იასონ ერასტის ძე ნაჭყებია – ქართველი საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, მეორე მსოფლიო ომის სახელოვანი მონაწილე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაიბადა 1913 წლის 25 აგვისტოს ზუგდიდის მაზრის სოფელ ჯუმითში (დღევანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეს უბანი ).
1931-39 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე ჩხოროწყუსა და ცხაკაიას რაიონებში. 1939-40 წლებში წალენჯიხის რაიკომის პირველი მდივანი. 1941 წელს სწავლობდა საკავშირო კ.პ. (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ ლენინურ კურსებზე.
დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 1942 წლის 28 აპრილამდე, იასონ ნაჭყებია 300-ე მსროლელი დივიზიის სპეციალური დანიშნულების ცალკეული გამანადგურებელი ბატალიონის კომისრად მსახურობდა, რომელიც განსაკუთრებული საბრძოლო დავალებებისა და მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე დივერსიული ოპერაციების შესრულების მიზნით, ომის პირველივე დღეებში ჩამოყალიბდა.
არსებობის მანძილზე, გამანადგურებელმა ბატალიონმა, რომელიც 190-მდე მსუბუქად შეიარაღებულ სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა, კომისარ ნაჭყებიას თანახელმძღვანელობით, არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა კიევის, პოლტავის, ახტირკის, ხარკოვის და მდინარე ჩრდილოეთის დონეცის შემოგარენში. სსრკ-ს თავდაცვის სახალხო კომისარიატის გაზეთის, „წითელი ვარსკვლავის“ 1942 წლის 23 აპრილის ნომრის მონაცემებით,
მხოლოდ ღამით ჩატარებული ოპერაციების შედეგად, ბატალიონმა მოწინააღმდეგის ორ ათასზე მეტი მებრძოლი გაანადგურა.
ქვედანაყოფმა განსაკუთრებულ წარმატებას მდინარე ჩრდილოეთის დონეცის პირას მდებარე სოფელ ხოტომლიას ბრძოლებში მიაღწია, რომელთა დასრულებიდან მალევე, გერმანულმა სარდლობამ,
ბატალიონის მეთაურის მსგავსად, იასონ ნაჭყებიას მოკვლისთვის ან ცოცხლად შეპყრობისთვის ჯილდო დააწესა.
ადამ პუნტუსს და იასონ ნაჭყებიას, თავის წიგნში „Полыхают Зарницы“, „ლეგენდებად“ იხსენიებს 300-ე მსროლელი დივიზიის ვეტერანი, უფროსი ტექნიკოსი-ლეიტენანტი ვალენტინ ნეპროკინი, რომლის სიტყვებით, კომისარი გამანადგურებელი ბატალიონის მებრძოლებს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ ასწავლიდა .
საბჭოთა კავშირის გმირის, არმიის გენერლის, სიმონ ივანოვის მოგონებით, ამ ბრძოლაში ბატალიონმა გერმანული გარნიზონი თითქმის სრულად გაანადგურა.
1942 წლის 1 იანვრის ღამეს, განამანადგურებელმა ბატალიონმა, 300-ე მსროლელი დივიზიის 1049-ე და 1053-ე მსროლელი პოლკების თითო ასეულთან და დივიზიის გადამღობი ბატალიონის ასეულთან ერთად, სოფელ ხოტომლიაზე მორიგი შეტევა განახორციელა, რის შედეგად, 2 საათიანი ბრძოლის შემდეგ, მინიმალური დანაკარგით, 515-ე ქვეითი პოლკის 400-მდე მებრძოლი იქნა განადგურებული. 1049-ე პოლკის შტაბის ყოფილი უფროსის, თადარიგის პოლკოვნიკის, ვასილი ბაკაის მოგონებით, სოფელ ხოტომლიასთან მეორე ბრძოლის დროს, ბატალიონის ერთი ასეული კაპიტან პუნტუსის მეთაურობით სოფელში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეიჭრა და მოწინააღმდეგეზე იერიში მიიტანა, რა დროსაც, ბატალიონის მეორე ასეულმა, კომისარ ნაჭყებიას თაოსნობით, მოწინააღმდეგის დარჩენილი ნაწილი, სარაკეტო სიგნალით, ჩრდილოეთის დონეცის გაყინულ ნაპირზე გაიტყუა და გაანადგურა.
ადამ პუნტუსს და იასონ ნაჭყებიას, თავის წიგნში „Полыхают Зарницы“, „ლეგენდებად“ იხსენიებს 300-ე მსროლელი დივიზიის ვეტერანი, უფროსი ტექნიკოსი-ლეიტენანტი ვალენტინ ნეპროკინი, რომლის სიტყვებით, კომისარი გამანადგურებელი ბატალიონის მებრძოლებს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ ასწავლიდა .
გამანადგურებელი ბატალიონის დაშლის შემდგომ, 1942 წლის 28 აპრილიდან 13 ივნისამდე, იასონ ნაჭყებია 300-ე მსროლელი დივიზიის ახალი ფორმირების გადამღობი ბატალიონის კომისრად მსახურობდა. მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მიმდებარე სოფელ არტიომოვკასთან მძიმედ დაჭრის შემდეგ, მკურნალობდა ნოგინსკის სამხედრო ჰოსპიტალში. გამოჯანმრთელების შემდგომ, იმავე წელს, გადამზადება გაიარა პოლიტიკურ ნაწილში პოლკის მეთაურის მოადგილის პოზიციის დასაკავებლად და მიენიჭა მაიორის წოდება. მორიგ დანიშვნამდე, 1943 წლის მარტის დასაწყისში, უკრაინაში, ჩართული იყო მტრის ზურგიდან კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტების გადმოტანის საიდუმლო ოპერაციაში.
1943 წლის მარტიდან 1944 წლის ივლისამდე, მაიორი იასონ ნაჭყებია მსახურობდა 184-ე დუხოვშჩინას მსროლელი დივიზიის 294-ე მსროლელი პოლკის მეთაურის მოადგილედ პოლიტიკურ ნაწილში, სადაც თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა 1943 წლის სექტემბერში, დუხოვშჩინას ბრძოლაში. აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში მისი სიმამაცე აღწერილია 294-ე პოლკის ყოფილი მებრძოლის, საბჭოთა კავშირის გმირის, პოლკოვნიკ ვლადიმირ ევდოკიმოვის მოგონებებში.
1944 წლის ივლისში, კაუნასთან მძიმედ დაჭრის შემდგომ, იასონ ნაჭყებია მოსკოვში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდგომ, 1945 წლის თებერვლიდან, დიდი სამამულო ომის დასრულებამდე, მსახურობდა 133-ე სმოლენსკის მსროლელი დივიზიის 681-ე მსროლელი პოლკის მეთაურის მოადგილედ პოლიტიკურ ნაწილში, სადაც თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა 1945 წლის აპრილში, ჩეხოსლოვაკიაში, ველკი ლოპენიკისთვის ბრძოლაში. სლოვაკეთში ჩატარებული ბრძოლების შესახებ მისი მოგონებების ცალკეული ეპიზოდი გამოქვეყნდა, 1961 წელს, ბრატისლავაში გამოცემულ ბროშურაში „Bojovali Za Našu Slobodu“ (იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის).
მაიორი იასონ ნაჭყებია, ომის დროს, დაჯილდოვდა წითელი დროშის სამი ორდენით (1942, 1943, 1945), სამამულო ომის პირველი (1943) და მეორე ხარისხის (1944) ორდენებით და წითელი ვარსკვლავის ორდენით (1942). მიღებული აქვს არაერთი მედალი, მათ შორის მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის“ (1945) და მედალი „კიევის დაცვისთვის“ (1961).
1950 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, იასონ ნაჭყებიამ სწავლა მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში განაგრძო, სადაც 1953 წელს, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა. იმავე წელს, მიენიჭა დოცენტის წოდება. 1960-70 წლებში იყო თბილისის ი. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში, ხოლო 1970-79 წლებში, ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მომდევნო წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
იასონ ნაჭყებია 1979 წლის 14 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის საბურთალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2014 წელს, ნაჭყებიების საგვარეულო კავშირმა მას „გვარის ღირსებისა და სიამაყის“ წოდება მიანიჭა.