მდინარე ხობწყარის სახელწოდების მოკლე ისტორიული ანალიზი და მისი შენაკადები

0
335

     

„ხობისწყალი//ხობი- დას, საქართველოს ერთ-ერთი დიდი მდინარე, ჩხოროწყუსა და ხობის რაიონების მთავარი საწყალოსნო არტერია. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2326 მ. სიმაღლეზე და ერთვის შავ ზღვას სოფ. ყულევში. სიგრძე 150 კმ. აუზის ფართობი 1340 კვ. კმ. (წყლის საშუალო ხარჯი – 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური – 333 კუბ.მ/წმ.).  მთის ვიწრობიდან გამოდის სოფ. მუხურში, ცაუვლის დ. ჩხოროწყუსა და ჩხოროწყუს რაიონის რამდენიმე სოფელს, ხოლო კირცხისა და ლესიჭინეს შემდეგ შედის ხობის რაიონში. ჩხოროწყუს რაიონში ხობისწყლის მნიშვნელოვანი შენაკადია ოჩხომური, ხოლო ხობის რაიონში- ზანაძგა და ჭანისწყალი. მდინარეს სახელი მიუღია ადგილის სახელ ხობისაგან. ადგ. ვარიანტი ხობწყარი, ხოპწყარი. ვახუშტი უწოდებს ხორგისწყალს(პროფ. პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებები IV. ჩხოროწყუს რაიონი, თბ. 2008წ.).“

ამონარიდი ქართლის ცხოვრებიდან, სადაც ვახუშტი ბაგრატიონი ხობწყარს//ხობისწყალს უწოდებს ხორგისწყალს: „ „ფოთის ჩდილოთ კერძ შესდის ზღუას ხორგის წყალი. მოიგო სახელი დაბის ხორგისაგან, ზღვის კიდესა ზედა შენისა, სადაცა არს სასახლე აფხაზთა კათალიკოზისა“ (ქც 4: 777,24, 778,1-3).“

XVII ს-ის შუა ხანებში, სამეგრელოში იმყოფებოდა დონ არქანჯელო ლამბერტი, რომელმაც ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ გამოსცა წიგნი, რომელიც იმ საუკუნის სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებას წარმოადფგენს.  დონ არქანჯელო ლამბერტის წიგნში „სამეგრელოს აღწერა“ მდინარე ხობწყარი//ხობისწყალი მოხსენიებულია, როგორ – მდ. „ხოფი“.  ერთ-ერთი ვერსიით „ხოფი“ იმიტომ ერქვა, რომ, როდესაც „ხობწყარიშ დუს“ ხეებს მოჭრიდნენ, მორებს ამ მდინარეს ჩამოატანდნენ და აქ, ბარში კი მორებს იჭერდნენ (მუკოხოფუაშ მეთოდით), ამ პროცესს ს „მჷკოხოფუა“ ეწოდება, და სწორედ ეს იყო ალბათ პირველმიზეზი  იმისა, რომ ამ მდინარისათვის დაერქმიათ „ხოფი“.  მეტად საინტერესოა ასევე გ. ელიავას, გ. ფარულავასა და გრ. შენგელიას ნაშრომი „ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგი (თბ. 1983 წ. გვ. 35)“ (ვციტირებ) „107. ხობწყარი (ხობწყალი) მდინარე. „ არის გადმოცემა, რომ უხსოვარ დროში, სამხრეთ საქართველოდან, ლაზეთიდან, ხოფიდან გადმოსახლდნენ ხოფელები და დასახლდნენ ამ მდინარის  პირას. ამიტომ დაერქვა მდინარეს ხობისწყალი. გ. ხუხუნი“ (ხოფწყარი//ხოპწყარი//ხობწყარი. ხაზგასმა ჩემია ი. ქებურია).

დღეს კი ხოფი (ყოფილი ათვარუხუ) სოფელია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მეტად საინტერესოა ასევე ის, რომ „ ხოფი“ ძველ ქართული სიტყვაა (რომელიც დღესაც იხმარება) და ნიშნავს „ ნავის ნიჩაბი (ZAB რედაქცია, სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონა“). საბას განმარტება ამართლებს იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ხის მორების ჩამოტანა ხდებოდა მდინარის მეშვეობით, მაგრამ იმ ვერსიაში „მუკოხოფაშ“ მეთოდზეა საუბარი, და თითქმის არაფერი საერთო არააქვს „ხის ნიჩაბთან“, მაგრამ ამ ვერსიაში სიმართლის მარცვლებიც არის, ყველა ვერსია გადაჭაჭულია ერთიმეორეზე.

ხობის მუნიციპალიტეტის ისტორიაში, გვაქვს შესაძლებლობა ამოვიკითხოთ შემდეგი: „ ტოპონიმი ხობი მე-20 საუკუნის წარმონაქმნია. მე-19 საუკუნეში კი შესაბმისად ცნობილ მონასტერს, მდინარესა და დასახლებას „ხოპი“ ერქვა, ხოლო შუა საუკუნეებში „ხოფი“ ეწოდებოდა.“

 

ალექსანდრე ნეიმანის „ქართულ სინონიმთა ლექსიკონში“ ხოპის სინონიმია ნიჩაბი.

ე. ი. თუ ლექსიკონებსა და წყაროებს დავეყრდნობით  ბგერათა გაკეთილხმოვანებით მივიღეთ შემდეგი: ხოფი-ხოპი-ხობი.

მაგრამ, უშუალოდ „ხოფი“ არ ერქვა მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელ ხობს, არამედ ის იყო სახელწოდება ამ მდინარის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებისა.

       თემისადმი გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე საჭიროა: მდინარის სახელწოდების ისტორიულ-ენათმეცნიერული ანალიზი და გამოკვლევა.

               მდ. ხობწყარი საზრდოობს მთებში თოვლით ნადნობი წყლით, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.

მდინარე ხოფწყარის//ხოპწყარის//ხობწყარის ძირითადი შენაკადებია:  მდ. გვალაშარა//გვალაში შარა (სიგრძე 15 კმ), მდ. ნოხუერი (სიგრძე 10 კმ),  მდ. ჭითა წყარი (სათავეს იღებს ჭითა გვალადან), მდ. ღუნჯი (ხობწყარის ერთ-ერთი დიდი შენაკადია (სიგრძე დაახლოებით 20 კმ) დიდღალი, შედარებით პატარა შენაკადია ხარჩახეშ ღალი, ასევე მდ. ხობწყარის მარჯვენა შენაკადებია, მაფელი და წკიპღალი, რომელთა სიგრძეც 8 კმ-ს არ აღემატება, ზანაძგა და სხვა მრავალი უსახელო ღელეები, პატარა მდინარე და რუ.

მდ. ხობწყარის დიდი შენაკადია ოჩხომური და წენწყარი (ჭანისწყალი).

იაგო ქებურია

კომენტარები