Table of Contents
ნაჯაგუს ( გარახის) ციხე ანუ ჯიხა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებს განეკუთვნება. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები.
ციხე დგას ქვარცხავების კერძო მიწაზე
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში დღევანდელი ქალაქ ჩხოროწყუს ტერიტორია ქვედა ნაჯაგუდ (გარახად) იწოდებოდა,. სადაც ქვედა ნაჯაგუს წმინდა გიორგის ეკლესია იდგა , დღეს ამ ადგილზე „ლიბერთი ბანკია“ განთავსებული.
თანამედროვე პერიოდში გარახა ქალაქ ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ ერთეულში შედის, როგორც დასახლება
ერთი ვერსიით გარახა ნიშნავს „გარამ ხურუა“ – უფრსკულიანი , კლდიანი ხეობა, ხოლო მეორე ვერსიით, გოროხი ქვებით ყოფილა მოფენილი. არსებობს სხვა ვერსიებიც.
გარახის თავდაცვითი სისტემა სამი კოშკისგან შედგებოდა:
დანგრეული პირველი კოშკი
ერთ-ერთი კოშკი ამჟამად დანგრეულია. ადგილობრივი მცხოვრებლის დათუშა ქვარცხავას გადმოცემით, ქვით გადახურული კოშკის სიმაღლე სამხრეთიდან ხუთი, ხოლო ჩრდილოეთიდან, მთის დაქანების გამო, ნახევარი მეტრი ყოფილა,
მეორე კოშკი
ზედა ჯიხა ქვედასგან 250 მეტრითაა დაშორებული. ნაგებია ხობისწყლის რიყის ქვებითა და ადგილობრივი კონგლომერატებით. ზედა კოშკი მაღალზეა აშენებული. მშენებლებს მიწის სიმაღლე საგანგებოდ აუწევიათ და დაუტკეპნიათ.
ეს კოშკი სათვალთვალო დანიშნულების უნდა ყოფილიყო. იქიდან კარგად მოჩანს კირცხის, „უთუთის ფერდობი“ ახუთისა და ლეწურწუმის მთები. კოშკი კვადრატული ფორმისაა 7.3 X7.3მ. სიმაღლე 8.0 მეტრი კედლის სისქე 150 სმ. სამხრეთის მხრიდან, სამი მეტრის სიმაღლეზე კოშკს დატანებული აქვს ერთნახევარი მეტრი დიამეტრის შესასვლელი ხვრელი.
ქვის სახურავი ჩანგრეულია. იატაკში ჩამარხული ყოფილა ქვევრები, ალბათ წყლის მარაგისთვის. კოშკში ადამიანის თავის სიმაღლეზე გამოჭრილია სათოფურები, რაც ნიშნავს რომ ჯიხა მეთექვსმეტე საუკუნის შემდეგაა აშენებული.
ციხე-კოშკების მშენებლობა და იარაღის სახეობა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, მშვილდისრისა და სასროლო ქვების ეპოქაში ციხე ქონგურებიანია. გვიან ფეოდალურ ხანაში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღები თოფი, დამბაჩა გაჩნდა, მკვეთრად შეიცვალა ნაგებობათა არქიტექტურა.
ჩვენში ეს იარაღი მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოდან და მეთექვსმეტე საუკუნეში შემოდის . შესაბამისად ციხე-კოშკების კედლებშიც ჩნდება სათოფურები.
მესამე კოშკი (ქვედა ჯიხა)
მესამე ქვედა ჯიხა უფრო დიდია ზედაზე (10X10მ), სიმაღლეც ათი მეტრია . კედლის სისქე – ორი მეტრი . დასავლეთით ქარაფია. დანარჩენ მხარეებს ეტყობა გალავნის კვალი. შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონია. კარებთან კედელში ნახევარი მეტრის სიღრმეზე ოცი სანტიმეტრი დიამეტრის ორი ხვრელია, რომლებიც კარების ჩასარაზად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
ქვედა ჯიხის გალავანს შიგნით ეზოში ჩანს მარნის კვალი. შემორჩენილია სამი 1.5 მეტრი დიამეტრის ქვევრი.
მოყვანილია ციტატები გურამ მალანიას ნაშრომიდან. სრული სტატია
აშენების დრო დადგენილი არაა, არქიტექტორის გვარი უცნობია;
დასაცავი ზონა დაწესებული არაა; ციხე ნაშენია ქვით და კირ-ქვიშის დუღაბით. ციხე ორსართულიანი ყოფილა. ამჟამად შესამჩნევია II სართულის გამამაგრებელი ხის ნაწილების დამამაგრებელი ღრუები. აქვს რამოდენიმე სათოფური როგორც ქვედა ისე ზედა სართულზე. ძეგლი ზომით არის: სიგრძე _ 11 მეტრი, სიგანე _ 11,50 ს. მ. სიმაღლე _ 10-12 მ. კედლის სისქე _ 1,85. შესასვლელ კარი აქვს აღმოსავლეთით. ტექნიკური მდგომარეობის მხრივ: დასავლეთის კედელი მთელი სიმაღლით გახეთქილია. სამხრეთის და დას-ის კედლების ნაშენი ქვები _ გარეთა ნაწილი ჩამოცვენილია. სართული და სახურავი ჩანგრეულია. ციხიდან აღმოსავლეთით 2-4 მეტრის დაშორებით რამოდენიმე ქვევრთა ნიშნებია. ციხეს აკრავს ყორესთან გალავანი; ძეგლი დაკავებული არაა; სადაცვო-საიჯარო ხელშეკრულება არ არსებობს; ძეგლი გამოყენებაში არაა; დას-თის კედელი მთელი სიმაღლით გახეთქილია. სამხრეთის და დასავლეთი კედლების ნაშენი ქვები. გარეთა ნაწილი ჩამოცვენილია. სართული და სახურავი ჩანგრეულია.
ნიკოლოზ ჯომიდავას ინფორმაცია
ადგილობრივთა გადმოცემით, `ნაჯაგურ‘‘ გორაკზე – ლექვაცხეს უბანში იდგა ეკლესია. მასზე დამოცემები ვერ ჩავიწერეთ, თუმცა იქ ჩვენ ვნახეთ ერთი ადგილი, სადაც არის ძველი აგურის და საძირკვლის ნაშთები ზემოთ აღწერილ ორ კოშკს შორის მდებარე ტერიტორიაზე. აქ ძველად სასაფლაოებიც ყოფილა. (დავით ჭითანავა)
ისტორიკოს დავით ჭითანავას ცნობით, გარახაში იყო სორდიების სალოცავი.
ისტორიები და ლეგენდები ნაჯაგუსთან დაკავშირებით
მოხუცი გმირი
თათრების ერთ-ერთ რაზმს გარახას ციხის ძირამდე მიუღწევია. აქ პატაია ქოხში მოხუცი ყოფილა დარჩე-ნილი. მოხუცს დავალებული ჰქონია სოფელში მომხდარი ამბავი ეცნობებია მეციხოენეებისათვის. თათართა სარდალს მოუთხოვია მოხუცისათვის, ციხეში მიეტანა ამბავი: თუ არ დაგვნებდებით სოფელს გადავწვავთ, თქვენს ციხე კოშკსაც დავანგრევთ და თქვენც დაგხოცავთო. ვადას აძლევდა. ერთ დღეს, თანაც საშინლად იგინებოდა თურმე. მოხუცი გაბრაზებულა და თათრისთვის სიტყვა შეუბრუნებია,თათარს ხმალი დაურტყამს, მოხუცს ხანჯლით განუგმირავს. თითონაც თავი მოუკლავს“ (საუცა ვეკუა),
ჩხოროწყუს ტოპონიმიკის კატალოგიდან
ქაიხოსრო შელია
გარახის ციხე ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებლის და პირველი დირექტორის აწ გარდაცვლილი ტიტე შელიას გადმოცემით, მის წინაპარს თავად ქაიხოსრო შელიას ეკუთვნოდა.ქვედა ჯიხაზე ხის სასახლე ყოფილა დაშენებული. მამულის საზღვრები ახუთამდე აღწევდა. მასში შედიოდა დღევანდელი დაბა ჩხოროწყუს ტერიტორია დასავლეთით მდ. ხობისწყლამდე – ლეწურწუმამდე, აღმოსავლეთით – მოდანახემდე. თავადს მდინარე ოჩხომურს გამოღმა თხილნარი ჰქონია გაშეენებული. ადრე ამ ადგილს სულერი რქმევია.
ქაიხოსრო ფიზიკურად ძლიერი ყოფილა, კარგი მსმელი, ბიჭებიც მებრძოლი ჰყავდა. ერთ, აფხაზეთში ჩასიძებულ გვარად შელიას თავად შერვაშიძესთვის უთქვამს – ქაიხოსრო მოდის თავისი ბიჭებით და ცხენების მოტაცებას გიპირებსო. შერვაშიძეს უპასუხნია-თუ მოვა, უცხენოდ მოუწევს სახლში წასვლაო. ეს რომ ქაიხოსროს გაუგია მართლაც დასცემია შერვაშიძეს თავისი ბიჭებით და ცხენებიც გაუტაცნია და იარაღიც. შერვაშიძე თავისი ხალხით დასდევნებია , მაგრამ გზაში მდევრებისთვის ხალხს უთქვამთ :- მიდიან, მიჰყავთ ცხენები, მიაქვთ ნადავლი , მაგრამ უფრთხილდით კაცები კი არა დევები არიანო. ისინიც უკან დაბრუნებულან.
საინტერესოა, იმავე ქაიხოსროზე ნაჯაგუში მცხოვრები 90 წლის დათუშა ქვარცხავას ნაამბობიც. ერთხელ ქაიხოსროს თავისი ყმა, ახალგაზრდა გლეხი ოტია გაუფრთხილებია : ხვალ დილით სვანეთში ბატონთან უნდა გავაგზავნო და მოემზადეო. ოტია დილით ადრე ამდგარა, მაგრამ წინაღამით ნაქეიფარ ქაიხოსროს გაღვიძებას მორიდებია და მის უნახავად წასულა სვანეთში. თავადთან მისულა, მისალმებია, მაგრამ არ იცის რა უთხრას-რაო ოტია, რაზე გამოგგზავნა ქაიხოსრო ბატონმაო-უკითხავს თავადს. ოტიას უთქვამს : ალბათ თქვენ იცით ბატონოო! იმასაც დაახლოებით ოცდახუთკილოიანი ქვა მიუცია და მიუტანე შენს ბატონსო უთქვამსო. ოტიას მართლა წამოუღია ეს ქვა და ქაიხოსროსთვის მიუტანია. ამის გამო ამ დღიდან ოტიასთვის „გითოლენდია“ დაურქმევიათ და იმ ქვასაც „„გითოლენდიას ქვას “ ეძხდნენ თურმე .
გურამ მალანიას პუბლიკაციიდან
ლეგენდა ქაიხოსრო შელიას შესახებ, რომელიც მოცემულია ვლადიმერ ჟვანიას წიგნში
თურქული კვალი
გარახის ჯიხის შიდა ტერიტორიაზე უკანასკნელ დრომდე მიჰყავდათ შესაწირი ფრინველი და საქონელი, განსაკუთრებით-ბატკნები, რაც იქ ადრე სალოცავის არსებობას ხშირი ომიანობა ჰქმნიდა. უხუცესი მაცხოვრებლების გადმოცემით ( გიგლა კვირკველია, პლატონ ბებია) ჯიხას შიგნით სალოცავთან ერთად სასაფლაოც ყოფილა, სადაც ვიღაც მაღალჩინოსანი თურქი ყოფილა დასაფლავებული. თურქის საფლავზე ნახევარმთვარე დაუდგამთ.
ისტორიკოს ლადი მამფორიას გადმოცემით აქ ერთ დროს თურქთა გარნიზონი მდგარა. ხალხში ასეთი ლექსი ყოფილა გავრცელებული:
ომარ ფაშა, ქინდირ ფაშა,
ჩხვინდ ქოიგუ აგაფაშა
მუშენ ჭკომი ჩქიმი
ღეჯი მაშკა,
გვერდი ოიჭკომუდუდო,
გვერდი ქოიჩამუდუ შხვაშა“
ომარ ფაშა, ქინდირ ფაშა
ცხვირი გიგავს სახნისს
რატომ შეჭამე ჩემი ღორი მაშკა
ნახეხევარი გიჭამია და ნახევარი გიჭმევია სხვაზე“
მუზეუმის ფონდში დაცულია წმ. გიორგის სახელობის 188 წ. შედგენილი მეტრიკული წიგნი, რომლის მიხედვით ზუგდიდის მაზრის სოფელ ნაჯაგუში ცხოვრობდნენ გლეხები: ვეკუები, პაპასქირები, მამფორიები, ქებურიები, კვირკველიები, ფირცხელავები, არახამიები, კაჭარავები, სორდიები, ბებიები, ყიფიანები, კვირკველიები, ქეცურიები, ხეცურიანები, ჩამახიები, მიქავები და თოდუები, აზნაურები: ქვარცხავა, პაპასქირი, გობეჩია, კიკიანი,. თავადები: აფაქიძე, შელია, მღვდელი- კვირკველია, ჟორდანია; ასევე მუზეუმში დაცული 1894 -1898 წწების აღმასრულებელი ფურცელი გვამცნობს , რომ გოგი ქაიხოსროს ძე შელიას მიწის ნაკვეთი მიუყიდია სოფ. ნაჯაგუში არახამიასთვის.
დღეს მიწა ქვარცხავების განკარგულებაშია