით მემზირა მისთვის და დღემდე ასე ვარ… რა დროსაც ხშირად სწორედ მისადმი სატრფიალო სტროფები მებადა და არ ვიცი რამდენად საკადრისად მაგრამ თუ კი დღეს სხვა არაფრით ხელ არ მეწიფება ვცდილობ ლექსებით მაინც მოვეფერო.

  1. ლეწურწუმეში როგორი დამოკიდებულებაა თქვენი და საზოგადოდ პოეზიისადმი?

მივეალერსოთ ჩვენს ოდაბადეს

ამაღლდეს ჭერი, ხურდეს ღუმელი

მე მხიბლავს ჩემი ლეწურწუმე და

მე მიყვარს ყველა ლეწურწუმელი.

მართლაცდა ღმერთს ხშირად მადლობას ვუხდი, იმისთვს რომ ამ კურთხეული თემის შვილი ვარ და განურჩევლად თითოეული მოსახლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით ვარ განწყობილი. ამავე დროს თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ პირიქითაც ანალოგიურ სიყვარულს ვგრძნობ და რითაც შემიძლია ვცდილობ რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიდგე.

პოეზიის მიმართაც საკმაოდ დიდი სიმპატიით არიან განწყობილი და შეიძლება დღეს არ გამოაქვთ სააშკარაოზე, მაგრამ ვიცი, რომ არაეთი ახალგაზრდა წერს კიდეც ლექსებს. ასევე ჩვენზე საკმაოდ უფროსი თაობის წარმომადგენელს, ბატონ ოთარ წურწუმიას ლექსების კრებულიც  ქონდა გამოცემული, სახელწოდებით ,,სანამ გამოიდარებს“  და ამგვარად პოეზიის ნექტარს არაერთგზის ნაზიარები ხალხის მხრიდან მეც სულ გულშემატკივრობას ვგრძნობ თუ შეიძლება ასეც ითქვას ითქვას ჩემს ,,პოეტურ“ სარბიელზე…

ლეწურწუმე და ლეწურწუმელები

  1. ვინაა თქვენი ფავორიტი პოეტი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა თქვენს შემოქმედებაზე?

როცა ლექსს არ ვკითხულობ, ხან ყინვა მსჯის, ხან ქარი

და ჩემს ტანჯულ სხეულში სევდა იწყებს თარეშებს…

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი,

ჩემთვის ჯოჯოხეთია, პოეზიის გარეშე.

მახსოვს ბავშვობაში სიტყვა პოეტი და მაშინ ჩემში მისი ბუნდოვანი აღქმაც საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა…

ერთხელ ასეთი სტროფი ჩავინიშნე_

პოეტობის წოდება ეჰ ვიცი,

ვიცი ქვეყნად თუ რა ძვირად ფასობს

და თუ ოდს შევიფერებ მე მას

მიჯობს თავად ღმერთმა შმაფასოს…

და მკითხველიც დამეთანხმება ალბათ იმაში, რომ მთელი ჩვენი არაერთგზის ქარ-ცეცხლ გამოვლილი ერის ისტორიის არსებობის მანძლზე ქართველი კაცისთვის ერთერთ სულიერ საზრდოს სწორედ რომ პოეზია და საერთოდ მწერლობა წარმოადგენდა. სხვა რა არის თუ არა ღვთის მადლი, ცით მოვლენილი პოეტური შთაგონება,  რომელიც  ლექსებად გადმოიღვრება და შემდგომ ავტორის სახელთან ერთად თაობებს საუკუნების მანძილზე საგზლად მიჰყვება… (რა თქმა უნდა ჭეშმარიტ პოეზიაზე მაქ საუბარი, როგორი სახით დამკვიდრებაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ასეთები ერთეულები თუ გამოერევიან ხოლმე) რომლის ნათელ მაგალითს ჩვენშიც ნოდარ ჯალაღონიას, ლაშა გახარიას და სხვათა შემოქმედება წარმოადგენს…

მთლიანობაში ხომ ქართველები დიდი პოეტების ყოლით საკმაოდ განებივრებული ვართ, პოეტების რომელთა სახელიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს დამსახურებულად გაცდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად რომელიმე ერთს ცალკე გამოვარჩევდე… რადგან თუ შემოქმედმა საზოგადოების მხრიდან პოეტის წოდება ღირსეულად დაიმსახურა, ესეიგი ერთი კარგი ლექსი მაინც დაუწერია და მე ის სწორედ იმ ერთი ლექსით მამახსოვრდება… როგორც ლაშა წერს ,,პოეტი მაინც – ერთი ლექსია – ობლის ცრემლივით ცამდე მართალი“-ო… რაც სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ის ერის გულში სამუდამოდ დარჩეს. ასე რომ ჩემდამი გავლენის მოხდენას ვერცერთი პოეტის შემოქმედებას ვერ მივაწერ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ჩვენში სტიმულს აღვივებენ… მაგალითად ვაჟას ,,არწივი“, გალაქტიონის ,,მთაწმინდის მთვარე“, თუ გრანელის ,,Memento Mori“ და სხვა არაერთი ავტორის გამორჩეულ ლექსებთან ერთად, მეც მიჩენენ ლექსების წერის ჟინს და არა სურვილს ისმისას რომ მათ მივბაძო და დავემსგავსო… ასეთი მიდგომით კი ვფიქრობ საკუთარ თავთან და მკითხველთანაც უფრო მართალი ვრჩები.

  1. ჩხოროწყუში რამდენიმე ნიჭიერი ხელოვანი გამოჩნდა. როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

თუ პერსპექტივა წინ არის

ჩვენც ხელთ გვიპყრია სადავე,

რამეთუ ნიჭის მდინარის

,,ჩხოროწყუ გახლავთ სათავე“!

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 7 მარტს ბატონ თეიმურაზ მაღრაძის ხელმძღვანელობით და სტუდენტების მონაწილეობით პოეზიის საღამო მომიწყეს და პირველი კრებულიც დამიბეჭდეს, თუმცა იმ დროისთვის ამ სფეროს მიმდევრებთან მაინცადამაინც დიდი დაახლოება არ მქონდა. მახსოვს, როცა უნივერსიტეტს მოვრჩი და ჩვენთან დავბრუნდი მირჩიეს რომ ლექსები ბატონ კოტე ნაჭყებიასთან მიმეტანა და დავახლოვებოდი. მანამდეც მსმენია ამ ღირსეული პიროვნების შესახებ, ლექსებიც წამიკითხავს, რომლებიც ძალიან მხიბლავდა თუმცა ახლოდან არ ვიცნობდი. შემდგომ  კი მისი წყალობით, არაერთ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა, ჩხოროწყუში თუ მის გარეთ. ასევე 2016 წლის 4 მარტს ჩხოროწყუს კულტურის სახლში, ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ქალბატონ ნაირა ციმინტიას ინიციატივითა და ორგანიზებით პოეზიის საღამო მომიწყეს და ყველა ამ ჩამოთვლილი შეკრების ჟამს: გიორგი გულუა, ზურაბ შენგელია, ჯანო გოგუა და სხვა არაერთი პოეზიით გატაცებული შესანიშნავი ახალგაზრდა გავიცანი, (ზოგს მანამდეც ვიცნობდი).  ჩამოთვლილთაგან ყველასთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ასევე მოგეხსენებათ რომ ჩვენდა საბედნიეროდ, პოეზის გარდა: სიმღერის, ცეკვის, მხატვრობისა და  სხვა არაერთი სახის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები მრავლად არიან მუნიციპალიტეტში და ვუსურვებ  ძალიან წარმატებული იყვნენ როგორც პოეზიაში ისე პირად ცხოვრებაში და მჯერა რომ ასეც იქნება….

5.რას ურჩევდით დამწყებ პოეტებს, ვისაც სურს დაიხვეწოს და პოეზიას სერიოზულად მოეკიდოს?

თავად აიღე ტილო და ფუნჯი,

რომც ვერ ხატავდე, სჯობს მაინც ცადო…

ჯანმრთელმა კაცმა ცხვრების დაფა

თვითონვ უნდა შეაფერადო!

ვფიქრობ, ყოველი სტრატეგია მიზნის დადებითად ასრულების შემდეგ ხდება განსაკუთრებული და პოეზიაშიც თუ ბედი არ ცადე არაფერი გამოვა… არის შემთხვევები როდსაც მთელი ცხოვრების მანძილზე პერიდულად წერს ადამიანი, მაგრამ ნამუშევრები დღის სინათლეზე არ გამოაქვს… რაც ნებისმიერ შემოქმედს ადუნებს.

არ ვიცი რამდენად სახარბიელოდ გამომდის საერთოდ ლექსების წერა მაგრამ, იმის გამო რომ მიმაჩნდა ჩემი ლექსებით მაინცადამაინც არავინ დაინტერესდებოდა ბევრი ლექსი უბრალოდ უჯრაში მქონდა შენახული ან სულაც დავკარგე და შემდეგ მათგან ზოგითი როდესაც ჩავწერე საკმაო ინტერესი გამოიწვია, რაც თავისმხრივ სტიმულის მომცემია იმისთვის, რომ მეტი იშრომო და შექმნა…

დღესაც, ხან ძალიან მაბედნიერებს როცა რაღაცას ჩავინიშნავ, ხანაც ვფიქრობ რომ არცერთზე დროის დაკარგვა არ ღირდა, თუმცა მაინც ყველაფერს, დარჩენილ სიცოცხლესაც კი მირჩევნია და ვურჩევ ყველა ახალგაზრდას რომ  მაქსიმალურად დაიხარჟონ, რაც შეიძლება მეტი იკითხონ, პარალელურად წერონ და შედეგს აუცილებლად მიიღებენ, რაც ხალხის სიყვარულში აისახება და ეს ხდება მიზეზი იმისა რომ ყოველ დილით მზის ამოსვლას იმედიანი თვალითა და გონებით შეხედო.

უკეთესი იქნება თუ ამ ყველაფრისთვის უბრალოების ფონზე იბრძოლონ, რადგან არის შემთხვევები როდესაც ახალგაზრდას მცირედი წარმატებაც აფუჭებს, ამპარტავანი ხდება და ეს ყველაფერს აუფერულებს. ასევე აუცილებელია, რომ ყოველი ახალი ლექსი კარგად გაიაზრონ თუ რა იდეა, რა აზრი ჩადეს და რისი დამატება ან ამოღება შეიძლებოდა… მერე კი დაარწმუნონ თავიანთი თავი იმაში რომ მას ბევრად უკეთესის შექმნა შეუძლია… და ასეცაა, ოღონდ ადამიანს გინდოდეს და გვქონდეს მიზანი…

ვორწყექ ვანდებულეს კოჩი კოც.

მარა დმაფუჩენე ილორს…

მართალი ახიოლე ღორონც,

ჩხოროწყუ დუდიშე მეტო მიჸორც!

  1. ამჟამად რას საქმიანობ და საინტერესოა თავად, ორიოდე სიტყვით როგორ აღწერდით შოთა წურწუმიას პოეზიისა და ხელოვნების მიღმა ?’

 გულს მუზა წვავს და ულხინს,

ვით შემეძლება ვდუმდე,

სულს პოეზიის იქით

არ უძებნია ბუდე…

შეიძლება ნამეტანი ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, კარგია ეს თუ ცუდი პოეზიის უმისოდ, ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. უმეტესად ასე თუ ისე სევდიანი ბუნების ვარ და

კიდევ მრავალჯერ მოვიწყენ ალბათ,

ვიდრე მზე ამ თოვლს მთიდან ჩამოლევს,

სიხარულისა ვიკოთხოთ თორემ

მოწყენის მიზეზს რაღა გამოლევს…

თუმცა ცოტა ხანში ისევ აღმომხდება მსგავსი სიტყვები რომ

არვის აცდება ცხოვრების წიხლი

წუთისოფელი კაცის მტერია,

ასე მჯეროდა მაგრამ დღეს მიხვდი

სიცოცხლე მართლაც მშვენიერია!

მთლიანობაში ბევრი ფიქრი მიყვარს, ზოგჯერ ისეთ უმნიშვნელო რაღაცეებზეც რომ საკუთარ თავზეც ვბრაზობ და ყოფილა შემთხვევები როცა ყველაფერზე გული მქონდა აცრუებული, მაგრამ შეიძლება სულ ერთი სტროფიც ჩავინიშნო, მომეწონოს და მისით მთელი თვე ძალიან ბედნიერი ვიყო… მაშინ კი ვუმეორებ ჩემს თავს რომ_

ჩემო კალამო გიცხადებ ნდობას,

მართალი გულით გავყვეთ თაბახებს…

შენ კარგად იცი, რომ ქართველობას

ბევრი ვერავინ დაიტრაბახებს!

შემიძლია ხატთან დავიფიცო, რომ გულით მინდა ყველა ქართველი ჩემზე ბევრად უკეთესი იყოს და იქნენ მომავალი თაობის წარმომადგენლებიც…

ამჟამად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ვიმყოფები. იანვარში წამოვედი, ვენის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მიზნით და ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ბაზაზევე არსებულ გერმანული ენის მოსამზადებელ კურსებს გავდივარ… რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი სოხუმის მკვიდრ და ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ სოსო მატკავას, თამარ აღდგომელაძეს და ყველა იმ კეთილ ადამიანს რომელმაც ამ მიზნის განხორციელებაში ხელი შემიწყო. ვნახოთ მომავალი რის შესაძლებლობას მომცემს, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს სათანადო განათლება მივიღო და შემდგომ ჩემს ქვეყანას რითაც და როგორც შემეძლება სუფთა სულით, გულითა და ხელებით ერთგულად ვემსახურო, მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე…

მჯერა რომ ჩხოროწყუელებს ერთად წინ ლამაზი და პერსპექტიული მომავალი გველოდება…

.  .  .

თქვა რეთ იმენდიში დაჭყაფუ,

გულს გამითბობდა სხვა ნეტა?

მა ჩხოროწყუშე მაჭყაფუ

არძო მურიცხი დო პლნეტა.

შირი დღას ვარჩხილშა ვამთირუ

დო ვართი კოჩანას ვაფარე,

ქიანს არძოში შურიდგმა

თოლისში ართი გოვალაფარე.

დო ჩე დო უჩაში გარჩევა

ჩხოროწყუს ქდიბგურედა,

თქვანი ჭირი მა ქობღოლამუდას

თქვანი ოღურუ კარს ბღურედა!

მადლობა დაფასებისთვის, უფალი გფარავდეთ!

Related posts

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.

მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება.