, მის ისტორიას, ყოფას და განვითარებას
ლესიჭინეს ადგილმდებარეობა
სოფელი ლესიჭინე მდებარეობს ჩხოროწყუს რაიონის სამხრეთ–დასავლეთით მდინარეების ხობისწყლის, ოჩხომურის, ზანასა და ცივის სანაპიროებს შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება ამავე რაიონის სოფელი ახუთი და სენაკის რაიონის სოფლები: ფოცხო და უშაფათი; დასავლეთით ხობის რაიონის სოფელი ხიბულა და ჩვენი რიაონის სოფელი კირცხი, ჩრდილოეთით: ქვედა ჩხოროწყუ, სამხრეთით: სენაკის რაიონის სოფელი ზანა. საქართველოს რუკაზე იგი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აქედან რაიონის ცენტრი 12კმ-ითაა დაშორებული.
ლესიჭინე ადრე ეგრისის სამეფოს, ხოლო შემდეგ ოდიშ – სადადიანოს შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი 8-მაზრად დაჰყო. ოჩხომური ზუგდიდის, ხოლო ლესიჭინე ზუმის მაზრაში შედიოდა.
წარმოშობა
სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. პირველი მოსახლის სიჭინავას გვარის მიხედვით სოფელს ლესიჭინე დაერქვა. ლესიჭინეში მოსახლეობა სულ პირველად განლაგებული ყოფილა მდინარეებს ზანასა და ცივს შორის იმ დროს მდებარე უღრანი ტყის – “ზურემის” პირას. ახლა ამ უბანს მეორე ლესიჭინეს უწოდებენ, რაც ისტორიული თვალსაზრისით არ არის სწორი, რადგან იგი დღევანდელ ლესიჭინეზე – ზანასა და ოჩხომურს შორის მდებარე ტერიტორიაზე – რამდენიმე საუკუნით ადრე იყო დასახლებული.
სოფლის ცენტრი, რომელსაც დღეს პირველი ლესიჭინე ჰქვია და სენაკი – ჩხოროწყუს რესპუბლიკური ავტომაგისტრალის ორივე მხარეს მდებარეობს, დასახლებულ იქნა უფრო გვიან, კაპიტალიზმის დროს, რაზედაც მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს გზა წინათ აქედან 1 – 1.5 კმ-ის დაშორებით, მეორე ლესიჭინესთან ახლოს გადიოდა.
როგორც საერთოდ გვარების ეთნოგენეზზე, ასევე სიჭინავების გვარის წარმომავლობაზე, ზუსტი ცნობები ნაკლებად არის შემორჩენილი.
სოფელ ლესიჭინეს თავისი წარმოშობის დიდი ხნის ისტორია აქვს. ლესიჭინესა და გვარი – სიჭინავას წარმოშობის შესახებ არსებობს ასეთი გადმოცემა – თურმე ის ტერიტორია, სადაც ახლა ლესიჭინეა, სრულიად დაფარული ყოფილა იელით. აქ ამ ადგილის ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან მოდიოდა ხალხი “ელიშ ჭინუშ” (ქართულად იელის წკნელის) წასაღებად, რომლითაც წნავდნენ ფაცხას, ღობეს და სხვა. თურმე ერთმანეთს რომ შეეკითხებოდნენ: სად მიდიხარო? პასუხი იყო ასეთი – ელიშ ჭინუშა (იელის წკნელზეო). ეს ტერიტორია რომ განთავისუფლდა “ელიშ ჭინუ” – საგან, გამოჩნდა ლამაზი თვალწარმტაცი მიდამო, სადაც თურმე ერთი კაცი დასახლებულა. საიდან ხარო – რომ ჰკითხავდნენ ამ კაცს, პასუხობდა – ოელიშჭინედანო. რადგან “ოელიშჭინე” გამოსათქმელად ერთულებოდათ, სიტყვამ თანდათან ცვლილება განიცადა (ოლეიშჭინე, ოლეიშჭინე, ლესიჭინე – სიჭინავა). ეს იყო დასაბამი როგორც სოფლის სახელწოდების, ასევე გვარის – სიჭინავა. (მითი გადმოცემით ეკუთვნის აწ გარდაცვლილ მღვდელ კ. ჭიჭინაძეს).
მეორე გადმოცემის თანახმად სიჭინავები წარმოშობით ფოცხოდან ყოფილან. იქ ყოფილა ჩვენი “ჯინჯ ხატი” – ძირი ხატი. არის ასეთი თქმულება, რომ ერთხელ, როდესაც საქართველოს თურქები შემოესივნენ, ყველა სიჭინავა ბრძოლაში დაღუპულა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიჭინავები ვაჟკაცები და მებრძოლი ხალხი ყოფილან – ამბობს სოფლის გამგებელი. მათი ოჯახებიც ამოუხოცავთ თურქებს. მათ სასტიკ ხელს მხოლოდ ერთ – ერთი სიჭინავას ორსული ცოლი გადარჩენია, რომელიც სხვაგან ყოფილა გახიზნული. მას დაბადებია ბიჭი, თვითონ კი მშობიარობას გადაჰყოლია. ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებლობა თურმე ვიღაც დიაკონს აუღია თავის თავზე. გასულა ხანი. დიაკონს დიდი ხნით მოუწია სხვაგან წასვლამ. წასვლამდე იგი იქვე მცხოვრებ ქუჩულორიებთან მისულა თხოვნით – ბავშვზე მიმიხედეთ და კარგად აღმიზარდეთო. მათაც დიდი სიხარულით მიუღიათ ბავშვი, რადგან თვითონ შვილი არ ჰყავდათ. დიაკონი წასულა. რომ დაბრუნდა, გზად მომავალს ვიღაც უცხო, ახოვანი ყმაწვილი შეხვედრია. მოსწონებია ჭაბუკი და ვინაობა უკითხავს. – სკვიჭას მეძახიან, ქუჩულორიებმა გამზარდესო – უპასუხნია მას. მისით აღფრთოვანებულ დიაკონს დაულოცავს იგი: ისე გამრავლდი, როგორც ცაზე ვარსკვლავი და მინდორში ბალახიო, თვითონ კი ქუჩულორიებთან წასულა და მათთვის უკითხავს: მე რომ ბიჭი მოგაბარეთ, სად არისო?! ქუჩულორიებს იმდენად შეჰყვარებიათ ბიჭი ამ ხნის განმავლობაში, რომ ვერ გაიმეტეს დიაკონისთვის დასაბრუნებლად. ამიტომ დიდის მწუხარებით უპასუხეს: შენ რომ წახვედი, მალევე გარდაიცვალაო. დიაკონს ეუცხოვა მათი ნათქვამი. ეჭვი უღრღნიდა გულს: “აბა ვინ იყო ის ყმაწვილი, წეღან რომ შევხვდიო?!” ფიქრობდა გულში. ქუჩულორიებს სთხოვა ის ადგილი ეჩვენებინათ მისთვის, სადაც დამარხეს ბავშვის ცხედარი. მათაც წაიყვანეს დიაკონი სასაფლაოზე და ერთი ადგილი უჩვენეს, სადაც, მათი თქმით, ბავშვი იყო დასაფლავებული. დიაკონს მიწა ამოუთხრია და ნაჭრებში გახვეული კუნძი უნახავს. იმ წუთს ისე გაბრაზებულა, ისიც კი დავიწყნია, რომ დიაკონი იყო და მთელი სისასტიკით დაუწყევლია ქუჩულორიები (მართლაც, ლესიჭინეში და არამარტო ლესიჭინეში ქუჩულორიები ნაკლებად არიან). შემდეგ კი იმ ტერიტორიას სადაც სკვიჭას შთამომავლები დასახლებულან ლესკვიჭინე დაერქვა. ამ სიტყვამ დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა და მივიღეთ ლესიჭინე.
რაც შეეხება სიჭინავებს, ეს გვარი საუკუნეების მანძილზე სიჭინებად იწოდებოდა (ის ზეპირსიტყვიერებაში დღესაც ასე იწოდება), მაგრამ მე-19-ე საუკუნეში შედგენილ პირველ წერილობით საბუთში მას რატომღაც “ვა” სუფიქსი დაემატა და მივიღეთ გვარი სიჭინავა.
ლესიჭინის შემადგენლობაში შედის ოჩხომურის უბანი, რომელიც ერთ დროს თვითმყოფადი სოფელი იყო, ამიტომ მის შესახებაც მოგახსენებთ.
ცნობილია, რომ XVI საუკუნეში ომებმა და სნეულებებმა ოჩხომურის მოსახლეობა გაანადგურა და ის ტერიტორია უკაცრიელი გახდა. ოტია დადიანს თავისი მთავრობის დროს აუშენებია საზამთრო სასახლე მდ. ოჩხომურის აღმოსავლეთ მხარეს ლესიჭინეს საზღვართან. ოტია დადიანის სიკვდილის შემდეგ კაცია II დადიანს თავისი მთავრობის პერიოდში (1753 – 1788წ.წ.) თავისი უმცროსი ძმისათვის გიორგისათვის უჩუქნია ოჩხომურის სასახლე. გიორგის ახლომახლო სოფლებში დაუგზავნია კაცები და ოჩხომურში დასახლებულან პირველად ხორავები, შემდეგ დგებუაძეები, კაკაშვილები, ჩიქოვანები, კოხიები და გოროზიები. ესენი ყველანი მარტვილის რაიონიდან არიან. ასე განუახლებია გიორგი ოტიას ძე დადიანს ~ოფუტე~- სოფელი ოჩხომური – მიამბო ერთ დროს ოჩხომურის მკვიდრმა უხუცესმა ბატონმა ჯონდი დადიანმა. მისი ნაამბობიდან ვგებულობთ, რომ ოჩხომური დიდი ნიკო გიორგის ძე დადიანის შვილის პეტრეს და მისი შვილების საცხოვრისი ყოფილა. პეტრეს სასახლე მდგარა იქ, სადაც ახლა კაციები ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, დადიანების სანადირო ადგილი სწორედ ლესიჭინე და კერძოდ ოჩხომური იქნებოდა.
დადიანები წარმოშობით მარტვილის სოფელ ნოღადან იყვნენ. მათი გვარი გადადიანებამდე იყო ჩიქვანი – ჩიქოვანი (დადიანი _ მთავარს, ბატონს ნიშნავს).
ფეოდალიზმის დროს ხორავების ერთი ოჯახი მდინარე ოჩხომურის გამოღმა გადმოსულა და იმ უბანს “სახორას” (სახორავოს) ეძახიან. მდინარე – ოჩხომურის სახელწოდება წარმოდგება “ჩხომიშ” (თევზის) დიდი რაოდენობით გავრცელებისაგან.
ჩხოროწყუს რაიონის ტერიტორიაზე მობინადრე უძველესმა ადამიანებმა თანმიმდევრულად განვლო თითქმის ყველა საფეხური, რაც მსოფლიო ისტორიაშია ცნობილი. დადგენილია, რომ კავკასიაში ადამიანი დაახლოებით 1.5 მილიონი წლის წინათ დასახლდა, რაც დადასტურებულია პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევით. სათანადო არქეოლოგიური და სხვა მასალებით დადგენილია, რომ პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია ჩხოროწყუს რაიონის ტერიტორიაზედაც.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლესიჭინეს ისტორია უძველესი დროიდან მომდინარეობს. უძველეს დასახლებაზე მიუთითებს აქ ჩაის პლანტაციების გაშენების დროს შემთხვევეით აღმოჩენილი განძი, რომელიც მესამეული სახეობის 2 კოლხური ცულისა და 7 ზოდისაგან შედგება (ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. საინვენტარიზაციო # 8-53, 1-3) (ჩემი ყოფილი მასწავლებლის აწ უკვე განსვენებული ბატონ ამერან სიჭინავას პირადი არქივიდან). მათი მეცნიერულად შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ისინი განეკუთვნება ბრინჯაოს ხანას და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის მიწურულით.
ოჩხომურის უბანში მდ. ოჩხომურის ქვედა მარჯვენა ტერასების გადამყურე ზოლში, საყანე მიწის დამუშავების დროს შემთხვევით აღმოჩენილ იქნა გვიან ბრინჯაოს – ადრე რკინის ხანის კოლხური ბრინჯაოს ნაკეთობათა განძი 140-მდე ბრინჯაოს ნივთით მისი აღმოჩენა ეკუთვნის ოჩხომურელ დარიკო ხორავას. განძი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულის დასაწყისით. აქვე 1984 წელს აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ჯონი აფაქიძე) ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის თანამშრომელთა მონაწილეობით ჩაატარეს არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგად დადგინდა აღნიშნულ ტერიტორიაზე წინა ანტიკური ხანის ადამიანთა დიდი სამოსახლოს ნაშთები მრავალ ასეულ კვადრატულ მეტრ ფართობზე.
ლესიჭინეში ნაპოვნი განძის აღწერილობა მოცემულია დ. ქორიძის წიგნში – “კოლხური კულტურის ისტორიისათვის”, (თბილისი, 1965წ.), რომლის 48-ე და 49-ე გვერდებს შორის ჩართულ რუკაზე – “განძებისა და ბრინჯაოს სამეურნეო იარაღების აღმოჩენის პუნქტები”-დან ლესიჭინე აღნიშნულია ერთ-ერთ სამეგრელოს 9 პუნქტს შორის და ერთადერთად ჩხოროწყუს რაიონში.
ლესიჭინეში ასამდე ტოპონიმია აღრიცხული: ზურემი, სახვარა, სახორაო, საკაციო, სალაშხიო, სავეკუო, საკიზირიო, საკაკასქუო, ნადუ, ხორგონა, ხვიჩარონი, დობერა, შქა-ტყა, დგებუაში ტყა, ტები, ოჩი, ღაჩერე, ეწერი, სკურჩა, ოჩხარჩხალე, ოქაჯე, გმოხონჯი, ჭალე, აბანო, ცაცხვიჯინჯი, გუმარონი, ნაისირუ, ნაღუმუ, ნაჭკადუ, ნაოხვამუ, ნაკაზარმუ, ნაკანცალარუ, ნაოსხაპუ, ნახარდანე, გოჯოში ნოხორი, ბახვაში ნოხორი, ლევაში წყურგილე, ალექსანდრეში ნოხორი, მაქსიმეში დიხა და ა.შ.
მნიშვნელოვანი მოვლენები
ლესიჭინეს მოსახლეობა მწვავე კლასობრივი დაპირისპირებების მონაწილეა.
ოსმალთა ჯარების განდევნის შემდეგ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს ახლომახლო მდებარეობდა, ხელახლა აღსადგენი შეიქმნა. მმართველი წრეები ამაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. პირიქით, მთელი ზარალის ანაზღაურებას მებატონეები იმ გლეხების ხარჯზე აპირებდნენ, რომელთაც ომერ-ფაშას ჯარის შემოსევა ყველაზე მეტად დააწვათ მხრებზე. პირველი მაგალითი გლეხთა ძარცვისა თავადაზნაურებს დედოფალმა ეკატერინემ მისცა, როდესაც გლეხებს ანაზღაურების გარეშე ამუშავებდნენ. მათ არც ბინას აძლევდნენ, არც სამუშაო იარაღს, არც საჭმელს და უმინდოდ სიმინდსაც არ უფქვავდნენ დედოფლის წისქვილში. ხვეწნა-მუდარამ ვერ გაჭრა. გლეხებს შიმშილით სიკვდილი ელოდათ. გლეხობა აჯანყდა. მათ სათავეში მართალია თოდუა ჩაუდგა. აჯანყებულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობდა. ასე დაიწყო გლეხთა აჯანყება ხობისწყლის მარცხენა ნაპირზეც, რომელსაც სათავეში უტუ მიქავა ჩაუდგა. უტუ მიქავას წინამძღოლობით სამეგრელოს გლეხთა 1856-1857-წლების აჯანყების მთავარი შტაბი ერთ დროს ლესიჭინეში იყო. ჯვარი და წალენჯიხა აჯანყების კერად იქცა. უტუსა და მართალიას ჯარები 1856-წელს ერთმანეთს შეხვდა ოჩხომურში, ხორავების I სასაფლაოზე და იქ მოხდა აჯანყებულთა გაერთიანება, რომელშიც ლესიჭინელ გლეხთა რაზმიც შედიოდა, გაერთიანებულ ჯარს კი “ურდუმი” უწოდეს. აჯანყებულთა ხელმძღვანელად უტუ მიქავა დაადგინეს, მოადგილედ კი მართალია თოდუა. ირგვლივ აჯანყებულთა საყვარელი სიმღერა გაისმოდა: “წინსვლა, წინსვლა, გამარჯვება ან სიკვდილი”. იმ ადგილზე, სადაც მათი გაერთიანება მოხდა, ხალხმა აღმართა ობელისკი. დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
უტუმ მალე დაინახა, რომ ბრძოლის გაგრძელებას არავითარი აზრი არ ჰქონდა და ~ ურდუმი ~ დაშალა. ამით მან მრავალი გლეხი იხსნა უმიზნო დაღუპვისაგან. ამის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, უტუ და მართალია დაიჭირეს და ციმბირის გზას გაუყენეს.
XIX საუკუნის 80-90-ია წლებში ლესიჭინე ებმება გლეხთა რევოლუციურ მოძრაობაში. ამ პერიოდში აქ არალეგალურ მუშაობას ეწეოდა ცნობილი რევოლუციონერი მიხა ცხაკაია. რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში მოძრაობამ მწვავე ხასიათი მიიღო, დაწვეს სოფლის კანცელარია, განხორციელდა თავდასხმები ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ოჩხომურში დაარბიეს დადიანისეული სასახლე, იყო მსხვერპლიც.
საგლეხო რეფორმის შემდეგ ლესიჭინე და ოჩხომური გაერთიანდა სასოფლო საზოგადოებად, რომელსაც მამასახლისი ედგა სათავეში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში სოფელს მართავდა ხალხის მიერ არჩეული სათემო ერობა, რომლის თავმჯდომარე იყო ვარლამ ცხაკაია.
საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია რა რუსეთ-საქართველოს 1920-წლის 7-მაისის ხელშეკრულება, გამოემართა საქართველოსკენ, რათა აეღო თბილისი. წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. 1921-წლის 18-მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა დატოვა. თბილისის წითელი არმიის ნაწილებმა ქართული ჯარის მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, მთელი საქართველო დაიმორჩილეს და ყველგან საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. წითელარმიელები ჩხოროწყუს რაიონის ტერიტორიაზეც მარშით, შუა სამეგრელოს გზით ლესიჭინეს გავლით შემოვიდნენ.
1921-წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დამხობას არაერთი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. მათ შორის მნიშვნელოვანია 1924-წლის აჯანყება, რომელმაც სრულიად საქართველო მოიცვა. მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად მის გასაბჭოებისთანავე დაიწყო. 1924-წლის აჯანყებაში 100-ზე მეტი ლესიჭინელი მონაწილეობდა, მათი ხელმძღვანელები იყვნენ : პაისი ჭიჭინაძე, იონა, ზაქარია, ილიკო, ნიკო სიჭინავები, ნიკო ფაცია. ორი დღის განმავლობაში 29-30-აგვისტოს აჯანყებულები ფლობდნენ სოფელში ძალაუფლებას. ამ დროს სამეგრელოს რეგიონში 451-კაცი იქნა დახვრეტილი. ჩხოროწყუში დახვრეტილთა რიცხვი 17-ს აღწევს. მაშინ ლესიჭინელები მსხვერპლს გადაურჩნენ, მაგრამ 30-იანი წლების რეპრესიების დროს სოფლიდან 27-კაცი იქნა გასახლებული, საიდანაც მხოლოდ 6 დაბრუნდა.
საბჭოთა ისტორიოგრაფიაში 1924-წლის აჯანყება შეფასებული იყო, როგორც “მენშევიკების ბანდის ავანტიურა”, რომელსაც ბნელი ძალები – ოფიცრები, თავადაზნაურობა და სამღვდელოება მართავდნენ. სინამდვილეში, ეს იყო ჭეშმარიტი სახალხო აჯანყება დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული წყობილების აღსადგენად, რუსეთის მიერ კვლავ დაბყრობილი საქართველოს განსათავისუფლებლად. აჯანყებისთვის გაღებულ სისხლს ამაოდ არ ჩაუვლია, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დამკვიდრებისათვის მებრძოლი თაობა არასოდეს დაივიწყებს დაღუპულთა სახელებს.
1929-წლიდან ლესიჭინეს მოსახლეობა მასობრივად ებმება საკოლმეურნეო მოძრაობაში. 1935-წლისათვის დამთავრდა კოლექტიურ მეურნეობაზე გადასვლა, აქ თავიდან 9 ამხანაგობა და კოლექტიური მეურნეობა იყო შექმნილი, შემდეგ დაიწყო გამსხვილება და საბოლოოდ 2 კოლმეურნეობა დარჩა.
1932-წლიდან ოჩხომურის უბანში ჩამოყალიბდა მეურნეობა, რომელიც 1963-წელს ლესიჭინეს კიროვის სახელობის კოლმეურნეობას შეუერთდა.
1939-წელს დაწყებული მეორე მსოფლიო ომი 1941-წლის 22-ივნისს ახალ ეტაპში შევიდა, როცა ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. მართალია, მტერი საქართველოს მიწა-წყალზე ვერ შემოვიდა, მაგრამ ომი მძიმედ დააწვა ჩვენს რესპუბლიკასაც, მან ომში გაგზავნა ყოველი მეხუთე მოქალაქე 700 000-მდე მეომარი, რომლთაგან 300 000-დაიღუპა. ჩხოროწყუს რაიონიდან წითელი არმიის რიგებში გაწვეული 5700-მეტი მებრძოლიდან ომში დაახლოებით ნახევარი დაიღუპა. უდიდესი მსხვერპლი გაიღო ლესიჭინემ მეორე მსოფლიო ომში. სოფლიდან არმიაში გაწვეულ იქნა 614-კაცი, აქედან ფრონტზე დაიღუპა 302, დემობილიზაციის შემდეგ ადგილზე გარდაიცვალა 267. რაიონში ბევრია ისეთი ოჯახი, რომელმაც ოთხი შვილი დაკარგა. ოთხი შვილი ვერ დაუბრუნდა ლესიჭინელ ნიკოლოზ სიჭინავას ოჯახს. ლესიჭინის მკვიდრთაგან მრავალმა ვაჟკაცმა ისახელა თავი ომში. პოლკის მეთაურის პოსტზე პოლკოვნიკის რანგით ბერლინში იზეიმა გამარჯვება ლესიჭინელმა არკადი ჩიტაძემ. დავიწყებას არ შეიძლება მიეცეს ომში ფეხდაკარგული, ლენინგრადისა და კურსკის ბრძოლების მონაწილის, ლესიჭინელი მასწავლებლის ეზიკო სიჭინავას საბრძოლო დამსახურება. მე-18 არმიის რიგებში მამაცურად იბრძოდნენ მცირემიწელები შალვა და დავით სიჭინავეები. მტრის ზურგში მედგრად იბრძოდა ლესიჭინელი პედაგოგი, ცნობილი პარტიზანი გიორგი ნარსია და სხვები. მრავალმა ლესიჭინელმა გმირობა და მამაცობა გამოიჩინა, მათ შორისაა მამაშვილი ბათლომე და შალვა სიჭინავები, მრავალი საბრძოლო ორდენისა და მედლის კავალრები.
ოთხი წელი ზანზარებდა დედამიწა, ოთხი წელი მძვინვარებდა ქარტეხილი – გამუდმებული ტყვიის დელგმით, სისხლის წვიმებით. სიკვდილის ცელი თიბავდა მილიონობით ადამიანს. რა არ გადაიტანეს _
შიმშილი . . .
სიშიშვლე . . .
სიცივე . . .
ყოველდღე სერავდა გულს უკურნებელი ჭრილობა. ადამიანთა მოდგმის უბოროტეს მტერს, ფაშიზმის ურჩხულს ჩვენმა ძლევამოსილმა არმიამ, ჩვენმა ხალხმა თითები დააჭრა, თავები წააცალა და საკუთარ ბუნაგშივე აუგო ანდერძი.
~ბოროტსა სძლია კეთილმან~
გათენდა 1945-წლის 9-მაისი – დღე ბრწყინვალე გამარჯვებისა, დღე ოთხი წლის მანძილზე ნაოცნებარი, ნანატრი
გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა
ამ ერთ სიტყვაში გაერთიანდა ჩვენი კანონიერი სიამაყეც, უსაზღვრო სიყვარულიც . . . გადატანილი ტანჯვა-ვაება, ცრემლიანი მოგონებებიც.
დადგა 1945-წლის მაისი და გადაიქუხეს ზარბაზნების უკანასკნელმა ზალპებმა, მსოფლიოს ამცნეს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება.
შემდეგ . . . შემდეგ ყველაფერი ჩადგა კალაპოტში, საკუთარ კერას დაუბრუნდნენ მამულის წინაშე სახელოვნად ვალმოხდილი, ნაომარი ვაჟკაცები. რაიონის მოსახლეობა ზეიმობდა გამარჯვებულთა დაბრუნებას ომიდან. გლოვობდა და ცხარე ცრემლით დასტიროდა დაღუპულებსა და შინმოუსვლელებს. ბევრმა კი – უზომოდ ბევრმა ნახა ~საძმო საფლავი”, მაგრამ დარჩათ უკვდავი ხსოვნა, დარჩათ მემკვიდრენი, მამათა ნამუსიანი სიცოცხლის გამგრძელებელნი. ომში დაღუპულთა და მონაწილეთა პატივგებისათვის მადლიერმა მშრომელებმა სოფლის ცენტრში ძეგლი – ობელისკი აღმართეს.
დრომ თავისი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიად იქცა. ამ დაუვიწყარ ეპოქაში ბევრი გმირული ფურცელი სისხლით ჩაიწერა და საჭიროა მათი სათუთად შენახვა.
ჩემი სახლიდან არც ისე დიდი მანძილითაა დაშორებული მიწის ქვეშ გათხრილი ოთახები, რომელსაც ასე მოვიხსენიებთ _ ~თავშესაფარი~, რომელიც გათვალისწინებული იყო იმ შემთხვევისთვის, თუკი ომი მოხდებოდა, რათა ქალები, ბავშვები და მოხუცები გაეხიზნათ.
ერთ – ერთი ისტორიული მნიშვნელობის გახლდათ აგრეთვე ლესიჭინეში გაყვანილი ~შქა სამარგალოშ შარა” (შუა სამეგრელოს გზა), რომელიც ქუთაისს გორდისა და ზუგდიდის გავლით სამურზაყანოს აკავშირებდა და სამეგრელოს ძირითად არტერიას წარმოადგენდა. ლესიჭინე გზის ცენტრად ითვლებოდა. მგზავრებს აქ შეეძლოთ შესვენება და ღამისთევა. მათ ემსახურებოდათ: სასტუმრო, სასადილო, დუქანი, საჯინიბო, სანალბანდო, ფოსტა. ამ გზით ზუგდიდიდან ლესიჭინეს გავლით ქუთაისს ჩავიდა ხელმწიფე – იმპერატორი ნიკოლოზ პავლეს ძე რომანოვი 1837-წელს.
XIX-საუკუნის 70-იან წლებში გაიჭრა მუხური – ხაბუმე – ჩხოროწყუ – ლესიჭინე – სენაკის გზა. ტვირთის გადატანის ძირითად სატრანსპორტო საშუალებას ურემი წარმოადგენდა. 1931-წელს ლესიჭინეში შეიქმნა მეურმეთა კავშირი. შეასრულა რა თავისი ფუნქცია 1934-წელს მეურმეთა კავშირი დაიშალა, რამაც საფუძველი ჩაუყარა საავტომობილო პარკის ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება კავშირგაბმულობას, რაიონში მისი ქსელის განვითარება რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების შესაბამისად ხორციელდებოდა. ადრეულ პერიოდში ლესიჭინის ტერიტორიაზე გამავალ ~შუა სამეგრელოს გზის~ გასწვრივ ფოსტა ყოფილა, სადაც მოჰქონდათ წერილები და აქედან ანაწილებდნენ სხვადახვა სახის გზავნილებს.
ლესიჭინეში იყო კავშირგაბმულობის 2 განყოფილება. გაიხსნა 200-ნომრიანი ავტომატური სატელეფონო სადგური. 1939-წელს მორზეს ტიპის აპარატით კავშირი გაიხსნა ზუგდიდთან.
ცხოვრების ახლებურმა რიტმმა საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა. კავშირგაბმულობის ძველი სისტემა ახალმა შეცვალა.
XX-საუკუნის 70-იან წლებში ლესიჭინეში გაიხსნა ამბულატორია, რომელიც არამარტო ლესიჭინეს, არამედ ლესიჭინეს მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც ემსახურებოდა.
ტრადიციულად ქართველი ხალხის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი სოფელი იყო. ძნელია მოიძებნოს ქართველი კაცი, რომელიც თავისი ფესვებით სოფელთან არ იყოს დაკავშირებული. XX-საუკუნის შუა ხანებამდე ქართველების უმრავლესობა სოფელში ცხოვრობდა. მართალია, ამჟამად ქალაქის მოსახლეობამ გადააჭარბა სოფლის მოსახლეობას, მაგრამ სოფელი კვლავ ქვეყნის ეკონომიკის საფუძველი და ქართული კულტურისა და ეროვნული ტრადიციების უმთავრესი კერაა.
დღევანდელი საქართველოს უმწვავესი სოციალური პრობლემა უმუშევრობაა. ეს განსაკუთრებით კარგად აისახება სოფლებში და მათ შორის ლესიჭინეშიც. უმუშევართა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. მათი უმუშევრობა წლობით გრძელდება და ამ კატეგორიის ხალხიც იძულებულია ან სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი, ან სამუშაო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებოს. ეს პროცესი კი იწვევს კვალიფიციური შრომითი რესურსების თანდათან დაკარგვას, რის აღდგენასაც თაობები სჭირდება.
ლესიჭინეში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია _ 112 ადამიანი.
მიუხედავად ქვეყანაში მოძალებული მრავალსახა სიდუხჭირისა, მე მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბოლო მოეღება უმუშევრობას და ადამიანები მიგრაციაზე კი არ იფიქრებენ, არამედ თავიანთი ფესვების ადგილზევე გამაგრებაზე.
კულტურული ძეგლები
XX-საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო რაიონში კულტურის განვითარების სწრაფი აღმავლობა. მისმა ინტელიგენციამ ღირსეული წვლილი შეიტანა ქართული კულტურის საგანძურში. ქართველ მწერალთა რიგებს რაიონიდან შეემატნენ სახელოვანი მწერლები და პოეტები: სამსონ დადიანი, ანდრო სიჭინავა, ინდიკო ჯიქია და ა.შ.
ლესიჭინეს სკოლების კურსდამთავრებულთაგან მრავალი სახელოვანი მეცნიერი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი და მეცნიერებათა კანდიდატი გამოვიდა.
ლესიჭინეს სკოლების აღზრდილები იყვნენ მეორე მსოფლიო ომში დარუპული ანდრო სიჭინავა, დელტოპლანერისტი ბესიკ ხორავა, მხატვარი მაცი ხორავა. ლესიჭინეში დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა მსოფლიოში ცნობილმა მსახიობმა აკაკი ხორავამ, აქაური სკოლის კურსდამთავრებულია აგრეთვე მსახიობი გურამ ფირცხელავა. სოფლის ბიოგრაფიას ამშვენებს ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიის მიხეილ ბარამიასა და კონსტანტინე ჭიჭინაძის, ყოფილ უზენაესი საბჭოს დეპუტატ ანზორ სიჭინავას, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერ ლუსია დარსალიას, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმების ლუკა წურწუმიასა და შალვა პერტაიას, დამსახურებული აგრონომის კუჭუჭი სიჭინავას და სხვა მრავალთა სახელები.
XIX-საუკუნის 70-იან წლებში ლესიჭინეში შეიქმნა დაწყებითი სკოლები. ოჩხომურში პირველი სკოლის გახსნის შესახებ მიამბო ბატონმა ჯონდი დადიანმა, რომლის თანახმად: წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელს ოჩხომურში სპეციალურად გამართულ კრებაზე უთქვამს: გვაქვს დავალება ყველა სოფელში სკოლების გახსნისა, მაგრამ თქვენ სასკოლო შენობა არ გაგაჩნიათ და რა ვქნათო. სკოლა, რომელსაც გახსნიდნენ, ფასიანი უნდა ყოფილიყო. კრებაზე გადაუწყვეტიათ სკოლის აშენებამდე, რომ სასკოლო ოთახი ექირავათ. მომაგრებულ კაცს უკითხავს: ვის შეგიძლიათ სკოლისათვის ოთახის გაქირავებაო? ეს კითხვა მას რამდენჯერმე გაუმეორებია, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მიმაგრებულ კაცს უთქვამს: სკოლა არ გნდომებიათ და არც გაიხსნებაო. ამ დროს ამდგარა ანტონ პავლეს ძე კოხია და უთქვამს: მე გაძლევთ ჩემი სახლის ზალას 2 წლის ვადითო. ასე გახსნილა ოჩხომურში პირველი სკოლა ანტონ პავლეს ძე კოხიას სახლში.
1874-წელს ლესიჭინეში გაიხსნა დაწყებითი სკოლა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში იგი გადაკეთდა ჯერ შვიდწლედად, ხოლო 1936-წელს _ საშუალო სკოლად, რომლის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ყოფილ დირექტორს ვლადიმერ ვეკუას. 1921-წლამდე რაიონის ტერიტორიაზე სასულიერო პირების მიერ ეკლესიასთან გახსნილი სამკითხველოები არსებობდა. ამჟამად ლესიჭინეში ფუნქციონირებს სამი საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი.
წარმატებით ასპარეზობდა ლესიჭინეს ფეხბურთელთა გუნდი, რომელიც რაიონის არაერთგზის ჩემპიონი და ფეხბურთში სამეგრელო – ზემო სვანეთის თასის მფლობელი იყო.
რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რელიგია მართმადიდებლური ქრისტიანობაა. ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში დაცულია რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიების ჩანაწერების 780 წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩხოროწყუს რაიონში რევოლუციამდე 34 ეკლესია მოქმედებდა. საეკლესიო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ლესიჭინეში მოქმედი ეკლესიები იყო ლესიჭინეს ~ხელთუქმნელი მაცხოვრის~, ლესიჭინეს ~წმინდა გიორგის~, ოჩხომურის ~მაცხოვრის აღდგომის~ ეკლესიები. ამჟამად ფუნქციონირებს ოჩხომურის ~მაცხოვრის აღდგომის~ ეკლესია და მარიამ ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო, რომელიც ადრე მუზეუმი ყოფილა.
2002 -წლიდან კი ამ შენობაში სამლოცველოს დაუწყია ფუნქციონირება, რაც დღესაც ძალაშია. რაც შეეხება ოჩხომურის ეკლესიას, როგორც აღვნიშნეთ, იგი მაცხოვრის სახელობისაა (იხილეთ დეკანოზი ზინობი ჟვანიას წიგნი ~მართალთა ცხოვრება~გვ.50), თქმულების მიხედვით ის 45 წელიწადს შენდებოდა. 4-ჯერ შეწყვეტილა მისი მშენებლობა სხვადასხვა მიზეზით და ბოლოს მოსახლეობის სურვილითა და მთავრობის ნებართვით ეკლესიის მშენებლობა დაუმთავრებია აზნაურ ბებელია ხორავას 1888-წელს. ეს იმ ქვაზეა წაწერილი, რომელიც ინახება ოჩხომურის მაცხოვრის სახელობის საყდარში. სანამ აღნიშნულ ეკლესიას რესტავრაცია გაუკეთდებოდა, მხოლოდ კედლები იყო დარჩენილი, გუმბათი კი საერთოდ არ ჰქონდა, დროთა სვლას იგი მიწასთან გაესწორებინა და კედლებსაც იგივეს უქადდა. იმ ეკლესიას კარები ჯერ კიდევ შემორჩენოდა ძველებური სახით, ამიტომ იგი ჩამოხსნილ იქნა და დიდხანს ინახებოდა ვენია ხორავას სახლში. მაგრამ სამწუხაროდ ისეთი არავინ გამოჩნდა, რომელიც ეკლესიას აღადგენდა. ამიტომ ბატონმა ვენიამ იგი ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ჩააბარა და ის დღესაც იქ ინახება. მერე კი, როცა ხალხისა და მთავრობის შეწევნით აღდგენილ იქნა ~მაცხოვრის აღდგომის ეკლესია~ მოსახლეობამ მუზეუმიდან კარები ითხოვა, მაგრამ ის უკვე შესული იყო რაიონში მოპოვებულ ექსპონატთა სიაში. ასე რომ, მისი ბედი დიდი ხნის წინ ჰქონდათ გადაწყვეტილი. მუზეუმის ხელმძღვანელობამ ხალხს კარები ვერ გაატანა.
ოჩხომურში ადრეც ყოფილა ეკლესია, მაგრამ XVI-საუკუნეში სოფლის მოსახლეობა ომებისა და სნეულების გამო განადგურებულა და უკაცრიელ ადგილზე ეკლესიაც დანგრეულა. მისი ნაშალი ქვები დღესაცაა შემორჩენილი იმ ნასაყდრალზე. როდესაც ეს ნასაყდრალი მოვინახულე, მიჩვენეს ნანგრევებს შორის ერთი ღრმა ორმო. თურმე ახლო-მახლო მცხოვრები ბავშვები დადიოდნენ ხოლმე აქ, ამ ნანგრევებზე, ამიტომ მოსახლეობა შეეცადა ეს ორმო ამოევსოთ, მაგრამ უშედეგოდ. რასაც ჩაყრიდნენ, დროთა განმავლობაში უჩინარდებოდა, თითქოს მიწა ყლაპავდა. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ერთ დროს აქ, ამ ეკლესიის ნანგრევების ქვეშ სარდაფი იქნებოდა. მათი ვარაუდით სარდაფიდან გვირაბში გასასვლელიც უნდა იყოს. ეს მხოლოდ მათი ვარაუდია, რადგან ზემოთხსენებული ორმო ვერა და ვერ ამოავსეს. თუმცა ამ აზრს უფრო დამაჯერებელს ხდის ის ფაქტიც, რომ, როცა ახლო ტერიტორიებში ვინმე ცხენს მიაგელვებს, სადღაც სიღრმიდან ყრუდ ისმის ექო.
დემოგრაფია
1859 – 1860 წლების კამერალური აღწერის მიხედვით ლესიჭინეში 186 – კომლი სახლობდა 1325 – მცხოვრებით. ოჩხომურში კი 116 – კომლი იყო 911 მცხოვრებით. ამჟამად ლესიჭინეში 211 გვარია დამკვიდრებული. სოფელში ყველაზე დიდი გვარია სიჭინავა – 1693, რომელიც მოსახლეობის 35.4%-ს შეადგენს. დღეს სულ ჩხოროწყუს რაიონში 2036 სიჭინავაა, რესპუბლიკაში კი – 6102. საქართველოში ყველაზე გავრეცელებულ 1000 გვარს შორის სიჭინავა 53 ადგილზეა. სოფელში მეორე დიდი გვარია ხორავა – 502, შემდეგ მოდის ვეკუა, ლაშხია, დგებუაძე, კაცია, კვარაცხელია, თოდუა, ჟვანია, კოხია, შენგელია, წურწუმია, ტყებუჩავა, ჯალაღონია და ა.შ.
რელიეფი
ლესიჭინე ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული სოფელია. მოსახლეობა შეადგენს – 4150 – სულს, კომლის რაოდენობა კი – 1290 – ია.
სოფელი ლესიჭინე მდებარეობს ზღვის დონიდან 172 მეტრზე, ჩრდილო განედის 42ო25’ და 42ო50’ და აღმოსავლეთ გრძედის 42ო1’ და 42ო50’ შორის. სოფლის საერთო ფართობი 35.8 კვ.კმ-ია. ტყეებს ლესიჭინის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას მცირე მონაკვეთები უკავიათ. მათი საერთო ფართობი 54,77 ჰა-ს შეადგენს. ლესიჭინე მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, რომლის ტერიტორია პრაქტიკულად სწორი ზედაპირია და რომელიც სუსტადაა დაქანებული შავი ზღვის სანაპიროსაკენ. იგი ზღვის ყოფილი უბის ადგილზეა წარმოქმნილი და აგებულია მდინარეების მიერ მოტანილი ნაშალი მასალით.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტყე ქარის სიჩქარეს 35_40%-ით ამცირებს. საინტერესოა ისიც, რომ ქარის სიჩქარეზე გავლენა ტყიდან საკმაოდ დიდ მანძილზეც იგრძნობა. ამის გამო ნიადაგიდან ნაკლები ტენი ორთქლდება და ნიადაგიც სინოტივეს დიდხანს ინარჩუნებს. სწორედ ამგვარი თვისებებითაა განპირობებული ის, რომ საქართველოს ბევრ რაიონში და მათ შორის სოფელ ლესიჭინეშიც გაშენებული იყო ქარდამცავი ტყის ზოლები (იგივე ქარსაცავი ზოლები), რომლის დიდი ნაწილი ამჟამად განადგურებულია.
ბუნებრივი რესურსები
ლესიჭინეში, ისევე როგორც ზოგადად კოლხეთის ბარის ლანდშაფტისათვის, დამახასიათებელი წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები სიმაღლის მატებასთან ერთად აღარ გვხვდება, ისინი იცვლებიან მთის ყომრალი და ნეშომპალა-კარბონატული
ნიადაგებით.
ლესიჭინეში გაედინება ისეთი მდინარეები, როგორიცაა: მდ.ხობისწყალი, მდ.ოჩხომური, მდ.ზანა, მდ.ცივი. ხობისწყლის წყალუხვობაზე მეტყველებს ის ფაქტორიც, რომ რაიონის ცენტრში გაყვანილია არხი კაშხალიდან ჰესამდე, რომელიც მარაგდება ხობისწყლით. ამ ჰესს ჩხორჰესში ჰქვია და მისგან გამოყოფილი ელექტროენერგით მარაგდებოდა რაიონის მოსახლეობა.
ამ მდინარეთა ჭალებში ნოყიერი ნიადაგებია სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ძირითადში სიმინდის მოსავლიანობისთვის. სოფელში გაედინება აგრეთვე პატარა მდინარეები და ღელეები, როგორიცაა ღაჩერე, სკურჩა, მეტერია და სხვები, რომლებიც არასოდეს არ შრებიან.
ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებთან ერთად განვითარებული იყო მრეწველობაც. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ სოფელში გაჩნდა მცირე საწარმოები. კერძოდ: ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი მრეწველობა ჩაის ფაბრიკის სახით და აბრეშუმის საფეიქრო.
1932-წელს ლესიჭინეში ჩამოყალიბდა რაიონში პირველი ჩაის საბჭოთა მეურნეობა – ~იმედი~. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ლესიჭინეში მწყობრში ჩადგა სათვალავით II ჩაის ფაბრიკა. კერძოდ, ლესიჭინეს ჩაის საბჭოთა მეურნეობის ბაზაზე, მეორე ლესიჭინეში 1967-წელს შეიქმნა ახალი, შოთა რუსთაველის სახელობის მეურნეობა. შემდგომში აღნიშნულმა მეურნეობამ ფუნქციონირება განაგრძო, როგორც სააქციო საზოგადოება ~გური~-მ. ჩაის ხარისხის გაუმჯობესებისა და არსებულ სიმძლავრეთა გადიდების მიზნით ფაბრიკა გადავიდა ჩაის კომბინირებულ დამუშავებაზე, რისთვისაც 1966 – 1975 – წლებში ლესიჭინეს ჩაის ფაბრიკას მიუშენდა კორპუსები მწვანე ჩაის გადასამუშავებლად. 70-იან წლებში ექსპლოატაციაში შევიდა ლესიჭინეს რუსთაველის სახელობის ჩაის საბჭოთა მეურნეობა. ამჟამად არცერთი ზემოაღნიშნული ფაბრიკა არ ფუნქციონირებს.
მეაბრეშუმეობას რაიონის მცხოვრებლები უძველესი დროიდან მისდევდნენ. ცნობილი გეოგრაფისა და ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით, მეგრელები აბრეშუმისაგან ამზადებენ კარგსა და იაფფასიან ქსოვილს, რომელსაც დიდი მოთხოვნილება აქვს ბაზარზე. გაზეთი ~ივერია~ 1899-წლის 28-ივლისს წერდა: ~სოფელ ლესიჭინეში (ზუგდიდის მაზრა) არსებობს აბრეშუმის საფეიქრო, რომელიც 1860-წელს ადგილობრივ მცხოვრებს, აწ უკვე განსვენებულ ბასა სიჭინავას გაუმართავს. ამ საფეიქროში იგი ყოველ წლობით ახვევდა 70-80 ფუთამდე აბრეშუმს და გზავნიდა საზღვარგარეთ. განსაკუთრებით მარსელსა და ლიონში. ეს იყო პირველი აბრეშუმის ფაბრიკა მთელს ქუთაისის გუბერნიაში. მხოლოდ ამ სამი წლის წინათ დაარსდა ასეთივე საფეიქრო დაბა ხონში.~ პირველად ბასა სიჭინავას დაუწყია სამეგრელოში აბრეშუმით ვაჭრობა და მას გაუვრცელებია აქ მეაბრეშუმეობა. 1882 და 1887-წლებში ბასა სიჭინავას გაუგზავნია მოსკოვისა და ხარკოვის გამოფენებზე აბრეშუმისა და პარკის ნიმუშები. გამოფენის გამგე კომიტეტს იგი საუკეთესო თვისებების ექსპონატთა გამოგზავნისათვის და მთელს იმერეთში ერთადერთი სააბრეშუმო საფეიქროს დაარსებისათვის ვერცხლის მედლითა და ქების ფურცლით დაუჯილდოებია.
ბასა სიჭინავას საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა აბრეშუმის თესლი და უფასოდ ურიგებდა სამეგრელოს მოსახლეობას, ამასთან დარიგებას აძლევდა მისი მოვლა – მოყვანის შესახებ, შემდეგ თვითონ იძენდა პარკს, ერთ ნაწილს ახვევდა თავის საფეიქროში, ხოლო მეორე ნაწილს ახმობდა და აგზავნიდა საზღვარგარეთ გასაყიდად. ასე დანერგა ბასა სიჭინავამ მეაბრეშუმეობა, როგორც ლესიჭინეში, ისე მიმდებარე სოფლებში. ბასა სიჭინავას სიკვდილის შემდეგ მისმა შვილებმა და შთამომავლობამ გააგრძელა ეს საქმე და აბრეშუმის წლიური შესყიდვა 1500 – 2000 -ფუთამდე გაზარდეს. მათ თვითონ შეისწავლეს აბრეშუმის ჭიის თესლის დამზადება და ისინიც უფასოდ ურიგებდნენ მას ხალხს, ეს ტრადიცია შემდგომშიც გაგრძელდა, მაგრამ აბრეშუმის წარმოება ლესიჭინეში დიდი ხანია შეწყდა.
ჰავა
ლესიჭინეში, ისევე როგორც მთელს დასავლეთ საქართველოში, ზომიერი სუბტროპიკული ჰავაა. ყველაზე ცხელ თვეში ივლისში სიცხე აღწევს 40 ო ც – მდე, ხოლო ზამთარში ყინვა იშვიათად აღემატება -6 , -7 ო ც – ს, რამდენიმე წლის გამოშვებით -10 ო ც – მდეც ეცემა. გვხვდება თბილი უთოვლო ზამთარიც. ატმოსფერული ნალექები უფრო მეტია და წვიმის სახით ჩამოდის წელიწედში 1200-1300 მმ – ის რაოდენობით. გავრცელებულია ქარებიც, უფრო ხშირად აღმოსავლეთისა, უფრო ნაკლებად კი – სამხრეთ-დასავლეთისა შავი ზღვის მხრიდან და მას მოსახლეობა ზღვაურს უწოდებს. ქარების სიძლიერე 4-5 ბალს არ აღემატება და რაც მე მახსოვს რაიმე სერიოზულ ზიანს არ აყენებს სახალხო მეურნეობას. საერთოდ, სოფლის ბუნებრივი პირობები ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის სუბტროპიკული მიმართულებით განვითარებისათვის. თუმცა გამონაკლისი შემთხვევა დაფიქსირდა 1998 წელს, როცა ტემპერატურა -7 ო ც – ზე უფრო დაბალი იყო, რამაც გამოიწვია ციტრუსოვან მცენრეთა გაყინვა. პირადად ჩემს ეზოშიც ლიმონის მთელი პლანტაცია გაიყინა.
ფოლკლორი
სამეგრელოში მრავლად მოიპოვება ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, რომლებიც მრავალფეროვნებით ხასიათდებიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსიკალური ფოლკლორი.
რაიონის ხალხური მუსიკალური ხელოვნების განვითარებას მდიდარი წარსული აქვს. გუნდის მიერ ჩამოყალიბებას საფუძველი ჩაუყარა დათა გოგუამ. 1932-წელს ზუგდიდის ოლიმპიადაზე გუნდის მიერ შესრულებულმა ძველმა მეგრულმა სიმღერებმა გუნდს და მის ლოტბარს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი მოუპოვა. ჩხოროწყუს კულტურის სახლის მომღერალთა გუნდი თანდათანობით ფრთებს ისხამდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლად. 1988-წლიდან კი მას სახალხო ანსამბლ ~ჩხოროწყუ~-ს სახელწოდება მიენიჭა. ამ ანსამბლის საუკეთესო წამყვანი მომღერლები არიან ლესიჭინელი ძმები კაჭარავები.
განა ვის არ განუცდია ტკბობა მეგრული სიმღერების _ ~ჩელა~-ს, ~ჩონგური~-ს, ~ვაგიორქო მა~-ს, ~კოლექტივიშ რკინაშ ხოჯი~-ს, ~გურიშ ვარდი~-ს და სხვათა მოსმენით.
აღსანიშნავია აგრეთვე მეგრული ლექსები:
ხალხური რეწვა
ხალხური რეწვა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ტრადიციულად საქართველოს ცალკეული კუთხეები სხვადასხვა ხელობის ოსტატებით იყო განთქმული. სამწუხაროდ ლესიჭინეში, ხალხური რეწვის ბევრი დარგი დავიწყებას მიეცა და თანდათან გაქრა.
ლესიჭინის მკვიდრთა მთავარ საქმიანობას მიწათმოქმედებისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად წარმოადგენდა ხელოსნური წარმოება: მელითონეობა, კაჟის დამუშავება, ფერადი ქვის, სარდიონის, შავი კაჟისებრი ქვის, გიშრის, მინისა და პასტის მძივების დამუშავება, რომლებიც ნაპოვნია როგორც მთელი, ასევე ნატეხების სახით. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერადი ქვის მძივების წარმოებისათვის ნედლეული ადგილზე, მდ. ოჩხომურსა და მისი მარჯვენა შენაკადების ხეობებში მოიპოვებოდა. აქ ფერადი ქვის სამკაულების საწარმოო – სახელოსნოს არსებობა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა.
დღესასწაული ,ადათ-წესები
სოფელში ლესიჭინეში დღემდე შემორჩენილია ძველი ადათ-წესები. კერძოდ ქორწილის, მიწის დამუშავების, სამგლოვიარო რიტუალების და სხვა.
სიძე-პატარძალი საზეიმო სუფრასთან მისვლამდე მათ წინ დადებულ თეფშს ერთდროულად ადებენ ფეხს და ტეხავენ. იმ აზრით რომ თეფშს როგორც ადვილად ტეხავენ, ისე ადვილად გადალახავენ ერთად ყველა სიძნელეს.
ქორწილამდე რამდენიმე ხანს სიძე-პატარძალი თაფლობის თვეს სასურველ ადგილას ატარებს. ქორწილი პირველად სიძის სახლში ეწყობა.
ქორწილში თამადად ირჩევენ კარგ მსმელ პიროვნებას სიძის მხრიდან, მოადგილეს კი – პატარძლის მხრიდან. პირველად სადღეგრძელო ერთი ჭიქა ღვინით იწყება. შემდეგ სადღეგრძელოები შეიძლება თამადამ მოითხოვოს 2-3-4-5-6 ჭიქა, ასე მთელი სუფრის განმავლობაში დაილევა ხოლმე ერთ კაცზე 17-18 ჭიქა ღვინო, ამას ემატება განსხვავებული სასმისით სიძე-პატარძლის სადღეგრძელო, რომელიც ერთ ლიტრ ღვინოს იტევს. თამადას მოადგილეს მხრიდან დასახელებული მერიქიფე (იგივე ღვინის ჩამომსხმელი) აკონტროლებს, მოადგილეს კი _ პირიქით. სმა ღვინის ბოლო წვეთამდე მიმდინარეობს თამადასა და მოადგილეს შორის. ქორწილის ბოლომდე ვინც შესვამს ყველა სადღეგრძელოს და თავისი ფეხით გავა სუფრიდან (თამადა თუ მოადგილე), ის გამარჯვებულია და ჯილდოვდება სუფრისთვის დაკლული ხარის თავით და ბეჭით.
გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნებითი ქორწილი შედგება პატარძლის სახლში.
პირველი შვილის შეძენისას ქალის მშობლებს აკვანი მიყავთ შვილიშვილთან. პირმშოს _ თუ გოგო დაიბადა – პატარძლის მეჯვარე ნათლავს, თუ ბიჭი – სიძის მეჯვარე. მათი (მეჯვარე-ნათლიების) ნათესაური კავშირი გრძელდება 7 მოდგმის განმავლობაში.
მიუხედავად თანამედროვე ტექნიკის განვითარებისა, მიწის ნაკვეთს დღესაც ამუშავებენ ცხენით და ხარით.
დღესაც დასაფლავების ცერემონიალი ლესიჭინეში ძველებური წესით მიმდინარეობს. იციან მოთქმა და ხმამაღალი კივილი.
სოფელს გააჩნია საკუთარი ტრადიციული დღესასწაული ~ლესიჭინელობა~, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2004-წელს. ეს ზეიმი ტარდება ყოველი წლის 28-აგვისტოს _ მარიამობის დღესასწაულზე. პირველად, როდესაც ეს ზეიმი ჩატარდა, გაიმართა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მე პირადად მონაწილეობა მივიღე ჭადრაკის შეჯიბრებაში. გავიმარჯვე, მოვიპოვე სოფლის პირველობა, რის გამოც სოფლის გამგეობამ სიგელით დამაჯილდოვა. ამ დღესასწაულზე ჩამოდიან სტუმრები მეზობელი სოფლებიდან და რაიონებიდან და იმართება ზეიმი.
რაიონში ოდითგანვე ყურადღებით სარგებლობდა სპორტის ეროვნული სახეობები. სახალხო დღესასწაულებზე, რომელიც თითქმის ყველა სოფელში და მათ შორის ლესიჭინეში იმართებოდა, დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი: ქართულ ჭიდაობას, დოღს, მარულას, ცხენბურთს და სხვა.
ენა
სოფელში უმეტესწილად მეგრულ ენაზე საუბრობენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველური ენების ჯგუფში შედის: ქართული, სვანური და მეგრული ენები. მეგრულ ენას საკუთარი დამწერლობა არა აქვს. ის ძირითადად ყოფით-სალაპარაკო ენის ფუნქციას ასრულებს. ენა იყოფა დიალექტებად. მეგრულ ენაში განასხვავებენ სენაკურ და სამურზაყანო – ზუგდიდურ დიალექტებს.
მაშინ, როდესაც საქართველოში ცარიზმი ფეხს იდგამდა, მეფის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ერთგული მოხელეები გამოდიოდნენ წინადადებით, რომ სამეგრელოს სკოლებში ქართულის ნაცვლად სწავლება მეგრულად შემოეღოთ, რომელმაც ოფიციალური სახე შემდგომში მიიღო.
“1885 წელს გამოიცა ბრძანება სამეგრელოს სკოლებში ქართული ენების აკრძალვის შესახებ. ამიერიდან აქ რუსული ენის სწავლება მეგრული ენის საშუალებით უნდა წარმართულიყო. მეგრული ენისათვის რუსულ ენაზე დაყრდნობილი ანბანი იქმნებოდა. ამის ავტორად აშორდია გვევლინება. დაიწყეს საღმრთო წიგნების თარგმნა მეგრულ ენაზე” ( საქართველოს ისტორიის ნარკვევები V ტ. ). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში ითარგმნა მეგრულად შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” – “ყილოშტყებამი”
ზემოხსენებული ანბანის გავრცელების არეალი ძალიან მოკლე აღმოჩნდა, რაც განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ის ფაქტორი, რომ მეგრული ენის დამწერლობის გავრცელება ფართო მასებში გამოიწვევდა ახალი სახელმწიფოს წარმოშობას ისედაც პატარა სახელმწიფოში.
ლესიჭინეში, ისევე როგორც სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში, აქცენტი კეთდება რბილ “ლ”-ზე. გვაქვს აგრეთვე ასო “ყ”-ს შესატყვისი ,, “
მაგალითად: ყური – უჯი, სახლი – უდე.
სამზარეულო
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსაცმლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებულ იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
ლესიჭინეში, ისევე როგორც მთელს სამეგრელოში, მოსახლეობის ძირითად საკვებს ღომი და მჭადი წარმოადგენს. აქ მიღებულია სულუგუნის ყველი. ფართოდაა გავრცელებული ელარჯი, საცივი. საქვეყნოდაა ცნობილი მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელა. მთავარი სასმელი ღვინოა. აქაური სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ატრიბუტებია. სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს და მამულის სადღეგრძელოს.
პროექტის შესახებ
ამ პროექტის შესრულების პროცესი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანია. როდესაც მის დამუშავებას ხელი მივყავი მთელი პასუხისმგებლობა ამ პროექტის დამუშავებისა, საკუთარ თავზე ავიღე. მინდოდა ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა. მომიწია თითქმის მთელი ლესიჭინეს ფეხით შემოვლამ. შევხვდი ძველი დროის ცნობილ ადამიანებს, რომელთაგან ბევრი ახალი რამ გავიგე და შევისწავლე. მათ მომცეს მიმართულებები, დამაკვალიანეს. ასე მოვხვდი ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. იქ მოპოვებულმა მასალებმა დიდი დახმარება გამიწია ამ თემის დამუშავებაში. სოფლის მაცხოვრებლები, ვინც კი გაიგო, რომ ამ თემას ვამუშავებდი ყველა შეეცადა დამხმარებოდა, რითაც კი შეეძლოთ. მაგალითად: სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ჩემთვის აქამდე უცნობი XVI საუკუნეზე ადრინდელი ეკლესიის ნანგრევები დამათვალიერებინა. ზემოხსენებული ეკლესიის ნანგრევებიდან ერთი ნათალი და ერთი გამომწვარი ქვა წამოვიღე, გავწმინდე და ჩემს ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილი მივუჩინე.
ვნახე ის ადგილი, სადაც უტუ მიქავასა და მართალია თოდუას ჯარები გაერთიანდნენ და ა. შ.
მაქვს გამარჯვების მოლოდინი. ვინ იცის. . . იქნებ ერთხელაც მეც გამიმართლოს და. . . ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩემი ოჯახის, ჩემი სკოლის, ჩემი სოფლის, ჩემი რაიონის, ჩემი კუთხის და ჩემი სამშობლოს საკეთილდღეოდ იქნება. მე ხომ ამ ყველაფერს მათ ვუძღვნი. . .
პირადად ჩემთვის დიდი პატივია ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან მისი მსვლელობის პროცესში ბევრი საინტერესო და ჩემთვის ახალი აღმოვაჩინე.
პირველად ვიღებ ასეთი მასშტაბის კონკურსში მონაწილეობას და იმედია ჩემი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის.
გამოყენებული ლიტერატურა:
“ჩხოროწყუ წარსული და დღევანდელობა” – ვალერიანე ახალაია
“ოქროს ბეჭედი” – ფუცუ დგებუაძე ფულარია
“სამეგრელოს აღწერა” – არქანჯელო ლამბეტი
გამოყენებული მასალები:
მხარ. მცოდ. მუზეუმის მასალები (მუზეუმის დირექტორი ზ. ჯალაღონია).
სტატისტიკის ჩხოროწყუს რაი-განყოფილების მასალები.
მასალები აწ განსვენებული, დამსახურებული პედაგოგის ამირან ნესტორის ძე
სიჭინავას პირადი არქივიდან.
საუბრები სოფლის უხუცეს ადამიანებთან:
ჯონდი დადიანი – მცხოვრები სენაკი, სოფ. ზანა.
ვენია ხორავა – მცხოვრები ჩხოროწყუ, სოფ. ლესიჭინე ოჩხომურის უბანი.
ელდარ ხორავა – მცროვრები ჩხოროწყუ, სოფ. ლესიჭინე ოჩხომურის უბანი.
მერაბ სიჭინავა – მცხოვრები ჩხოროწყუ, სოფ. ლესიჭინე.