CHKHOROTSKU.GE

ვოლსკები – უცხოური წარმოშობის ჭეშმარიტი ქართველები

ავტორი chkhorotskuge

წერილი კოპირებულია ჩხოროწყუს მუზეუმის გვერდიდან. ( სტილი დაცულია)

,შეჩერდით! გზას აღარ ვაგრძელებთ“ -დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ მეეტლემ ეტლი შეაჩერა. მგზავრი სოფელში გამართულ ბაზრობის ტერიტორიიდან ცოტა მოშორებით ჩამოვიდა. დავაკებული ადგილი შეათვალიერა, მიწაზე ხელჯოხი ჩაარჭო და თქვა: „აქ ჩემი სახლია“. გადმოცემის მიხედვით, ასე დასახლდა 1897 წელს ჩხოროწყუს სოფელ ახუთში (მაშინდელ საღებო-ში) პოლონელი ექიმი-პროვიზორი ვლადიმერ ვოლსკი და მალე სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი გამართული აფთიაქი სწორედ, სოფელ ახუთში გახსნა.


საინტერესო და მნიშვნელოვანია ვოლსკების ცხოვრების ისტორია და ღვაწლი ქართველი საზოგადოების წინაშე. მართალია არაერთი სამეცნიერო ნაშრომია მიძღვნილი ვოლსკების საქართველოში მოღვაწეობაზე, მაგრამ, რაც საჯაროდ ცნობილია, ძალიან მწირედ ასახავს ვოლსკების დიდ მიზანს და მონდომებას, რაც მათ გაწიეს ქართველი მოსახლეობის წინაშე. თუმცა, ჯერ კიდევ არის შანსი გამოვიკვლიოთ მათი რეალური ცხოვრებიდან ის შტრიხები, რომელიც ზეპირი გადმოცემებით ახსოვს ვოლსკების შთამომავლებს. ამჟამად, ვეცდებით შევქმნათ სინამდვილესთან მიახლოებული პორტრეტები სოფელ ახუთში მცხოვრებ ვოლსკების პირდაპირი შთამომავლების ქარჩავების ოჯახის დახმარებით.
მე-19 საუკუნის 30-იან წლებში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ვოლსკები პოლონეთიდან საქართველოში, კერძოდ, გურიაში გადმოასახლეს. ვოლსკების შთამომავლის, ჟუჟუნა ქარჩავას თქმით, მათ წინაპარს სამხედრო მაღალჩინოსანს იოსებ ვოლსკის გურიაში შეურთავს ქართველი აზნაურის კეჟერაძის ქალი. მათ სამი შვილი ჰყავდათ: გრიგოლი, ვლადიმერი და მარიამი. მალე იოსებ ვოლსკი ოჯახით ქუთაისში გადავიდა. შვილები გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებენ, გრიგოლმა სამედიცინო ფაკულტეტი მოსკოვში დაამთავრა, ვლადიმერმა – პარიზში, მარიამი თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ექიმის პროფესიას დაუფლებული საქართველოში დაბრუნებული ძმები გრიგოლ და ვლადიმერ ვოლსკები აქტიურად ებმებიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ ცხოვრებაში.


გრიგოლ ვოლსკი უცხოური წარმოშობის ქართველთა შორის ჭეშმარიტად გამორჩეულია. მის ღვაწლს, პიროვნულ თვისებებს უდიდესი პატივისცემით აღნიშნავდნენ იაკობ გოგებაშვილი, დავით კლდიაშვილი, ეგნატე ნინიშვილი, გიორგი წერეთელი, ნიკო ლორთქიფანიძე, კიტა აბაშიძე…


გრიგოლ ვოლსკს მოიხსენიებენ, როგორც სახელოვან ექიმს, მწერალსა და პოეტს, დიდი ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლსა და მეგობარს. ადამიანებმა ნაკლებად იციან, რომ მელიტონ ბალანჩივაძის პირველი ქართული რომანსი „შენ გეტრფი მარად“ სწორედ, გრიგოლ ვოლსკის ლექსზეა შექმნილი. გრიგოლ ვოლსკი ქართულ პოეზიაში „უმწიფარიძის“ ფსევდონიმითაა ცნობილი. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ახლად შემოერთებულ აჭარაში გატარებული წლები. ვოლსკი იქ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიავლინა. სავარაუდოდ, 1888 წელს. თუმცა, არანაკლებ საგულისხმოა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, ქუთაისში, თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში. . . 1907 წელს თავს დაესხნენ და დაჭრეს, სავარაუდოდ მოწამლული ხანჯლით, გადარჩა, მაგრამ 1909 წლის ოქტომბერში, 49 წლის ასაკში, სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. კიტა აბაშიძე გამოსათხოვარ სიტყვაში ამბობდა: ,,ჩვენს ბედკრულის, გაწამებული ერის პირუთვნელი ისტორია მკვდრეთით აღადგენს იმის სახელს, ჩვენს მიერ ვერ დაფასებულს და თავს მოიხრის ამ უცხო თავგანწირული მუშაკის წინაშე. გრიგოლ ვოლსკის ოჯახი არ შეუქმნია და შესაბამისად პირდაპირი შთამომავალიც არ დარჩენია. . . სავარაუდოდ დაკრძალულია ბათუმში, მაგრამ კონკრეტულად ადგილსამყოფელი უცნობია.


არანაკლებ საინტერესო და ნაყოფიერი გახლდათ გრიგოლ ვოლსკის ძმის ვლადიმერ ვოლსკის ცხოვრება და მოღვაწეობა. . . პარიზიდან დაბრუნებულ ვლადიმერს მუშაობა გურიაში ექიმ-პროვიზორად დაუწყია და აქვე დაოჯახებულა, ჯაფარიძის ქალი შეურთავს ცოლად, რომლისგანაც 6 შვილი: ჟორჟი, თამარი, ვარია, დავითი, კონსტანტინე და მარიამი შესძენია. შემდეგ ცოტა ხნით ცოლ-შვილით ახალსენაკში გადმოსულა. მერე კი იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი სოფელი საღებო (დღევანდელი ახუთი) შეურჩევია საცხოვრებლად და იქ დასახლებულა. . .ვინმე ბელოვისაგან შეუძენია აფთიაქი. ვლადიმერ ვოლსკმა, როგორც მაღალი დონის პრივიზორმა არა მხოლოდ საღებოში, არამედ მეზობელ სოფლებშიც მალე მოიპოვა ნდობა და პატივისცემა და ხალხს სიცოცხლის ბოლომდე კეთილსინდისიერად და ხშირად უანგაროდ ემსახურებოდა. პირველი აფთიაქი. წიგნებითა და შემოწირულობებით სკოლისა და მოსახლეობის დახმარება, ბევრი სასიკეთო საქმეები უკავშირდება ახუთში, ზანაში, ლესიჭინეში, მუხურში და საერთოდ ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ვლადიმერ ვოლსკის სახელს. იგი ოჯახთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში და იმ დროისათვის ამ საქმის თაოსან ანტონ პაპასქირს ერთგულად და უანგაროდ ედგა მხარში.


მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვლადიმერი უშაფათელ დესპინე კოკაიაზე დაქორწინდა, რომლისგანაც სამი ვაჟი-გრიგოლი(ბორისი), რუსლანი, ვალოდია და ქალიშვილი ლუდმილა შეეძინა. ვლადიმერ ვოლსკის ათივე შვილმა მოახერხა გიმნაზიის და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე ისტორიულმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა მათი ოჯახის მომავალზე სავალალოდ იმოქმედა. 1918 წელს ვლადიმერ ვოლსკი გარდაიცვალა. იგი პირველი მეუღლის გვერდით სოფელ ახუთში დაკრძალეს. დესპინე კოკაიამ ოჯახის და მეუღლის დაწყებული საქმეების გაძღოლა იტვირთა, მაგრამ გასაბჭოების შემდეგ ახალმა მთავრობამ აფთიაქი, საცხოვრებელი სახლი და მიწა ჩამოართვა. უსახლკაროდ დარჩენილი ვლადიმერ ვოლსკის ქვრივი – დესპინე კოკაია იძულებული გახდა შვილებთან ერთად საცხოვრებლად ძმებთან, სოფელ უშაფათში გადასულიყო. სადაც იგი მალევე გარდაიცვალა. ასევე ტრაგიკულად დასრულდა ვლადიმერ ვოლსკის რამდენიმე შვილის ცხოვრება: რუსლანი და ვალოდია ვოლსკები დიდ სამამულო ომში დაიღუპა, თამარი და ვარია ადრე გარდაიცვალნენ.
ამჟამად, ვლადიმერ ვოლკის შთამომავლები ღირსეულად აგრძელებენ დიდი წინაპრების ტრადიციებს და ატქიურად არიან ჩართული თანამედროვე საქართველოს საზოგადებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ვლადიმერ ვოლსკის შვილებიდან სოფელ ახუთში მხოლოდ ლუდმილა ვოლსკი დარჩა. იგი ადგილობრივ ალექსანდრე ქარჩავაზე დაქორწინდა. მათი ოთხი შვილიდან ერთ-ერთი ჟუჟუნა ქარჩავა ბაბუას პატივისცემით დაეუფლა პროვიზორის პროფესიას და სოფელ ახუთსა და მუხურში სააფთიაქო საქმეს წლების განმავლობაში ემსახურებოდა. სამწუხაროდ, დღეს იგი უმუშევარია.
ასე დასრულდა სოფელ ახუთში ვოლსკების გვარის ისტორია, გვარისა, რომელსაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძე ,,უცხოური წარმოშობის ჭეშმარიტ ქართველებს“ უწოდებდა.

ინგა ალანიძე, ჟურნალისტი, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის თანამშრომელი
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სამეცნიერო-შემოქმედებითი ჟურნალი ,,მოამბე”, 2014 წელი,N3,გვ;-20-21

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00