გრიგოლ შენგელია “კოლხური რკინის მეტალურგიის სათავეებთან”

იმ ადგილობრივ და სავალდებულო სამხარეთმცოდნეო თემატიკას შორის, რითაც დასაქმებული უნდა იყოს ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობთი მუზეუმის შტატისა თუ შტატგარეშე კოლექტივი, ერთ-ერთი დიდ მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი იყო ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ კოლხეთის ჩხოროწყუს მიკრორეგიონის მკვიდრთა ყოფა და სამეურნეო საქმიანობა ჩვენს ერამდე ათასწლეულებს მიღმა.

იმ მრავალ არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ თუ სპელეოლოგიურ მასალათა შორის, რომელიც დაცულია ჩვენი მუზეუმის ფონდსა და ექსპოზიციაში, წამყვანი ადგილი უჭირავს წინაანტიკური ხანის კოლხური რკინის მეტალურგიის მატერიალური კულტურის მასალებს, რომელიც მუზეუმის მიერ მოპოვებულია ჩვენი რეგიონის კულტურულ და ზედაპირულ ფენებში. 

„ანტიკური’ლათინური სიტყვაა და ძველის, ძველ რომაულ კულტურას ნიშნავს. წინა ანტიკური კი ძველის წინარეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდელ პირველი ათასწლეულის პირველი საუკუნეებით თარიღდება).

 საკითხი ეხება იმას, თუ ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა თავდაპირველად როგორ მიიღეს რკინა, რომლისგანაც შემდგომ გამოსჭედეს და ჩამოასხეს საოჯახო-სამეურნეო და საბრძოლო იარაღები.

ძველი ბერძნების წარმოდგენით რკინის პირველი გამომგონებელი ხალიბები იყვნენ. ამ ცნობაზე დაყრდნობით მკვლევართა ერთი ჯგუფი ფიქრობს, ფოლადის ძველი ბერძნული სახელი „ხალუბს” წარმოიქმნა ხალიბთა სატომო სახელწოდებისაგან.

მკვლევართა მეორე ჯგუფი პირიქით ამტკიცებს, რომ ძველ ბერძნულ ენაში არსებობდა ფოლადის აღმნიშვნელი სიტყვა „ხალუბს” და იგი ბერძნებმა მიაკუთვნეს იმ ტომს, რომელიც 

მათი აზრით რკინის მოპოვების პიონერი იყო. ასე თუ ისე, ძველი კულტურული სამყარო რკინის გამომგონებლად კოლხურ ტომებს მიიჩნევდა. ვინ იყვნენ ხალიბები და სად ცხოვრობდნენ ისინი? 

– 

ხალიბები სამხრეთ კოლხეთში – თანამედროვე ტრაპეზუნტის რაიონში მოსახლეობდნენ. ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ აქ ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის დასასრულს, თავისი ლაშქრით გაიარა შუამდინარეთიდან მომავალმა ცნობილმა ისტორიკოსმა ქსენოფონტემ. მოინახულა ხალიბების ქვეყანაც და მიუთითა, რომ ისინი, ე. ი. ხალიბები, რკინას იღებდნენ ქვიშისაგან, რომელიც დიდი რაოდენობით ჩამოჰქონდა მათი ქვეყნის მდინარეებს. თანაც, მიღებული პროდუქცია მაღალი ღირსებისა ყოფილა, რომ იგი ვერცხლისაგან არ გამოირჩეოდა და არ იჟანგებოდა. 

ქსენოფონტისა და არისტოტელეს ამ ცნობების მიხედვით ისტორიკოსები აკეთებენ დასკვნას, რომ კოლხებს უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე–4 საუკუნეზე გაცილებით ადრე ცოდნიათ რკინისა და უჟანგავი ფოლადის მიღება. მე–4 საუკუნის შემდეგაც არაერთი ბერძენი და რომაელი ავტორი შეხებია ხალიბებს, მათ ადგილსამყოფელს, სამეურნეო ყოფასა და საქმიანობას. 

სტრაბონი აღნიშნავდა, რომ ხალიბთა ქვეყანაში შავი ზღვისპირა მცხოვრებლები თავს ირჩენდნენ მეთევზეობით, ხოლო შიდა რაიონის მცხოვრებლები რკინის მოპოვებითო. გარდა ზემოთ აღნიშნული ბერძნული წყაროებისა, ქართველი ტომები მელითონეობაში დაწინაურებლად მიაჩნიათ ძველ ბერძნულ-რელიგიურ წყაროებსაც. კერძოდ, ქართველური მოდგმის თობელ თუბალის შესახებ „ბიბლიაში” ნათქვამია: „თობელი ეს იყო კვერით ხუროი, მჭედელი რკინისა და რვალისაო“. ძველ ურარტულ წარწერებში მხოლოდ ერთხელ იხსენიება რკინა და ისიც კოლხების ქვეყანასთან.

ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნეში ურარტუს მეფეს სარდურ მე– 2-ს დაულაშქრავს კოლხების ქვეყანა, აუღია მათი ერთ-ერთი სამეფო ქალაქი ილდამუშა და ამ გამარჯვების აღსანიშნავად აქაური ხელოსნებისათვის უბრძანებია, მისთვის რკინის ბეჭედი დაემზადებიათ. ეს სწორედ ის ეპოქაა, როცა რკინის სამეურნეო ათვისება იწყებოდა კოლხეთში. ხოლო იმ დროინდელი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ამ ლითონის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. 

ასეთი იყო სურათი ძველი წერილობითი წყაროების მიხედვით, მაგრამ ეს არ კმაროდა და შესამოწმებელი იყო თუ რამდენად შეეფერებოდა სინამდვილეს ზემოთ აღნიშნული წერილობითი წყაროები და ძველ ავტორთა ცნობები იმის შესახებ, რომ კოლხი ტომები მართლაც იყვნენ თუ არა რკინის გამოგონების პიონერები? 

ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ევროპელი მეცნიერების ხანგრძლივ და გულმოდგინე ძიებას ამ მიმართულებით საგრძნობი შედეგები არ მოუცია და საქმე ღიად რჩებოდა, სანამ ამას ქართული არქეოლოგია არ გადაწყვეტდა. 

1960-1961 წლებში აჭარაში წარმოებულმა არქეოლოგიურმა კვლევა – ძიებამ დაადასტურა, რომ რკინის მოპოვებაში დაწინაურებული ყოფილა არა მარტო ხალიბები, არამედ სხვა კოლხური (ზანური) ტომებიც. ამგვარად, ძველი წყაროების ცნობები სანდო აღმოჩნდა, რადგან მათი მონაცემები არქეოლოგური კვლევა-ძიებითაც დადასტურდა. ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს იყო აღმოჩენა, რომლითაც შეეძლო ეამაყნა, რომელიც გნებავთ მაღალგანვითარებული ქვეყნის მეცნიერებას. 

ამრიგად, ცნობილი გახდა, რომ ქართველ ტომებს გადამწყვეტი სიტყვა უთქვამთ რკინის ძველი მეტალურგიის შექმნასა და მის დაწინაურებაში. ამასთან, უძველეს ხანაში რკინის წარმოებაში დასაქმებული იყო არა მარტო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები კოლხი ტომები, არამედ ჩრდილო და მთიანი კოლხეთიც. 

ჩვენი პირველადი ცნობებისა და აღმონაჩენი არქეოლოგიური მასალების საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მეორე რაზმმა (ხელმძღვანელი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. ა. ხახუტაშვილი) 1972 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩაატარა არქეოლოგიური კვლევა- ძიებანი სოფელ ჭოღაში. 

1972 წელს დაწყებული ეს მუშაობა მიზნად ისახავდა გამოერკვია, თუ როგორი იყო ჩრდილო და მთიანი კოლხეთის როლი რკინის ძველი მეტალურგიის განვითარებაში, შედიოდა თუ არა იგი რკინის მეტალურგიის მქონე უძველესი მხარეების რიცხვში, თუ შედიოდა, როგორი იყო მისი ტექნიკური შეიარაღება, სანედლეულო ბაზა, წარმოების კულტურა და ჩვენ დიდი სიამოვნებით განვუმარტავთ მკითხველს, რომ სოფელ ჭოღაში არქეოლოგიურად დადასტურდა რკინის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი წინაანტიკური ძველი კოლხური ცენტრი, რომელიც რკინის სამეურნეო ათვისების ადრეული საფეხურიდანვე, ე.ი. ძვ. წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულის დამდეგიდანვე მოქმედებდა და ამდენად არქეოლოგიური კვლევის ძირითადი მიზანი, რომელზედაც ზემოთ ვწერდით, მიღწეულ იქნა. 

არქეოლოგიური გათხრების დაწყებამდე დეტალურად იქნა შესწავლილი სოფელ ჭოღის ტერიტორია და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც მიითვლის სოფლებს ნაფიჩხოვო, ხაბუმე, ნაკიანი და ა. შ. გამოირკვა, რომ რკინის სადნობი სახელოსნოები გაფანტულია ცალკეულ ჯგუფებად როგორც ჭოღაში, ისე ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების ცალკეულ უბნებზე. აქედან ჭოღასა და ხაბუმეს ტერიტორიაზე დადასტურდა რკინის სადნობი 15სახელოსნო. 

ჭოღაში გაითხარა რკინის სადნობი სამი სახელოსნო, რის პარალელურადაც დადასტურდა ჭოღასა და ნაფიჩხუში  ძველი ნამოსახლარების (ნასოფლარების) არსებობა, სადაც ძველ კოლხ მეტალურგებს უნდა ეცხოვრათ. 

პირველად გაითხარა რკინის სადნობი სახელოსნო „ჭოღა I“,  რომელიც მდებარეობს შქაგაში (შუაგორა), ლეპატარეს ღელის მარჯვენა ნაპირზე ჩაის საპლანტაციო გზასთან, ფერდობზე, რომელსაც სამხრეთ დასავლეთის („50”) ექსპოზიცია აქვს. იგი ე.წ „ლომია ნოხორიდან” 200 – მდე მეტრითაა დაშორებული. გათხრამ გვიჩვენა, რომ სახელოსნო დაუზიანებიათ ბულდოზერით გზის გაფართოების დროს, დაუნგრევიათ რკინის სადნობი ქურა, მაგრამ აღმოჩნდა ქურის საკმაოდ დიდი რაოდენობის ფრაგმენტები – ქურის შელესილობა, რკინის წიდები, საქშენი მილები და კერამიკული მასალა. 

გაითხარა აგრეთვე რკინის სადნობი სახელოსნო „ჭოღა მე-2” იმავე შქაგაში ჩაის პლანტაციაში,, 

„ჭოღა-1’’-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს და მისგან 300 მეტრის დაშორებით. ლეცქვიტაიეს ღელის მარჯვენა ნაპირზე, ფერდობზე, რომელსაც სამხრეთ აღმოსავლეთის(50”) ექსპოზიცია აქვს. 

აგრეთვე გაითხარა რკინის სადნობი სახელოსნო „ჭოღა მე-3”, ადგილი შქაგაში, ლეცქვიტაიეს ღელის მარცხენა მხარეს, მაღლა გორაკზე, ჩაის პლანტაციაში, „ჭოღა მე-2 “- დან 500 მეტრის დაშორებით ფერდობზე, რომელსაც ჩრდილოეთის ექსპოზიცია აქვს. 

სოფელ ჭოღის არქეოლოგიური დაზვერვების დროს, პირველად ძველ კოლხური რკინის მომპოვებელი ცენტრების არქეოლოგიური შესწავლის პრაქტიკაში, ‘ მიგნებული იყო ნამოსახლარები, რომლებიც რკინის მოპოვებაში დასაქმებულ თემებს ეკუთვნოდათ. ეს ნამოსახლარებია: 1. ნამოსახლარი „ჭოღა-1”,რომელიც მდებარეობს მდ. ოჩხომურის მარცხენა ნაპირზე სოფლის ცენტრიდან დასავლეთით ერთ კილომეტრზე, ორ დაკიდულ ხიდს შორის გაშლილ ზოლში, მაღალი გორაკების ჯაჭვის ძირში. აქ საავტომობილო გზის გაყვანის დროს წარმოქმნილ ფლატეში კარგად შეინიშნება 1,5 მეტრის სიღრმის კულტურული ფენა, რომელშიც წარმოდგენილია ნანგრევი ქვები, რკინის წიდები, კერამიკის ფრაგმენტები  და ა.შ. 

2. ნამოსახლარი „ჭოღა მე-2”, რომელიც განლაგებულია ნამოსახლარ „ჭოღა I”- ის აღმოსავლეთით, იმ გორაკის აღმოსავლეთ ფერდობზე და თხემზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „კაკუცხას ”ეძახის. ჩვენი აზრით, ამ ძეგლს „ჭოღა კაკუცხას ნამოსახლარი” („გორა ნამოსახლარი”) უნდა ეწოდოს. ნამოსახლარი „ჭოღა მე-2” ამ გორის ძირასაა განლაგებული და ამდენად შესაძლებელია ჭოღა კაკუცხას ნამოსახლარის ნაწილიც იყოს. ამ ნამოსახლარის ერთი ნაწილი დაცულია თხემზე. იგი შესაძლებელია, კოლხური სალოცავის ნანგრევიც იყოს, რაც არქეოლოგიურ შესწავლას მოითხოვს.

1972 წლის არქეოლოგიურ ძიებათა შედეგად მიწის ნაკვეთი, სადაც ჭოღა-კაკუცხას ნამოსახლარი იქნა გამოვლენილი, ეკუთვნოდა ექიმ ნიკო შენგელიას. 

„ჭოღა მე-2-ს” განათხარი მასალები _ მიითვლიან: რკინის წიდებს, ქურის შელესილობის ნატეხებს, ნახანძრ ქვებს, ნახშირ – ნაცარნარევ თიხებს და საბერველების საქშენი მილების ფრაგმენტებს. აქვე მოთა- ვსებულია თიხის ჭურჭელთა ფრაგმენტების საინტერესო ჯგუფი, სადაც ყურადღებას იქცევს თიხის ჭურჭლების ორი ყური, რომელთაგან ერთი ზოომორფულია, ხოლო მეორეს ჩიტის მკერდის ფორმა აქვს. 

ძირითადად წარმოდგენილია ბრტყელძირიანი უქუსლო, პირგამოშლილი ქოთნებისა და ვაზების ნატეხები. ეს კერამიკა დიდ მსგავსებას იძენს შავი ზღვისპირეთის რეგიონში განათხარი ნამოსახლარებისა და რკინის სადნობი სახელოსნოების კერამიკასთან. ამასთან განსხვავებასაც აქვს ადგილი – ჭოღას მასალები აშკარად მიუთითებენ რკინის მიღების ჩრდილო კოლხური წესის მაღალი დონის უპირატესობას, სამხრეთ კოლხურთან შედარებით. მაგალითად, აქ აღმოჩნდა საბერველების საქშენი მილების ფრაგმენტებიც. ყურადღებას იქცევს მილთა შტვირების ძაბრისებური ბოლოები ურთიერთ მარჯვე გადაბმისთვის. ასეთი ფორმის საქშენი მილები დღემდე არაა შენიშნული სამხრეთ კოლხეთის  არქეოლოგიურ მასალებში. 

ამგვარად, ჩრდილო კოლხეთის (ჭოღის მაგალითზე და არა მარტო ჭოღის – გ.შ) რკინის სადნობი სახელოსნოების პირველი თავისებურებაა ძაბრისებურთავიანი საქშენი მილების გამოყენება, რაც არაა შენიშნული სამხრეთ კოლხეთში. 

ჭოღის მასალები მიითვლის აგრეთვე ფართო რიყის ქვისაგან დამზადებულ მრავალ განყოფილებიან სანაყს, რომელიც როგორც  ჩანს, მადნის დასაფქვავად გამოიყენებოდა სამხრეთ კოლხეთში. ასეთი მასალა დღემდე არ არის აღმოჩენილი. 

ამგვარად, ჩრდილო კოლხეთის რკინის სადნობი სახელოსნოების მეორე თავისებურებაა, მადნის საფქვავი მრავალფოსოიანი ქვასანაყების გამოყენება, რაც დღემდე შენიშნული არ არის სამხრეთ კოლხეთში. 

„ჭოღა მე-2-ის” ობიექტზე მიკვლეულ იქნა რკინის მადნის ღია, აღდგენითი გამოწვისათვის სპეციალურად გამართული მარტივი მოედანი სიგრძით 260 სმ. და მაგიდა (საჟეპელა) გამოდნობილი რკინის გუნდას გასაწმენდად წიდის ნარჩენებისაგან. მათ აშკარად ემჩნეოდათ ძლიერი ტემპერატურის ზემოქმედების კვალი. გაწითლებული იყო არა მარტო თიხები, არამედ თითქოსდა ჟანგის ფხვნილით იყო დაფარული მაგიდა და მიმდებარე მთელი მიკროტერიტორია. 

ამგვარად, ჩრდილოკოლხეთის რკინის სადნობი სახელოსნოების მესამე თავისებურებაა მადნის ღია, აღდგენითი გამოწვისათვის სპეციალურად გამართული მარტივი მოედნის ქონება, რაც შენიშნული არ არის სამხრეთ კოლხეთის სინამდვილეში ჭოღის მაგალითზე ჩრდილო კოლხეთის რკინის სადნობი სახელოსნოების მეოთხე თავისებურებაა ქურების მიწისქვეშა ნაწილის სრული მოპირკეთება ქვის ფილებით, რაც არაა შენიშნული სამხრეთ კოლხეთში, სადაც ქურის მიწისქვეშა ნაწილის ქვედა მესამედს ცეცხლგამძლე თიხის სქელი ფენით ლესავდნენ მხოლოდ. ამგვარად, „ჭოღა მე-2-ის” გათხრებისას მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ჩრდილო კოლხეთის რკინის სადნობი სახელოსნო მიითვლიდა: რკინის სადნობ `ქურას, დაბალ მაგიდას მადნისა და გლუვი რკინის დასამუშავებლად, მრავალგანყოფილებიან(მრავალფოსოიან) ქვასანაყს მადნის დასაფარავად, წარმოების ნარჩენების შესაგროვებელ უბანს და ალბათ, ფარდულს, სადაც ხელოსნის იარაღი და სხვა საქონელი ინახებოდა. 

მადნის გამოსაწვავი მოედნის არსებობა მიუთითებს, რომ ნედლეულად გამოიყენება არა მაგნეტიტური სილები, არამედ ჰემატიტები(რკინის შემცვლელი ქანები), რომელიც მრავლად მოიპოვება ჭოღაში. 

ყოველივე ეს მიუთითებს, რომ რკინის მიღების ტექნოლოგია – ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-10, მე-9 საუკუნეებში ჩრდილოკოლხეთში უფრო მაღალ სიმაღლეზე მდგარა, ვინემ სამხრეთ კოლხეთში. 

გრ. შენგელია, 

1985 წელი

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ღუღუნი წახნაგიას წიგნები და საოჯახო ალბომი

რაჟდენ გუმბა – ჩხოროწყუელების აფხაზი სიძე